ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სასულიერო პირის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, დისტანციურად გაიმართება.
დავით (კობა) კობაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ალექსანდრე კობაიძის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და უარყოფს როგორც სროლას, ისე იარაღის ტარებას.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები