ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, რა მიზეზებით გადაიწია ისრაელის არმიის სახმელეთო შეტევამ პალესტინაზე, თუ საერთოდ არ გაუქმდა?
– სამი ფაქტორია ძირითადად, რის გამოც ისრაელის არმიის სახმელეთო შეტევა შეყოვნდა. პირველი, ეს არის „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები, რომელთა ზუსტი რიცხვი არავინ იცის და 130–დან 150 ადამიანამდე მერყეობს და ბევრი ბავშვია. მათ შორის არიან ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეები, ეს რაც დაზუსტებულია და შესაძლოა, კიდევ არიან ისრაელის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ამდენი მძევალი „ჰამასს“ არასდროს აუყვანია. მათი გადაადგილება პალესტინის ტერიტორიაზე ხდება მუდმივად, მძევლებს ერთ ადგილას არ აჩერებენ. ისრაელის სპეცსამსახურებს დრო სჭირდებათ, რათა დაადგინონ მათი ზუსტი ადგილსამყოფელი და მოახდინონ მათი გათავისუფლებისა და სახმელეთო ოპერაციის დაწყების თანხვედრა. მეორე მომენტი ის არის, რომ ისრაელის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ „ჰამასს“ აქვს ცდუნება, ისრაელის არმიის –„ცახალის“ შენაერთები შეიტყუოს პალესტინაში და ჩაითრიოს ქუჩის ბრძოლებში, ამ საფრთხეს სიფრთხილით ეკიდება „ცახალის“ ხელმძღვანელობა და ეს სრულიად ბუნებრივია. ასეთ ოპერაციას სჭირდება სერიოზული დაგეგმვა. მესამე მიზეზი ის არის, რომ „ცახალის“ ხელმძღვანელები ერიდებიან პალესტინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დიდ მსხვერპლს, რაც აუცილებლად მოჰყვება სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. როგორც ჩანს, დროს იმიტომ სწელავენ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატოვოს პალესტინა და ამავდროულად, ცდილობენ დადგინონ ზუსტი ადგილსამყოფელი „ჰამასის“ ლიდერებისა, მათი მიწისქვეშა თავშესაფრებისა და იმ ხალხისა, ვინც მათ ეხმარებოდა. დღეს მორალური უპირატესობა ისრაელის მხარეს არის, ის, მისი მოქალაქეები, სხვა ქვეყნების მოქალაქე ებრაელები არიან მსხვერპლნი, ისრაელს დაესხნენ და საშინელება დაატეხეს თავს ტერორისტებმა. ამის გამოა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვერდში უდგას ისრაელს. პალესტინაში თუ დიდი მსხვერპლი იქნება ურბანული ბრძოლებისას, რაც გარდუვლია, იქ დაიღუპება მშვიდობიანი მოსახლეობაც, ბავშვები დაიღუპებიან, პალესტინის მოსახლეობის ნახევრზე მეტი არასრულწლოვანია და იმ მორალურ უპირატესობას დაკარგავს ისრაელი, დაკარგავს ამ დიდ მხარდამჭერებსაც. ვფიქრობ, ეს სამი ფაქტორია, რის გამოც ყოვნდება ისრაელის სახმელეთო ოპერაცია.
– ევროპის ქვეყნებში უამრავი მუსლიმია და მათ შორის, ტერორისტული ორგანიზაციების წევრებიც. ეს ევროპაში განხორციელებულმა არაერთმა ტერაქტმა დაადასტურა. ეს საფრთხე დღესაც არსებობს. საფრანგეთმა ტერორიზმისთვის მზადყოფნის უმაღლესი საგანგებო დონე გამოცხადა ქვეყანაში. რამდენად შესაძლებელია, ევროპა ტერაქტებმა მოიცვას?
– ევროპაში ტერორიზმის საფრთხე იყო და დღესაც არის, ამ დღეებში, საფრანგეთში, ლუვრთან მოხდა კიდეც ტერორისტული აქტი. თუმცა, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ „ჰამასთან“ ან ისლმურ ჯიჰადთან კოორდინირებულად ევროპაში დაიწყოს ტერორისტული აქტები.
– ევროპის ზედმეტმა ლიბერალურმა და რბილმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ხომ არ განაპირობა ტერირიზმის ის საფრთხეები, რაც დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია? კარი გაუღეს და მიიღეს ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ევროპას მოსისხლე მტრად მიიჩნევენ.
– შეიძლება ითქვას, უმჯობესი იქნებოდა, ნაკლებად რბილი საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონოდა ევროპას იმ ქვეყნების მიმართ, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ტერორისტების ბუდეებია. ეს რბილი საიმიგრაციო პოლიტიკა ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ბუმერანგის პრინციპით უკვე დაუბრუნდა, ბევრს კიდევ მომავალში შეიძლება დაუბრუნეს. თუმცა, სადღეისოდ ტერორიზმის დიდ საშიშროებას ევროპის ქვეყნებში ვერ ვხედავ. რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები ეფექტურად მუშაობენ და ანხორციელებენ კონტრტერორისტულ პრევენციულ ღონისძიებებს.
– ომის პირველი დღეებისგან განსხვავებით, დაიძაბა ვითარება – „ჰეზბოლამ“ სირიიდან რამდენჯერმე დაბომბა ისრაელის ტერიტორია, ირანი იმუქრება. დავუშვათ და ამ ომში ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლაც“ ჩაერთო, ირანიც და ერაყიც. რა შანსი ექნება ისრაელს ამ ომში გამარჯვებისა?
– „ჰეზბოლა“ არასახელმწიფო სამხედრო აქტორია, ამ ტიპის სამხედრო დაჯგუფებებია ერაყშიც და „ცახალს“ მათთან გამკლავება არ გაუჭირდება. „ჰეზბოლა“ შეტევაზე ვერ გადავა და ისრაელის ტერიტორიაზე ვერ შეიჭრება იმის გამო, რომ „ჰამასის“ შეტევისგან განსხვავებით, მოულოდნელობის ეფექტი დაკარგულია, „ცახალმა“ სირიასთან საზღვარი გაამაგრა, აღარ დაუშვებს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე მოხდეს ისეთი თავხედური შეჭრა, რაც „ჰამასმა“ გააკეთა. ირანმა და ერაყმა, როგორც სახელმწიფოებმა, არა მგონია შეტევები განახორციელონ ისრაელზე. თუ მაინც ისე მოხდა, როგორც თქვენ ბრძანებთ, მაშინ ამერიკა ჩაერთვება საქმეში, ორი ამერიკული ავიამზიდი უკვე ისრაელ-ლიბანის სახმელეთო საზღვრთან ახლოს, მათი ტერიტორიული წყლების სიახლოვეს დრეიფობს, მათ შორის არის ატომური ავიამზიდი, რომელთაც შეუძლიათ ზღვიდან მიაყენონ დარტყმა სირიასაც და ირანსაც. ეს ავიამზიდები გამოსაფენად და სხვის დასანახად რომ არ გაგზავნეს ამერიკლებმა, ეს ცხადია. გარდა მაგისა, იქ არის საზღვაო–ქვეითა კორპუსი, რომელთაც კრიტიკულ მომენტში შეუძლიათ მოახდინონ დესანტირება და ამით ისრაელის არმია გააძლიერონ. მოკლედ, თუ ირანი ამ ომში ჩაერთო, ისრაელი თუ ვერ გასწვდება მას, ამერიკა გასცემს საკადრის პასუხს. ამერიკა ისრაელს არ მიატოვებს, ეს განაცხადეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ებტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ისტინმა. ბლინკენი და ოსტინი ისრაელშიც ჩავიდნენ. ამით ყველაფერია ნათქვამი.
– ამერიკა ევროპაში არსებულ საკუთარ ბაზებს ხომ არ გამოიყენებს საჭირო შემთხვევაში? თუნდაც იქ მყოფ ავიაციას?
– არა მგონია, ამერიკას ეს დასჭირდეს. იმ ავიამზიდებზე საკმარისი ავიაგამანადგურებლები და სხვა და სხვა ტიპის რაკეტებია, რომლებიც ირანსაც მისწვდება და სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ისრაელზე თავდასხვას გადაწყვეტენ. ეს ავიამზიდები, ვფიქრობ, გახდება ირანის შესაძლო აგრესიის შემაკავებელი ფაქტორები. მე მგონია, ისრაელი დარჩება „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გააიოლებს „ცახალის“ წინაშე არსებული გეო–სტრატეგიული ამოცანების მიღწევას.
– ისრაელს ნამდვილად აქვს თუ არა ატუმური იარაღი? ამ დღეებში ძალიან პოპულარული გახდა ფრთიანი გამონათქვამი: „ჩვენ არ გვაქვს ატომური იარაღი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მას გამოვიყენებთ“. ამ სიტყვებს ისრაელის ყოფილ პრემიერ–მინისტრს, გოლდა მეირს მიაწერენ.
– კი, ისრაელს აქვს ბირთვული იარაღის კომპონენტები და გააჩნია ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ამის გამოყენებისგან ისრაელი თავს შეიკავებს, უკეთ არ დასჭირდება. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკამ საუთარ თავზე აიღო ისრაელისთვის უსაფრთხოების ბირთვული ქოლგის შექმნა, მისი დაცვა ბირთვული საფრთხისგან. ეს ვალდებულება ამერიკა–ისრაელის სამხედრო–სტრატეგიული შეთანხმების შედეგად აიღო ამერიკამ.
– ისრაელის პარტნიორი ქვეყანა დიდი ბრიტანეთიც არის, მაგრამ ისე არ აქტიურობს, მხოლოდ სიტყვით უცხადებს სოლიდარობას ისრაელს, სამხედრო დახმარებას არ უწევს. თან, დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, მსოფლიოში გავლენიანი სახელმწიფოსი. რატომ არ ეხმარება ისრაელს ისე, როგორც ბევრი მოელოდა?
– დიდი ბრიტანეთი გავლენიანი ქვეყანაა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ინტერესები არ გააჩნია, თან არც ისრაელის სამხედრო მოკავშირეა. დიდი ბრიტანეთი უფრო ჩინეთის შეკავების საკითხით არის დაინტერესებული და ამ მიზნით სამხედრო ბლოკი, „აკუკუსიც“ შეიქმნა სადაც თავად, ამერიკა და ავსტრალია არიან გაერთიანებულნი. ბრიტანეთს ახლა საკუთარი შიდა პრობლემებიც აქვს, ესეც გასათვლისწინებელი ფაქტორია. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ ბრიტანეთი რეზერვშია და თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალითაც დადგება ისრაელის მხარეს. თუმცა, არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე.
კომენტარები