დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობდნენ, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.
ბარკალაიას განმარტებით, ფიზიკური პირის მიერ გაცემული ცნობა დახმარების მისაღებად საკმარისი არაა.
„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი.
ცნობა აუცილებლად უნდა გაიცეს იურიდიული პირის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი და კომპანიის მიერ გაცემული საბუთი.
თუმცა თუ პირი მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი.
თუ პირი მუშაობდა რომელიმე კომპანიაში და კომპანიას არ ჰყავდა გაფორმებული, ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ კომპანიას არ დააჯარიმებს – რაც მინიმუმ სასაცილო განცხადებაა და მაქსიმუმ არასერიოზული.
როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის რას ნიშნავს თვითდასაქმებული – თუ პირი მუშაობდა იურიდიულ პირთან, ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება, ან ერიცხებოდა საბანკო ანგარიშზე ხელფასი – ეგ რანაირი თვითდასაქმებული გამოდის?
და თუ პირს აქვს ყველა საბუთი, აქვს ბანკის ამონაწერი, აქვს დავუშვათ ქირაობის საბუთი, პროდუქცია მიღებული აქვს საბუთით და ა. შ. – ეგ ისედაც იქნება ბაზაში და დამატებითი საბუთები საჭირო არ გახდებოდა.
ბევრი აფიორა გვახსოვს, მაგრამ სახელმწიფომ ჯერ დაპირება გასცეს და მერე იურიდიული საბუთი მოსთხოვოს თვითდასაქმებულს – 300 ლარის გამო – ასეთი ჯერ არ გვახსოვს.
ის რომ ხელისუფლება არ აპირებდა რეალურად ყველა თვითდასაქმებულს დახმარებოდა, დღეს დილითაც გამოჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ სულ 11 დღიანი ვადა მისცეს თვითდასაქმებულებს საბუთების წარსადგენად და ამ 11 დღიდან 5 დღე უქმეა.
რა თქმა უნდა, ახლა დასვამთ კითხვას – თუ ამდენი ადამიანი იყო თვითდასაქმებული, რატომ არ რიცხავდნენ ბიუჯეტში თანხას?
ეს კითხვა მთავრობასთან ჩვენც გვაქვს – ამდენი თვითდასაქმებული რომ გვყავს – რატომ არ შეუქმნა მათ სათანადო პირობები, რატომ არ გაათავისუფლა თვითდასაქმებულთა დამსაქმებლები რაღაც ტიპის გადასახადებისგან და ა. შ.
კომენტარები