რომეო გაბედავა სამეგრელოში, სენაკში ცხოვრობს. 39 წლისაა და 7 შვილის მამაა. თვლის, რომ ეს მისი მთავარი რეგალიეა. ომის ვეტერანია და იმ დროს, როცა ჯარისკაცი იყო და ქვეყნის სადარაჯოზე იდგა, სიამაყით იხსენებს, მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი სიამაყე, შვილებია. ამბობს, რომ ზუსტად იმდენი შვილი ჰყავს, რამდენიც ღმერთმა აჩუქა და თუ კიდევ აჩუქებს, მადლობას ეტყვის და გაზრდის.
–წალენჯიხაში დავიბადე, თუმცა, ზუგდიდში გავიზარდე. ჩემ მშობლებს ყოველთვის უჭირდათ. ისეთი პერიოდიც მახსოვს, როცა რამდენიმე დღე, ნორმალურად არ მიჭამია. არასოდეს მღირსებია საკუთარი ჭერი, ყოველთვის ქირით ვცხოვრობდით. მამა ურიკაზე მუშაობდა ხოლმე, დედა ღვეზლებს აცხობდა და ყიდდა. არასოდეს გამიფიქრებია საყვედური, რომ რამე მაკლდა, მათ მე მაჩუქეს სიცოცხლე, სხვა დანარჩენი ჩემ ხელში იყო, თუმცა, ცუდი პერიოდიც დაემთხვა ჩემ ბავშვობას, მხედრიონის პერიოდი და მხოლოდ 8 კლასის დამთავრება მოვახერხე. ჩემ მშობლებს საკმაოდ შეძლებული ოჯახის წევრები ჰყავთ, იმდენად შეძლებული, რამდენიმე ადამიანი თუ ცხოვრობს ეგრე კარგად საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ დამანახა, რომ ღატაკი ნათესავი არავის სჭირდება. როცა დედის ნათესავის ქორწილი იყო, და ვიცოდი, დედას როგორ უნდოდა წასვლა, ვისესხე, გავყიდე, ყველაფერი გავაკეთე, საჩუქრის ფულიც ვიშოვე, გზის ფულიც და მაინც წავიყვანე და მესმის ნათესავების სიტყვები, ისესხებდა ახლა გზის ფულსაც და საჩუქრის ფულსაც და ნეტა გვეთქვა, საერთოდ არ წამოსულიყოო. ის კი არა, წინასწარ დაგვერეკა, ნეტავი, რომ დავხმარებოდითო, საერთოდ არ წამოსულიყოო. ყველაფერი გაკვეთილია ცხოვრებაში და მე ამ გაკვეთილისგან ის ვისწავლე, რომ თუ მე მაქვს, ჩემ დასაც უნდა ქონდეს და თუ ჩემ დას არ აქვს, ესე იგი, მეც არ მაქვს. ღატაკი ადამიანი მხოლოდ მაშინ ფასდება, როცა კვდება, მაშინ კივილით და შარვალ–კოსტუმებში გამოწყობილნი მიდიან სატირალში. რაღად უნდა მიცვალებულს ან გამოწყობილი მისვლა, ან კივილი? სანამ ცოცხალია და ითხოვს დახმარებას, მანამდე უნდა შევყაროთ ქვეყანა.
–ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება?
–სიყვარული. სტუმრად ვიყავი ახლობელთან ქუთაისში და ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი, ეგრევე მივხვდი, რომ ის ქალია, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა, იმანაც რაღაცანაირად, სხვა თვალზე შემომხედა, ეტყობა, არა, უშნო კი არა ვარ (იცინის), მაგრამ, ხომ ხვდებით, არაფერი გამაჩნდა, ისეთი დამინახა, როგორიც ვარ და ისეთს გამიგო, როგორიც ვარ. დაახლოებით 5 თვე ვსაუბრობდით,
ეს 5 თვე სულ იმას ვფიქრობდი, რა მექნა, სად წამეყვანა, იმ ტექნიკუმის შენობაში, სადაც შეფარებულნი ვიყავით? მაინც გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება და დღემდე ასე ერთად მოვდივართ. ძალიან გამიმართლა, ჩემი ანგელოზია. არასოდეს მსაყვედურობს, პირიქით, სულ მეუბნება, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია შენ იყო კარგადო. ვიცი, ბევრ რამე უნდა, განა ამბობს, მაგრამ ხომ ვხედავ სხვები როგორ ცხოვრობენ, არ ველოდები გამდიდრებას, რომ მერე ერთად გავუკეთო, რაც მინდა, ახლა, ყოველ დღე ვცდილობ გავაღიმო, ყოველ დღე ვცდილობ, მცირედით გავახარო. ამას წინათ, ავაგროვე 50 ლარი, მინდოდა სადმე დამეპატიჟებია. ერთი რესტორანია, ვიცნობ იქ ადამიანებს, მივედი და ვთხოვე, პატარა სუფრა თუ შეეძლოთ 50 ლარად, ერთი ხაჭაპური, ერთი პორცია მწვადი, ყავა და რამე ტკბილეული და გაეცინათ, 50 ლარად ყავას და ტკბილეულს გაწვდები მარტოო, მაგრამ შენ მოიყვანე და ჩვენ ვიცითო. წავიყვანეთ ბავშვები სკოლასა და ბაღში და წავედით ამ რესტორანში, ფული არ გამომართვეს, ისე გვასადილეს. კარგი დღე იყო, ბედნიერი ვიყავი მაგ დღეს ძალიან.
–ყველაზე ბედნიერი წუთები?
–მეშვიდე შვილზე რომ იყო ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ, უცებ დაეწყო სამშობიარო ტკივილები, უამინდობა იყო და სასწრაფო დახმარების მანქანას აგვიანდებოდა, დაკავებული იყო ყველა, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებია. სხვა ქალაქიდან გამოუშვეს მერე სასწრაფო დახმარების მანქანა. არსებობდა იმის საფრთხე რომ სახლში დაწყებოდა მშობიარობა, ან სასწრაფო დახმარების მანქანაში. სამშობიაროში შეიყვანეს თუ არა და იმშობიარა, ძლიერი, ჯანმრთელი გოგოა. რომ დამირეკეს და მითხრეს რომ ბავშვიც და დედაც კარგად არიან, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ვცდილობ, საქმეები შევუმსუბუქო, გარეთ გვაქვს ონკანი და ჭურჭელს უმეტესად მე ვრეცხავ. როცა ვახერხებ, სადილსაც ან ვახშამსაც ვამზადებ.
–იცით მომზადება?
–ოოო, (იცინის), ყველაფრის მომზადება ვიცი, 11 წლის ვიყავი, სამუშაოდან მოსულ, დაღლილ დედ–მამას რომ გამზადებული ვახშამი დავახვედრე, ღომი, ლობიო, ყველი ამოყვანილი. ელარჯსაც ვაკეთებ, საცივსაც, კუპატსაც, ხაჭაპურსაც გამოვაცხობ, იყოს პროდუქტები და ყველაფერს გავაკეთებ.
–ზოგი ამბობს, რომ რამდენიმე შვილის გაზრდა რთულია, ზოგი კი ამბობს, რომ რაც მეტ შვილს ზრდის, მით მეტად უმარტივდება გაზრდა, ამ სიტყვებით აღწერენ ხოლმე – ერთმანეთს ზრდიანო და თქვენ შემთხვევაში როგორაა?
–კი, ზუსტად ეგრეა. შვილების გაზრდაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, მესმის, რომ შვილის გაზრდა, მხოლოდ მისი გამოკვება არაა, უფროსი ქალიშვილი მხატვრობითაა დაინტერესებული და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ხელი შევუწყო. ვცდილობ, სწავლა, შრომა და გართობა შევუთავსოთ ერთმანეთს. ვიდეოებსაც კი ვიღებთ და ტიკ–ტოკზე ვდებთ. სიმართლე რომ გითხრათ, 20 შვილსაც კი გავზრდიდი, ცხოვრების სტაბილური პირობები რომ გვქონდეს.
–რამდენი პური გჭირდებათ დღეში?
–ჩვენ სახლში ვაცხობთ პურს. თვეში 50 კილოგრამი ფქვილი გვჭირდება. უყვართ ბავშვებს პური. ტკბილიც უყვართ და 15–20 კილო შაქარი გვჭირდება თვეში. მწვანილები და კიტრი–პომიდორი, ეზოში მომყავს. 6 ძირი ხილის ხე გვიდგას. საწებლები გავაკეთეთ, მჟავეულობა, 10 ქილა კომპოტიც შევინახეთ, მურაბებიც დავამზადეთ ზამთრისთვის. აჯაფსანდალიც გვინდოდა, მაგრამ ლობიო ვერ ვიყიდე და ვეღარ მოვახერხეთ. ისე მინდა ქათმებიც ვიყოლიო და ვერა და ვერ ვიყიდე, კაი 2 ძროხა, კაი ერთი ღორი და ერთი 30–მდე ქათამი რომ მოვახერხო და ვიყოლიო, რძის ნაწარმიც მექნებოდა და კვერცხიც, მაგრამ ვერ ვახერხებ ყიდვას.
–ყველაზე ხშირად რა კერძი მზადდება თქვენ ოჯახში? რა უყვართ ყველაზე მეტად?
–ღომი, კარტოფილი, ბორში, მჭადი უყვართ ძალიან. მაწონი და არაჟანი უყვართ კიდევ.
–ხორცი არ გიხსენებიათ…
–3 თვე კია გასული, რაც ხორცი არ გვიჭამია. მე ყველაზე ბოლოს ვვახშმობ, ველოდები, ბავშვებმა ივახშმონ და ისადილონ და მერე რაც დარჩება, იმას ვჭამ. არა, ყოველთვის ვცდილობ ვჭამო, პური მაინც, იმიტომ რომ ვიცი, არ უნდა წავიქცე, სანამ ჩემ შვილებს გზაზე არ დავაყენებ, ამას წინათ, ერთი ცნობილი ფონდიდან იყვნენ მოსულები. აბაზანა–ტუალეტი მოვაშენე, მხოლოდ ბეტონსა და აგურშია, ბავშვებს უთხრეს, წამოდით, უნიტაზთან დადექით, იქ გვინდა ფოტო გადაგიღოთო. მე საერთოდ არ მრცხვენია ჩემი სიღატაკის, მაგრამ უნიტაზთან რატომ უნდა გადაუღონ ბავშვებს ფოტო ვერ მივხვდი და კიდევაც ვუთხარი. არ ვქურდობ, არ ვყაჩაღობ, არასოდეს არავინ დამიჩაგრავს, რისი უნდა მრცხვენოდეს? იმისი, რომ ბევრ შვილს ვზრდი? ამითი ვამაყობ, კი არ მრცხვენია.
ვისი იქნებიან ეს ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან? ვისი არიან ის ექიმები, ის მასწავლებელები, ის არქიტექტორები? ქვეყნის არ არიან? ახლა არიან ჩემები და რომ გაიზრდებიან, ისწავლიან და პროფესიას დაეუფლებიან, მერე ქვეყნისთვის, ხალხისთვის არ არიან? არასოდეს მიოცნებია მილიონებზე, სტაბილური ცხოვრება მინდა, მხოლოდ და მხოლოდ. მინდა, არ შემეშინდეს 21–ე საუკუნეში, რომ კომუნალურებს ვერ გადავიხდი და ელექტროობას გამითიშავენ, მინდა 21–ე საუკუნეში ჩემი 7 შვილი ისე გავზარდო, რომ ყოველ ღამე იმაზე ფიქრი არ მხრავდეს, ვინ სად დავაძინო. ბევრს ვითხოვ?
–რომელ პროფესიას გსურდათ დაუფლებოდით?
–ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ჯარისკაცი, გავმხდარიყავი ჩემი ქვეყნის ოფიცერი! ჯარში 3 თვის მისული ვიყავი, 2008 წლის ომი რომ დაიწყო, ომის ვეტერანი ვარ, ყური დამიზიანდა. მოგვიანებით კი, ხერხემალი დამიზიანდა, სამწუხაროდ, ამის გამო, ვეღარც ჯარისკაცობას შევძლებ და ვეღარც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს შევეჭიდები. ამიტომ, ჩემი ოცნება ჯარისკაცობაზე დასრულდა. ახლა სენაკში, ქალაქის მეველედ ვმუშაობ, საქონლებმა რომ არიან ქუჩებში, მაგის კონტროლი მევალება. ყოველ დღე ვმუშაობ შაბათ–კვირის გარდა, 16–საათიდან, 00 სათამდე, წლების მანძილზე ხელფასი მქონდა 240 ლარი, ახლა მაქვს 390 ლარი ხელფასი. არ აქვს მნიშვნელობა თოვს, ქარია, წვიმს, თუ მზეა, მე მაინც ქუჩაში ვდგავარ და იმაზე ვფიქრობ, რომ მძიმეს აწევა რომ შემეძლოს, ბევრად მეტის გამომუშავებას შევძლებ. ერთი ფარმაცევტი მალამოს მიმზადებს, 10 ლარს ვიხდი, 1 თვე მყოფნის ხოლმე, ტკივილები როცა ძალიან მაწუხებს ხერხემლის, მაშინ ვისვამ. წამლები კი მაქვს დანიშნული, მაგრამ ისინი რომ ვიყიდო, თვეში 300 ლარი მაინც დამჭირდება და ასე გავდივარ ფონს.
7 შვილის მამის 4 ჯერ აუხდენელი ოცნება
-
ჩემი ოცნებაა ოდესმე ვიმგზავრო თვითმფრინავით, ძალიან მინდა იერუსალიმში ჩავფრინდე ოდესმე და წმინდა მიწაზე დავდგა ფეხი. ჯარში როცა ვიყავი, ვერტმფრენებს ვუყურებდი ხოლმე შორიდან, სამწუხაროდ, ახლოს მისვლა ვერ მოვახერხე. ყველა სადღაც გაფრინდა, მე ერთხელაც ვერ ჩავჯექი თვითმფრინავში.
-
კიდევ ერთი ჩემი ოცნებაა მანქანის ტარება – 2013 წელს ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ მას შემდეგ მანქანაზე არასოდეს ვმჯდარვარ. ზოგჯერ, ველოსიპედზეც ვოცნებობ ხოლმე, როცა ბაზარში საყიდლებზე მივდივარ და გზა სახლამდე არა და არ მთავრდება. როცა ძლიერად წვიმს, ბავშვების წაყვანას სკოლაში და ბაღში ვერიდებით, გვისველდებიან, მერე ცივდებიან და ავად გახდომის ძალიან გვეშინია. არა, ახლა კი აქვთ ფეხსაცმელები, თითოს თითო წყვილი აქვს, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.
-
ჩემმა ცოლმა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა, სახელმწიფოსგან მიიღო პატარა სახლი. ორი საძინებელია, ერთი პატარა სამზარეულო და მისაღები ოთახი. მისაღებ ოთახს აქვს იატაკი, დანარჩენი ყველგან ბეტონი და აგურებია. არც ჭერი გვაქვს. ფანჯრების გამოცვლაში ერთი კეთილი ადამიანი დამეხმარა. ნოხები გვაქვს დაფენილი ბეტონზე, ყოველი დილა ამ ნოხების გარეთ გატანით, გაფერთხვით იწყება ჩვენ ოჯახში. საძირკველი დავასხი სახლის უკანა ნაწილში, კეთილი ადამიანების დახმარებით, ოცნებად მაქვს უბრალოდ ამოვაშენო და გადავხურო, იმ ოთახებში მე გადავიდოდი და შვილებს დავაწვენდი აქეთ. ყოველ საღამოს მიწევს იმაზე ფიქრი, ვინ დაიძინებს ლოგინში, ვინ იატაკზე დაგებულ ლეიბზე, ამჯერად ვის ეღირსება შედარებთ მყუდრო საწოლში დაძინება. ორსაწოლიან ლოგინში დაძინება რა არის, ისედაც არ ვიცი. მისაღებ ოთახში ერთი პატარა რკინის მაგიდა მაქვს და 3 სკამი. 7 შვილი მყავს და – 3 სკამი. ბავშვებს მორიგებით დავსვამთ ხოლმე და მე და ჩემი მეუღლე დამტვრეული დივანზე დავსხდებით, თეფშებს ხელში დავიჭერთ და ისე ვჭამთ. სტუმრის მიღება არ შემიძლია. ისედაც არაფერი გვებადა და წყალდიდობისას, კიდევ დავზარალდით. ისე მინდა, ჩემ შვილს ერთხელ მაინც გადავუხადო სახლში დაბადების დღე. არა, არ იფიქროთ, რომ ჩემი სახლი არ მიყვარს, მე ხომ აქამდე ჩემი ჭერი არასოდეს მღირსებია, ყოველ საღამოს, ჭიშკარში რომ შემოვდივარ, ჩემ სახლს ვეუბნები რომ მიყვარს და ვკოცნი, მართლა ვკოცნი ყოველ დღე, მაგრამ ჩემი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა, სახლი ვაქციო მყუდრო საცხოვრებლად.
-
წლიდან წლამდე ოჯახი რომ გამეტანა მაღაზიებიდან ვალს ვიღებდი. ასე დამიგროვდა 4 ათას ლარამდე მაღაზიების ვალი. რომ არა ეს ადამიანები, არ ვიცი რა მეშველებოდა. ახლა, ხელფასს ავიღებ თუ არა, ეგრევე მათთან მიმაქვს და ამ ვალს ვაკლებ. ჩემი ოცნებაა, ერთ დღესაც, აღარ მქონდეს ეს ვალი და იმ ჩემი მცირე ხელფასის განმკარგავი ვიყო, ასე ვთქვათ, ფული გავიჩერო ერთი დღე მაინც ჯიბეში. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები რომ არსებობენ. სულ ვამბობ ხოლმე, ჩემი ბიძაშვილი და დეიდაშვილი ისინი არიან, ადამიანები, ვისაც ვახსოვარ, ვინც ცდილობს დამეხმაროს, ისინი არიან ჩემი ნათესავები.
ახდენილი ოცნება:
ჩემი კიდევ ერთი ოცნება იყო, გვღირსებოდა ცხელი წყალი, აბაზანაში. კომპანია ცელსიუსს მიმართე, გათბობა–გაგრილების კომპანიაა. აბაზანა–ტუალეტი მოვაშენე სახლს პატარა, არც კაფელი მაქვს იქ, არც მეტლახი, რა უჭირს. იცით, რომ ისე გავიზარდე, არასოდეს მქონია აბანო? 39 წლის ვარ და მხოლოდ ჯარში ყოფნისას ვნახე აბანო რა იყო. არ მინდა ჩემმა შვილებმაც იგივე თქვან. მინდოდა, 21–ე საუკუნეში ცხელი წყლით ბანაობა ოცნებად არ ჰქონოდათ. ხმოვანი მესიჯი გავაგზავნე ცელსიუსთან და მოვყევი ჩემ გასაჭირზე. იმავე დღეს დამიკავშირდნენ. უფროსსაც მოუსმენია, თურმე. დამიბარეს, გადმოგცემთო. გავვარდი ეგრევე მეზობელთან, მიშველე, ფრიდონ, მერე მე გიყიდი საწვავს, ახლა წამიყვანე ოღონდ, წამოვიღოთ სამეგრელოს ფილიალიდან–თქო. წავედით და მე ერთი უბრალო, იაფიანი გამაცხელებელი ვითხოვე და კი არც ჰქონდათ ეგეთი უბრალო გაყიდვაში, ყველა მაგარი მოდელები აქვთ, მაგრამ იმათშიც, საუკეთესო რაც ქონდათ ის მაჩუქეს. სურათებიც გადავიღე, გაჩვენებთ. ცრემლებამდე მივდივარ, ისე მიხარია, რომ დავაყენებ და ცხელი წყალი ექნებათ ბავშვებს.
აი, ასეთი ადამიანები არიან ჩემი ახლობლებიც, ნათესავებიც და მოყვარეებიც. თორემ, ჩემ სისხლს და ხორცს, მართლა მილიონერი რომ არის, 200 ლარი რომ ვთხოვე იატაკის დასაგებად, პასუხიც არ გამცა. არა უშავს, ცხოვრებამ ნახეთ რა მაჩვენა – მე რომ გავმდიდრდე, არ მოვკვდები, არც შევიცვლები და ის რომ გაღატაკდეს – 5 დღე ვერ გაძლებს, 5 დღეში მოკვდეს, შეიძლება, იმიტომ რომ მას ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებს და არაფერი უნახავს. ფული ძალიან კარგია და კარგი ცხოვრება, მაგრამ ადამიანობის, სიკეთის, სიყვარულის გარეშე, არაფერს აქვს ფასი.
კომენტარები