“რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით, რომ 2018 წელს დასახელებული პროექტის დასრულების თარიღი – 2020 წელი, იყო ოპტიმისტური და გადაჭარბებული”, – ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათზე, რიკოთის გზის ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთების პროექტირება 2017 წელს დაიწყო, ხოლო სამუშაოები რამდენიმე წელიწადში, რადგან პროექტების მომზადებისთვის, საფინანსო ინსტიტუტების წესებით საზედამხედველო და სამშენებლო კომპანიების შერჩევას და სხვა აუცილებელი პროცესისა და პროცედურის გავლას დრო სჭირდებოდა. ამასთან, უშუალოდ მშენებლობის დასრულებისთვის თავიდანვე გათვალისწინებული იყო 36 თვე.
“სამუშაოები კიდევ უფრო მოგვიანებით დაიწყო, გამომდინარე იმ გამომწვევებიდან, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ საკითხებს, მათ შორის, განსახლებასთან და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან. ეს არის საერთაშორისო პროექტებში გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა გაფორმებული ხელშეკრულება არის FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ვალდებულებები, უფლებები და ვადები. ვადების შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს დავების მექანიზმს, სადაც მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ პრეტენზიები. საერთაშორისო დავების საბჭო განხილვის შედეგად გადაწყვეტს ობიექტურია თუ არა ეს პრეტენზია. დღეის მდგომარეობით, მიმდინარე ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს აღნიშნული დავების საბჭოს გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომლის შესრულება სავალდებულოა’’,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კომენტარები