თრუსოს ხეობაში ოსური ჯგუფის შემოსვლაში “ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრობლემას ვერ ხედავს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო სკანდალის ატეხვა არასწორია.
ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საქართველოში შემოსვლა, რომელსაც შეუძლია, თუ მისი რომელიმე წინაპარი არის საქართელოში დაკრძალული, მისი საფლავი მოინახულოს. გინდათ, რომ შექმნათ არაფრისგან… აი, ადამიანი შემოვიდა ვიღაცა, რა მნიშვნელობა აქვს ოსია, ჩეჩენია, რუსია, უკრაინელია და თავის წინაპრის საფლავი მოინახულა…და ამაზე ახლა უნდა ავტეხოთ საერთაშორისო სკანდალი? კარგით, რა, – ამბობს ქადაგიშვილი.
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.
საქართველოს მოქალაქე, ტვ პირველთან ამბობს:
ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ეს არის ქართველი ხალხის ღალატი. განსაკუთრებით სამაჩაბლოდან, ცხინვალიდან გამოევნილი ადამიანების მიმართ. ყოველწლიურად ვიხვეწებით, რომ წელიწადში გამოიყოს ერთი დღე და ეს ადამიანები, ვისაც მიცვალებულები ჰყავს დარჩენილი იქით მხარეს, გაუშვან სასაფლაოზე, რომ მათ პატივი მიაგონ თავიანთი მიცვალებულების ხსოვნას, დაანთონ სანთელი და ა.შ., მაგრამ ამაოდ. ამაზე თავი არავინ შეიწუხა. ჩემი მამის საფლავი 15 წელია თვალით არ მინახავს, ფეხი არ დამიდგამს, რომელიც დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყოველ წელს, მიცვალებულის დღეს, აღდგომის მეორე დღეს მივდივარ საოკუპაციო ხაზთან, იმ მწვანე ღობესთან, იქ ვანთებ სანთელს, მიმაქვს ყვავილები, მიმაქვს პასკა, წითელი კვერცხები და მე პირადად ძალიან შეურახცყოფილი ვარ. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? ეს არის დისკრიმინაცია, რომელსაც ხელს უწყობს ქართველი ადამიანები, ქართველი ჩინოვნიკები და ქართული სამღვდელოება, რომელიც მოკალათებულა საპატრიარქოში.
კომენტარები