ზურაბ ბატიაშვილი,რონდელის ფონდის მკვლევარი, ანალიტიკოსი:
,,რას წარმოადგენს „ჰამასი“ და რა მიზნები აქვს მას?
,,ჰამასი“ (სრული დასახელება „ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ“, რაც „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას“ ნიშნავს) პალესტინური სუნიტური სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ისრაელი, აშშ, კანადა და ევროპის ქვეყნები.
„ჰამასის“ ორგანიზაცია ღაზას სექტორს მართავს. იგი ასევე წარმოდგენილია მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროზეც, თუმცა პალესტინის ამ ტერიტორიას შედარებით ზომიერი „ფათჰის“ ორგანიზაცია მართავს.
„ჰამასი“ ებრძვის ისრაელს და უარყოფს ამ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნის პრინციპს. მისი მიზანი ისრაელის სრული განადგურებაა. „ჰამასს“ სურს შარიათზე დაფუძნებული ისლამური სახელმწიფოს აგება, რომელმაც, მისი გეგმით, დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორია უნდა მოიცვას.
„ჰამასის“ ორგანიზაცია შეიქმნა 1987 წელს, როდესაც ფორმალურად გამოეყო პანარაბულ „მუსლიმთა საძმოს“ (თუმცა დღემდე ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ამ ორგანიზაციასთან).
საინტერესო ფაქტია, რომ „ჰამასმა“ 2006 წელს პალესტინაში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა და იგი დღემდე პოპულარულია პალესტინელთა შორის. 2007 წელს მან ღაზის სექტორში ჩაიგდო ძალაუფლება. „ჰამასის“ მთავარმა კონკურენტმა „ფათჰმა“ კი მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მართვა განაგრძო (ამ ორ ორგანიზაციას შორის არაერთხელ ყოფილა შეიარაღებული ბრძოლებიც).
,,ჰამასს“ ჰყავს საკუთარი სამხედრო ფრთა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა და რომელსაც „იზ ად-დინ ალ-ყასამის“ ბრიგადები ეწოდება. მასში დაახლოებით 40 000 კაცია გაერთიანებული და არაერთი ტერაქტი აქვს მოწყობილი, ძირითადად, ისრაელის ტერიტორიაზე.
ისრაელის სპეცსამსახურებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული „ჰამასის“ (და განსაკუთრებით კი, მისი სამხედრო ფრთის) ლიდერებზე. მათ „ჰამასის“ არაერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს ბოლო 30 წლის განმავლობაში (თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამას არ შეუმცირებია ორგანიზაციის ბრძოლისუნარიანობა). ამის გამო „ჰამასის“ მთავარი ლიდერები წლებია კატარს (რომელიც „მუსლიმთა საძმოს“ ერთ-ერთი მთავარი მფარველია) აფარებენ თავს.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ „ჰამასს“ ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ახლო ურთიერთობის გამოძახილია ისიც, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს „ჰამასი“ მიესალმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელმა მიზნად დაისახა „ჰამასის“ ორგანიზაციის სრული ფიზიკური განადგურება.
კომენტარები