თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, – ამის შესახებ კახა კალაძემ Facebook-ის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება. კახა კალაძის განმარტებით, მიკროავტობუსების შესაძენად ტენდერი იყო გამოცხადებული, რაც დროებით გადაიდო.
„იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა. დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ჩვენ ასევე ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები