ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ექიმი ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი პატარა საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ ?
ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ნაცნობი, უცნობი თუ ჟურნალისტი მისვამს, არის ის, თუ რა მაძლევს ძალას და შესაძლებლობას ამხელა განსაცდელს გავუმკლავდე. დეტალებით თავს არ და ვერ შეგაწყენთ, ტომები დასჭირდება ამის გადმოცემას. მოკლედ მოსახსენებლად შემდეგიც კმარა:
ოთხი წელი განსაცდელსა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი საყვარელი ადამიანის ყურებისგან მიღებული ყოველდღიური უმძიმესი ტრავმა, მისი სრულყოფილი მოვლისთვის წუთიერი მოდუნების შეუძლებლობა, ამის ჩამდენთა სიძულვილთან, არპატიებასა და უსამართლობის სულისმხუთავ გრძნობასთან გამკლავება; წელიწადნახევარი პალატაში ცხოვრება და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უკან მოტოვებულ-მიტოვებული ოჯახის წევრები, ახლობლები, საყვარელი სამსახურები, სამშობლო; შვილისა და შვილიშვილის უსაშველო მონატრება და მოხუცი მშობლების დაუძლეველი სევდა; სრულიად მარტო ყოფნა უმძიმეს ავადმყოფთან ერთად, კოვიდისტერიით სახეშეცვლილ, სიკვდილის მიმღებლობაგაადვილებულ შორეულ ჰოსპიტლებში, და კიდევ უფრო მტანჯველი – სრული გაურკვევლობა…
ამ ჯოჯოხეთურ სინამდვილეს, უცხოეთში ყოფნისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, ცოტნეს დედისა და ქცევითი აშლილობის მქონე მისი დაჯგუფების წარმოუდგენელი დევნა, შეურაცხყოფა, ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრებზე ბინძური ტყუილების ყველა გზით – სოციალური ქსელით, მეტროებსა და ქუჩებში მეგაფონებით – სკანდირება-გავრცელება სდევდა თან ლაიტმოტივად,
არაფერი რომ არ ვთქვათ ამ ქალბატონისა და მისი მესვეურების მიერ მე და გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ უამრავ სასამართლოებსა და სხვადასხვა ინსტიტუციებში შეტანილ საჩივრებზე; აგრეთვე, ცოტნეს რეაბილიტაციის ხელისშეშლაზე საკუთარ სახლში არშეშვებითა თუ მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო მნიშვნელოვანი პროექტების დაბლოკვის მუდმივი მცდელობებით…
ყოველივე ამასთან გამკლავებისთვის საჭირო ძალისა და ენერგიის წყარო არაერთია: სიყვარული, სიბრალული, უსამართლობა, წარმოუდგენელ ბოროტებასთან ბრძოლის სურვილი…
მაგრამ… გარდა ამ ყველაფრისა, დედამიწაზე მფარველი ანგელოზებიც არსებობენ თურმე, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს შენს გვერდით არიან და დაცემის საშუალებას არ გაძლევენ ?♥️ ჰოდა, ჩვენს ერთ ასეთ მფარველ ანგელოზზე გიამბობთ დღეს ♥️
თეა მამალაძე კანადელი კარდიოლოგია. სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში მოვხვდით და პირველი კურსის პირველი სექტემბრიდან ვმეგობრობთ. ჩვენს მეგობრობას თეას 30 წლიანმა კანადაში ცხოვრებამაც ვერაფერი დააკლო. სულ ერთად ვართ მაინც, სუულ (ცოტნეც კი, პირველს, თეას გავაცანი ჩემი მეგობრებიდან).
დღეს თამამად ვიტყვი: რომ არა თეა, შესაძლოა, ჩემთვის სულ სხვა მოცემულობა დამდგარიყო. მან შეუცვლელი მორალური და მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამიწია ჯერ იმ თვენახევრის განმავლობაში, როცა ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა, და, ამ უფლების სამართლებრივად მოსაპოვებლად თურქეთსა და საქართველოს შორის არაერთი ფრენა, სასამართლო და გარჯა მომიწია. არც შემდეგ, ჩემი პალატაში წელიწადნახევრიანი ცხოვრების მანძილზე მიუტოვებივარ არც ერთი დღით. თავად სამსახურითა და საკუთარი ოჯახით ძლიერ დაკავებული, ღამეებს ათენებდა ჩემთან ერთად, როდესაც ცოტნესთვის მორიგი კრიტიკული პერიოდი დგებოდა, მე კი სასოწარკვეთილი მარტო ვრჩებოდი იმ რეალობის პირისპირ, რასაც კოვიდპანდემიის პერიოდის მედპერსონალის ნაკლებობის, დაგვიანებისა და ზოგჯერ უყურადღებობის ჩვეულებრივ რუტინად ქცევა ჰქვია, მაშინაც კი, როცა პაციენტის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. ამიტომაა,
პალატაში ცხოვრების წელიწადნახევრიანი უმძიმესი პერიოდი არასოდეს მახსენდება ტელეფონის ეკრანზე თეას გამოსახულების გარეშე. ყოველთვის ჩემთან იყო ყველა თვალსაზრისით; მამშვიდებდა, მამხნევებდა, უმნიშვნელოვანეს რჩევებს მაძლევდა და, უბრალოდ, მარტო არ მტოვებდა, რითაც ძალას მმატებდა მძიმე ბრძოლის გასაგრძელებლად, ისე, რომ რიგიანი მადლობის თქმის საშუალებაც კი არასოდეს მოუცია ჩემთვის. ამიტომ აქ და სახალხოდ მინდა მადლიერება გამოვუხატო იმ ყველაფრისთვის, რომლის საპირწონედ რაიმეს ჩადენის მოფიქრება, ალბათ, შეუძლებელია.
მიყვარხარ, თეა, მართლა არაამქვეყნიური ადამიანი მგონიხარ ხანდახან და თუ სადმე მფარველი ანგელოზი არსებობს დედამიწაზე, ის აუცილებლად შენ გგავს♥️♥️♥️
არამარტო შინაარსით რომ ჰგავს ანგელოზს, სწორედ ამის დასტურად ვდებ ამ ფოტოს აქ ?
აქვე აღვნიშნავ, რომ ცოტნეს ძმები შეუცვლელები არიან ჩვენთვის, მაგრამ თეაც ის ერთ-ერთი პატარა საიდუმლოა, რომლმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ფეხზე მყარად დგომასა და ერთდროულად ამდენი განსაცდელის გადატანაში.
პ.ს. კიდევ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: სანამ ცოტნეს პირადად გავაცნობდი, თეას მასთან სოციალური ქსელით ჰქონდა ნაცნობობა – იგი ყოველთვის მონაწილეობდა ცოტნეს მიერ გაჭირვებულთა დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში და ფულს რიცხავდა ერთადერთი პირობით: ცოტნეს თეას სახელი არასოდეს არ უნდა გამოექვეყნებინა. თუმცა, ერთხელ, ცოტნემ მაინც ,,გამოაჭენა” თეას ,,ნამოქმედარი”, რის გამოც მისი საყვედურის მოწმეც კი გავხდი მათი პირველი შეხვედრისას ?
ასე ჩუმად უყვარს სიკეთის კეთება ჩვენს თეას და არ ვიცი, როგორ მაპატიებს ამ პოსტს, რომელშიც ერთი გადაჭარბებული სიტყვაც კი არ მითქვამს მის შესახებ, პირიქით, ბევრი დავაკელი.
…სხვა მფარველი ანგელოზის შესახებ სხვა დროს… ?♥️
ფოტო ჩვენს და ჩვენი ოჯახის უძვირფასეს მეგობარს, უნიჭიერეს ხელოვანს, Badri Vadachkoria – ს ეკუთვნის ♥️”
კომენტარები