პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:
პრეზიდენტის იმპიჩმენტის სხდომა დასასრულისკენ მიდის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამორჩილების პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. რა თქმა უნდა, სამართლებრივად ისევ იმ აზრზე ვარ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია – ის მოქმედებდა კონსტიტუციით განსაზღვრული და მთავრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული საგარეო კურსის ფარგლებში (ნუ სხვა საკითხია, რომ ბოლო დროს ეს კურსი მთავრობამ პრაქტიკულად შეცვალა) და ამ საკითხზე მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა.
მხოლოდ 52-ე მუხლში ჩატეული კობახიძის „ლოგიკა“ სრულ აბსურდამდე მივიდა – პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები მხოლოდ ქაღალდზე დატოვა, პრაქტიკაში სრულიად უუფლებოდ გამოაცხადა საგარეო ურთიერთობებში, რაც არანაირად არ გამომდინარეობს კონსტიტუციის მუხლების ერთობლივი ანალიზიდან. (იურიდიულ დეტალებში აღარ შევალ, ბევრი დისკუსია იყო 49-ე და 52-ე მუხლების ურთიერთმიმართებაზე და მოკლედ რომ ვთქვა, სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს ყველაფერზე მთავრობის თანხმობა არ სჭირდება).არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ გახარიას პრემიერობისას კონსტიტუცია სათანადოდ – სახელმწიფოს და ინსტიტუტების ურთიერთპატივისცემის ინტერესიდან და პრეზიდენტის კონსტიტუციური როლიდან გამომდინარე განიმარტებოდა და დღეს იგივე კონსტიტუცია ოცნებამ ინსტიტუტის დამორჩილების ინსტრუმენტად აქცია.ისიც ფაქტია, რომ იმპიჩმენტის პროცესი ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიერ „კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის“ პროცესის დაწყებას მოაყოლა, რაც კიდევ უფრო სხვა მოტივაციაზე მიუთითებს.თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის მთავრობა, რომელმაც ჯერ ღიად გადაუხვია კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსიდან და შემდგომ არ შეასრულა კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება – „კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერ“ ვიზიტებზე უარი უთხრა პრეზიდენტს, ანუ არ მიიღო „ყველა ზომა“ ევროინტეგრაციისთვის.
სხვათაშორის, საკონსტიტუციო სასამართლოც კონსტიტუციური ორგანოა და 78-ე მუხლი მასაც ავალდებულებს მიიღოს „ყველა ზომა“ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ორჯერ ორი ოთხია, რომ ზემოაღნიშნული ლოგიკით პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
კომენტარები