ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძეს პასუხობს.
როგორც ჯავახიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, კუპონიზაცია სწორედ რომან გოცირიძის სახელთან არის ასოცირებული და ახლა ცდილობს, სხვას გადააბრალოს, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.
ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორებულია.
“არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიმყოფებოდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ინფორმაციის გადამოწმება, ზოგს ფაქტები შეიძლება ახლაც ახსოვდეს. გადაამოწმონ ფაქტები, სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით.
არ ვჩანვარ საზოგადოებრივ ასპარეზზე და მაინც არ მეშვება! უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა. ახლა აღმოჩნდა, რომ კუპონი ჯავახიშვილმა გამოუშვა, ლარი – გოცირიძემ, ეს არის სიცრუე!
ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოებას ხანმოკლე მეხსიერება აქვს. თუკი ვინმეს აქვს ბუნდოვანი და საეჭვო წარსული, გოცირიძეა, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რესურსს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ესეც ფაქტია!
მძიმე დროება გამოვიარეთ, როცა არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა, რადგან არავინ იცოდა, რა ფასად გაეყიდათ პროდუქტი, ისე იცვლებოდა კუპონის კურსი. მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ, იმიტომ მომიყვანეს ეროვნული ბანკის სათავეში, სხვა ვერ უშველიდა ქვეყანას, რაც შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა. ჩემი პროფესიონალიზმის გამო აღმოვჩნდი სებ-ის სათავეში და არა ვინმეს რეკომენდაციით.
ტყუილია, რასაც გოცირიძე ამბობს! როდესაც ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე ვმუშაობდით, ის საერთოდ არ ჩანდა საქართველოში ასპარეზზე და არავინ ეკითხებოდა. ახლა საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
“ეროვნული ბანკის დაცემა, აღზევება და ისევ დაცემა” – რომან გოცირიძე
კომენტარები