კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები; ასევე, კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა; – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი ამილახვარი კერძო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
კერძოდ, ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:
- რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;
- ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;
- კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;
- განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:
- კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
- მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
- სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.
რაც შეეხება ადმინისტრირებას – ამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:
- მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;
- ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
- საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:
- უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;
- კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
- სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
- ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
- კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
- კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;
- განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).
კომენტარები