აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” [SJC] ავრცელებს.
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე კი, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, მისი მდგომარეობა ახლა დამძიმებულია. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას. აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ de facto ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, ის აღიარებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის პროტესტის ნიშნად სიმბოლურად დაწვა. ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც თითქოსდა ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც „პოლიციის“ განცხადებით ბებუა ბალიშის ქვეშ ინახავდა. ამ ფაქტის გამო, დე-ფაქტო პროკურატურამ ბებუას სასჯელი დაუმძიმა, ხოლო 7 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.
აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. ცნობილია, რომ აფხაზეთში „ომში გამარჯვების“ 30 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადეს ამნისტია მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა ოჯახის წევრებისინფორმაციით, ირაკლის ამინისტია იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არ შეეხებოდა, რადგან დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
ირაკლი ბებუას ოჯახს სისტემატიური კონტაქტი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მისი საკითხი განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, არაერთი დაპირების მიუხედავად, ირაკლის განთავისუფლებაზე ხელისუფლება დე-ფაქტო ორგანოებთან შეთანხმებას ვერ აღწევს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
- გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით;
- გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;
- ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება.
კომენტარები