ტვ პირველის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხანა მცხეთის რაიონში მდებარეობს. ეს ქონება ანზორ ჩუბინიძის შვილის, 25 წლის მარიამ ჩუბინიძის სახელზეა გაფორმებული. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილი 2 კომპანიას ფლობს, ერთი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი “ზაქარო დისტილერია” და მეორე “ზაქაროს ვენახები”, რომელიც ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა 2023 წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა.
ვინ არის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის რეალური მფლობელი, ბიზნეს იმპერია ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილმა ააშენა თუ, გავლენიანმა მაღალჩინოსანმა ქონება და ბიზნესი ქალიშვილის სახელზე გადამალა? – ჩუბინიძის დედა “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ სპეცსამსახურის პირველი პირი საწარმოს მართვაშია ჩართული და საგურამოში ჩასული ქარხანაში უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე მშობლების სახლში.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანამხმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ აქვს. კანონში პირდაპირ წერია, რომ ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ბიზნესის მართვაში და თუკი ამ კანონს დაარღვევს მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, თუმცა, თუ ამ უწყების ოფიციალური ვებგვერდით ვიხელმძღვანელებთ, რაჟდენ კუპრაშვილს ამ დრომდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირის სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ წარმოებაც კი არ დაუწყია.
ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გაფორმებული სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუბინიძეები ყიდულობენ მიწებს და აშენებენ ვენახს. მხოლოდ 2023 წელს ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილის სახელზე 10-მდე მიწის ნაკვეთი გადაფორმდა, რომლის საერთო ფართი 12 ათასი კვადრატულ მეტრზე მეტია.
ანზორ ჩუბინიძე “მელაძის შაბათთან” ამტკიცებს, რომ ქარხნის მშენებლობა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების შეძენა, საწარმოო ხაზის დამონტაჟება, შეძენა და ქარხნის ახალი მშენებლობის დაწყებაც, მხოლოდ ხელფასით მოახერხეს.
ანზორ ჩუბინიძის ხელფასი 6500 ლარია. ამას თუ საშემოსავლო გადასახადს გამოვაკლებთ, მის ანგარიშზე ყოველთვიურად 5530 ლარი ირიცხება. როგორ ახერხებს ჩუბინიძე ამ თანხებით ქარხნების აშენებას, ოჯახის რჩენას, ვენახების ყიდვას?
რა შემოსავლები აქვს ანზორ ჩუბინიძის შვილს? – მარიამ ჩუბინიძ მედიის კითხვებს არ პასუხობს.
ირკვევა ისიც, რომ ბიზნეს იმპერიის აშენებაში ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილს საქართველოს მთავრობა დაეხმარა. ოფიციალური დოკუმენტებს მიხედვით, საწარმოს მოსაწყობად ფული სოფლის განვითარების სააგენტომ მისცა. მარიამ ჩუბინიძის კომპანიის სახელზე ნახევარი მილიონი ლარი ჩაირიცხა.
სოფელ ზაქაროში ნაყიდი მიწები და აშენებული ქარხანა ერთადერთი ქონება არ არის, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ქალიშვილის სახელზე გადაფორმდა. 2023 წელს 25 წლის მარიამ ჩუბინიძის საკუთრებაში, თბილისში, გოგიშვილის პირველ შესახვევში 720 კვადრატული მეტრი მიწა და მშენებარე სახლიც აღმოჩნდა. ანზორ ჩუბინიძის შვილმა ქონება მამის საცხოვრებელი სახლის გვერდით იყიდა. ეს ქონება იპოთეკური სესხით არის შეძენილი.
არყისა და სპირტის სახდელი საწარმო ანზორ ჩუბინიძის ერთადერთი ბიზნესი არ არის. ყვარელში გაშენებული ვენახები და ღვინის საწარმო ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსან ყოფილ პირად მცველს ეკუთვნის. ბიზნესი, სადაც დიდი ფული ბრუნავს, ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსანმა მარჯვენა ხელმა 2018 წელს დაიწყო. ქონება ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობაზე ყოფნის დროს მოაგროვა.
კომენტარები