თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. აღნიშნული სამუშაო დოკუმენტი BM.GE-სთვის გახდა ხელმისაწვდომი. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიაში გადავამოწმეთ, სადაც ამბობენ, რომ დიდი გამავლობის მანქანების რეგულირების დეტალები ხვალ, დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომაზე გაჟღერდება.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება, ანუ M2 და N1 მოძრაობა დასაშვები რჩება.
შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.
ამ კონკრეტულ საათებში მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში მოხდება. ეს ძირითადად ცენტრალური ტერიტორია და ის ადგილები იქნება, სადაც მობილობა მაღალია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ზონებში 53 კამერაა დამონტაჟებული.
ცვლილებებში გამონაკლისი შემთხვევებიცაა გათვალისწინებული, რომელიც ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ დიდი გამავლობის ავტომობილებს ეხება, ისიც განსაზღვრულ საათებში.
კონკრეტულად კი მოძრაობის შეზღუდვები არ შეეხება:
საზოგადოებრივ ტრანსპორტს;
ნავთობპროდუქტების გადაზიდვას 8 საათიდან 11 საათების შუალედში;
ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების/სტუდენტების გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს;
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს;
იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
მუნიციპალური/სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებს;
კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ საინკასაციო ტრანსპორტს;
არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტს (მაგალითად: ავარიის დროს ე.წ. ევაკუატორის გადაადგილება, ან წამლის თუ სხვა სამედიცინო ატრიბუტის შესაბამისი ტრანსპორტით გადაადგილება);
ტურისტული საქმიანობის განხორციელებისას ტრანსპორტს, თუ მათი მარშრუტი წინასწარ იქნება შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან;
ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებს 08:00-11:00 საათების შუალედში;
ე.წ. სადისტრიბუციო საქმიანობისათვის განკუთვნილ ტრანსპორტს 08:00-11:00 საათების შუალედში, 01.09.2024 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ტიპის სადისტრიბუციო მანქანებისთვის საღამოს 17 საათიდან 20 საათამდე პერიოდში შეზღუდვა მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
2024 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო განმეორებითი და ყოველი მომდევნო დარღვევა 3 000 ლარის ჯარიმით.
წყარო: bm.ge
კომენტარები