ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა უკრაინაში გამოსაყენებლად, ხოლო ფხენიანმა მოსკოვისგან მიიღო რჩევა სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით – წერს გამოცემა AFP.
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (NIS) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა აგვისტოს შემდეგ რუსეთს იარაღი მინიმუმ 10-ჯერ გაუგზავნა.
“NIS-მა აღმოაჩინა, რომ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი იყო გადატანილი. ანალიზის მიხედვით, ეს საკმარისი იქნება უკრაინაში რუსეთის ომის დაახლოებით ორი თვის განმავლობაში” – განუცხადა კორეის ეროვნული ასამბლეის წევრმა იო სანგ-ბუმმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა რუსეთის რეჟიმს შეიარაღება გაუგზავნა, რამდენიმე კვირის წინ, თეთრმა სახლმაც გაავრცელა. თეთრი სახლი აცხადებდა, რომ 7 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, იქიდან კი ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში.
კომენტარები