ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ომის დროს ისრაელში ჩავიდა.
„ეს ადასტურებს ისრაელისადმი თქვენი პირადი ერთგულების სიღრმეს. ეს ადასტურებს ებრაელი ხალხისადმი და ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსადმი თქვენი პერსონალური ერთგულების სიღრმეს.
ბატონო პრეზიდენტო, რაც მთავარია, მსოფლიო ხედავს ამ მხარდაჭერას და მორალურ სიცხადეს, რომელიც თქვენ გამოავლინეთ ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან.
„ჰამასმა“ მოკლა ბავშვები მშობლების თვალწინ და მშობლები მათი შვილების თვალწინ. მათ ადამიანები ცოცხლად დაწვეს, გააუპატიურეს და მოკლეს ქალები, თავები მოკვეთეს სამხედროებს. ისინი ეძებდნენ სამალავებს, სადაც მშობლებმა თავიანთი შვილები დამალეს. ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, ამ ბავშვების შიში და პანიკა, როდესაც ამ მონსტრებმა ისინი იპოვეს. „ჰამასმა“ გაიტაცა ქალები და ბავშვები, მოხუცები, ჰოლოკოსტს გადარჩენილები. ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენს აღშფოთებას იზიარებთ. ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავაბრუნოთ ეს ადამიანები უკან“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა 11 სექტემბერს შეადარა. მისი თქმით, ისრაელისთვის, რომლის მოსახლეობა ათ მილიონზე ნაკლებია, ერთ დღეში 1 400 მოქალაქის მკვლელობა 50 ათასი ამერიკელის მკვლელობის ეკვივალენტურია.
„ცივილიზებული მსოფლიო როგორც გაერთიანდა ნაცისტების დასამარცხებლად, ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ დასამარცხებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კომენტარები