შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, შოვზე საუბრისას, ამბობს, რომ ცრუ ბრალდებაა, თითქოს სამაშველო ოპერაცია შოვში დაიწყო 3 საათის დაგვიანებით, ამბობს, რომ ეს ბრალდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და ქრონოლოგიურად ცდილობს წარმოაჩინოს იმ დღის სურათი, რომლის მიხედვითაც, ვერტმფრენები ძებნის ოპერაციაში სწორედ 3 საათის დაგვიანებით ჩაერთო, ხოლო, ადგილზე, მისივე თქმით, მხოლოდ ონის სამაშველო სამსახურმა მოახერხა მისვლა და შემდეგ კი ხიდის არარსებობის გამო, ამბროლაურის სამაშველო სამსახურს შემოვლითი გზით მოუწიათ მისვლა. მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ 23 საათზე იყო ჩართული სრული ცოცხალი ძალა სტიქიის ზონაში. მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენი მაშველი მუშაობს ონის სამაშველო სამსახურში და კონკრეტულად, რამდენი მაშველი მივიდა ადგილზე, სტიქიის დაწყებიდან, დაახლოებით 40 წუთში (მისივე თქმით, ონიდან სამაშველო სამსახური გავიდა 15.12 საათზე და ჩავიდა ნახევარ საათში). ისევე, როგორც არ აკონკრეტებს, რამდენი მაშველი მივიდა ადგილზე ამბროლაურიდან, ერთი საათის შემდეგ.
მინისტრი არ მალავს იმასაც, რომ რთული მდგომარეობის გამო, ადგილზე მისულმა ონისა და ამბროლაურის მაშველებმა, მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციებში, ტყეში ჩარჩენილ ადამიანებთან მოახერხეს მისვლა, თუმცა, მაინც აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაციები მყისიერად დაიწყო.
მინისტრი ამბობს, რომ ადგილზე დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ხელმძღვანელი პირები, თუმცა, არ აკონკრეტებს, რაჭაში, კონკრეტულად, რა ტერიტორიამდე მივიდნენ, ან როგორ, როცა უკვე საფეხმავლო გზა აღარ არსებობდა და პირველი ვერტმფრენი მხოლოდ 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა.
იგი ამბობს, რომ თბილისიდან პირველი ვერტმფრენი გაფრინდა მხოლოდ 16.54 საათზე, თითქმის 2 საათის შემდეგ, ოღონდ არ ამბობს, რომელ საათზე გაფრინდა მეორე ვერტმფრენი თბილისიდან. ამბობს, რომ დასატვირთი იყო აღჭურვილობა 1,5 ტონის ოდენობით, და ეს აღჭურვილობა ჩაიტანა ვერტმფრენმა 3 საათის შემდეგ შოვში, თუმცა, ამბობს იმასაც, რომ ადგილზე მყოფ ონის და ამბროლაურის მაშველებს ყველა საჭირო აღჭურვილობა ჰქონდათ. უცნობია, თუ ყველა საჭირო აღჭურვილობა და ყველა საშუალება ჰქონდათ, რატომ ვერ მივიდნენ მაშველები უშუალოდ სტიქიის ზონამდე ვერტმფრენების ჩასვლამდე, მაგრამ მინისტრის გამოსვლა პარლამენტში გრძელდება და იქნებ, ეს კითხვა ვინმემ დაუსვას.
შს მინისტრი განმარტავს, რომ სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც დაღამებისას ფრენა შეწყვიტეს, 4 აგვისტოს დილიდან ჩაერთნენ ოპერაციაში, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა ბედი ეწია და რატომ ვერ დაეხმარა ქუთაისიდან სამაშველო ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მაშველებს, ვერც 4 აგვისტოს.
მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში ვერც მძიმე ტექნიკა შევიდა მყისიერად: “მძიმე ტექნიკას ახლა ერთ საათში ხომ ვერ ავუყვანდი იმხელა რაჭაში ხომ?!” – ამბობს ის.
შს მინისტრი აცხადებს, რომ მოწინავე ტექნიკა აქვს შსს–ს, როგორ ამერიკაში და ევროპაში, ისეთივე ტექნიკა გვაქვს, თუმცა, არ ამბობს, ეს მოწინავე ტექნიკა ზუსტად რომელ საათზე მიიტანეს შოვამდე და საერთოდ გამოიყენეს, თუ არა, თუმცა, როგორ აღნიშნა, “ახლა ერთ საათში იმხელა რაჭაში…”, მაგრამ მინისტრი არც იმას ამბობს, მაინც რამხელა ჰგონია რაჭა.
ვახტანგ გომელაური:
112–ში პირველი შეტყობინება 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა. ინფორმაცია 15.10 საათზე ჰქონდა უკვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო–სამაშველო ჯგუფი, 15.12 სათზე გავიდა. მიუხედავად რთული რელიეფისა, ნახევარ საათში, მივიდა ადგილზე. შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურის სამაშველო ჯგუფმა ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო ამბროლაურის სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით მისვლა და შემთხვევის ადგილზე 16.05 საათზე მივიდნენ. ადგილზე მისულმა პირველმა ჯგუფებმა, შემოვლითი გზებით, ტყის მასივებიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ ადამიანებამდე მისვლა.
პარალელურად, დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, დაიწყო ავიაციის მობილიზება. რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრა ჩემი მოადგილე, ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, მობილიზდნენ ვერტმფრენები, მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ ჩაერთო ქუთაისიდან ვერტმფრენი, თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში გაფრინდა თბილისიდან 16.54 საათზე, ის სტიქიის დაწყებიდან 3 საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ვერტმფრენების სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის ღონისძიებები, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რაც ამ კონკრეტულ შემთვევაში 1,5 ტონა ტვირთს შეადგენდა. გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობები. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და დაღამებამდე 5 შემოფრენა და 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამავე დღეს, 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში ჩართული იქნება 400 მეხანძრე–მაშველი, კინელოგთა ჯგუფი და პოლიციის 100 თანამშრომელი. სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა. 5 სითბური დრონი მუშაობდა, ვერტმფრენების შემოფრენის და დრონების მუშაობის შედეგად არ დაფიქსირდა მასაში მოყოლილი არც ერთი ადამიანი ზედაპირზე. პარალელურად, შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა.
კომენტარები