საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“ბოლო კვირებია ჩინეთში მასშტაბური პოლიტიკური წმენდა მიმდინარეობს. თავდაპირველად გაუჩინარდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ, 25 ივლისს, ოფიციალურად გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
ამას 2 აგვისტოს ჩინეთის სამხედრო სარაკეტო ძალების სარდლობის გადაყენება მოჰყვა, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო.
29 აგვისტოს შემდეგ აღარავის უნახავს ლი შანგფუ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვერსიით “ჯანმრთელობის მიზეზების” გამო ორ კვირაზე მეტია არსად გამოჩენილა. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ისიც წმენდაში მოხვდა.
ამ პროცესს ორი შესაძლო ახსნა აქვს: სი ძინპინი ან აღარ ენდობა საკუთარ გარემოცვას და უფრო ერთგული და დამყოლი წევრებით სურს სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის დაკომპლექტება, ან თავად სი ძინპინს აქვს სერიოზული პრობლემები შექმნილი რის გამოც ჯერ მისი გარემოცვის ჩამოშლა მიმდინარეობს. ამ უკანასკნელი ვერსიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წლის მარტში თავად სი ძინპინის მიერვე იყვნენ დაწინაურებული და მის მიერვე ინიცირებულ წმენდაში მოსაყოლად საკმაოდ მოკლე დროა გასულიო. თუმცა ამ ვერსიის მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ, რომ სი ძინპინის პოზიციები მყარია და მას განგებ ისეთი სისტემა აქვს შექმნილი, რომელშიც ყველას პოზიცია მყიფე უნდა იყოს და ეშინოდეს დაპატიმრებისო.
საბოლოო ჯამში, დასავლური სპეცსამსახურები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ჩინეთი ბოლო წლებია ძალიან გაუმჭვირვალე გახდა და შიდა პროცესების ანალიზი კიდევ უფრო გართულდა.”
კომენტარები