გამოცემა კომერსანტის ინფორმაციიით, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28 სართულიან სასტუმროს აშენებს, რომელიც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17 313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის შენობა, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე წლების წინ 5.27 მლნ ლარად გაიყიდა.
ფართის მფლობელი შპს „სისტემ ნეტია“, კომპანიის წილები კი დეპუტატ ფრიდონ ინჯიას და მის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი დეპუტატის შვილი ილია ინჯიაა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს და საცხოვრებელი შენობის საერთო ფართი 70582.6 მ2 იქნება, რომელიც ასე ნაწილდება: საცხოვრებელი ფართი – 22 790.2 მ2; სასტუმროს ფართი – 15777.7 მ2; კომერციული ფართი – 1006.6 მ2; საოფისე ფართი – 467.5 მ2; საზაფხულო ფართი – 7617,1 მ2; ავტოსადგომის ფართობი – 10633.5 მ2 (335 საპარკინგე ერთეული).
მრავალფუნქციური შენობა 28 სართულს მოიცავს, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში გათვალისწინებულია: სასტუმრო; საცხოვრებელი და აღნიშნული სახეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ობიექტების განვითარება. მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტების და სპორტულ გამაჯანსაღებელი ფუნქციების ორგანიზება. ასევე გათვალისწინებულია საპროექტო არეალში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღება. არეალის სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობიდან და ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე (საპროექტო არეალი პრაქტიკულად გარსშემორტყმულია საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცით, რომელიც დაზუსტებულია სატყეო ქვეზონების სახით), მთელი ტერიტორიის ფარგლებში, იგეგმება სარეკრეაციო სივრცის საკმაოდ მსხვილი ერთეულების დაგეგმარება-შენარჩუნება. ნაკვეთის ცენტრალურ სივრცეში გათვალისწინებულია დღეს არსებული შიდა ეზოს პრინციპის შენარჩუნება. ასევე საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცეების საკმაოდ მსხვილი ერთეულები განთავსდება მიწის ნაკვეთის პერიმეტრით, რომლების ტერიტორიის განსხვავებული ნიშნულების გამო, სხვადასხვა გამოყენებისაა“.
ცნობისთვის, ფრიდონ ინჯია და მისი ცოლ-შვილიც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეებიც.
კომენტარები