ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეობორისტული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– ლაშა, პარლამენტის დეპუტატები ხელფასების გაზრდას 8250 ლარამდე აპირებენ, რაც ბიუჯეტს წლიურად დამატებით 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება. რისთვის აკეთებენ ამას? ხომ ყველამ ვიცით, რომ ხელფასებზე არ ცხოვრობენ, მსხვილი ბიზნესები და სოლიდური უძრავი ქონება აქვთ, შემოსავლის რამდენიმე წყარო გააჩნიათ. ხალხს თვალს უხვევენ, რომ ვითომ ხელფასზე ცხოვრობენ, არ ჰყოფნით და იზრდიან?
– აღვირახსნილი უნამუსობა შეიძლება დავარქვათ იმას, რასაც კადრულობს და აპირებს პარლამენტი. კი, ბიზნესები აქვთ, შემოსავალი არ აკლიათ, მათ შორის, ბევრს არადეკლარირებული. ეს არ დამთავრდება, ვიდრე ერთპარტიული რეჟიმი იარსებებს ქვეყანაში. ხელფასების მომატება ამასთან კავშირში არ არის. რა ვიცი, შეიძლება მართლა ხალხს თვალში ნაცარს აყრიან, რომ ხელფასზე ცხოვრობენ, არ ჰყოფნით და იმატებენ, თუმცა, მეორეს მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენში კიდევ დარჩა ისეთი მიამიტი ხალხი, ვინც ამას დაიჯერებს. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასი შემოსავლის უმნიშვნელო ნაწილი იყო, თუ ერთეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ ჩავთვლით, ვინც მართლა ხელფასზე ცხოვრობდა. მარტო დეპუტატები არა, ჩინოვნიკებიც მუდამ ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე ცხოვრობდნენ და დღესაც ასეა. გავიხსენოთ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, ოფიციალურ მილიონერი, 25 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური 16 650 ლარიანი ხელფასით, ცსკო–ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას თვეში 12 000 ლარი ჰქონდა ხელფასი და ერთ ამდენს პრემია–დანამატის სახით იღებდა. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი, სხვა დანარჩენი მაღალხელფასიანი ჩინოვნიკებიც, ხელისუფლების პოლიტიკურ და კორუფციულ ინტერესებს ატარებდნენ და მაღალი ხელფასები მათი დამოუკიდებლობის ხარისხს ოდნავაც ვერ ზრდიდა, ხელისუფლების უსიტყვოდ მორჩილები იყვნენ და არიან. არ შეიძლება ქვეყანაში ამხელა კონტრასტი იყოს ხელფასების მხრივ. „ინდური მოდელი“ დავარქვათ თუ გინდათ ამას. „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში ყველაზე მეტი ინდოელია, მაგრამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე ან მის მიღმა ცხოვრობს. აქაც იგივე მდგომრეობაა. მოსახლეობის 95% პროცენტი ღარიბი ან ღატაკია, ელემენტარულ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს ბევრი, ხალხს შია და წამლის ფული არ გააჩნია. ბავშვები იხოცებიან, რადგან მკურნალობის ფული არ აქვთ მათ მშობლებს. ყველა ხედავს, რომ მასობრივი შიმშილობაა ქვეყანაში, საერთაშორისო კვლევებიც ამას ადასტურებს. სიკვდილოანობა მაღალია ქვეყანაში და ამის მიზეზი არასათანადო მკურნალობა და მედიკამენტებისადმი ხელმიუწვდომლობაა. ესენი კიდევ, ტენდერებიდან უამრავ ფულს ხვეტენ, სახელმწიფო ქონებას ჩალის ფასად ყიდულობენ, მაგრამ მაინც ვერ ძღებიან და ახლა ხელფასებს იზრდიან. ბიძინა ივანიშვილიც აძლევს ამ ყველაფრის საშუალებას, დემონსტრაციულად ძარცვავენ ქვეყანას. მთელ ქვეყანას იპყრობენ, ეს ხალხზე ძალადობა, ხალხის ჩაგვრაა და ამასაც სპეციალურად აკეთებენ, რომ ადამიანები ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, უკეთესობის, ქვეყნის დაბრუნების იმედი წაართვან. გაყარეს ქართველები საქართველოდან და ჩინელებით და რუსებით გაავსეს აქაურობა. გვეუბნებიან, რომ საშუალო ხელფასი 1774 ლარია. ამას როგორ ანგარიშობენ, ეს არის საინტერესო. დავით საგანელიძეს აქვს 25 000 ლარი ხელფასი, თქვენ, პირობითად, 1000 ლარი. საშუალო არითმეტიკულის პრინციპით, შეკრებენ ორივეს ხელფასს, რაც 26 000 ლარია, მერე გაყოფენ შუაზე და გამოვა, რომ თქვენ და დავით საგანელიძეს თვეში საშუალოდ 13 000 ლარი გაქვთ ხელფასი. ამ დროს, თქვენი წლიური ხელფასიც კი არ არის 13 000. მოკლედ, საგანელიძის მაღალი ხელფასის ხარჯზე, თქვენი საშუალო წლიური ხელფასი იზრდება, მაგრამ, რეალურად, თქვენი ხელფასი იგივე რჩება. ამგვარი მანიპულაციებით დასცინინ და ატყუებენ ხალხს. თუმცა, მაგდენი განათლება კი აქვს ხალხს, რომ არ მოტყუვდნენ. ნორმალურ ქვეყანაში, კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პენსიონერის პენსიაზე მაქსიმუმ ათჯერ მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, დეპუტატს კი პენსიის ხუთმაგი ოდენობა. დეპუტატები და ჩინოვნიკები კი არ უნდა ვაშიმშილოთ, პენსიონერს უნდა გავუზადროთ ხელფასი. თუ ვერ ვუზრდით პენსიას, არც მათ უნდა ჰქონდეთ ამხელა ხელფასი. ახლა დეპუტატები გაიზრდიან ხელფასებს და 8250 ლარს გაიხდიან და ეს პენსიონერის პენსიაზე 27–ჯერ მეტი გამოდის. პირდაპირ ეუბნებიან ხალხს, თქვენ დაიხოცეთ შიმშილით, ჩვენ უნდა ვიგრიალოთო. ეს არის ჩვეულებრივი ბატონყმობა, სხვა არაფერი.
– შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებების დროს იყო ამგვარი ფაქტები, მაგრამ მაშინ ამას მასობრივი ხასიათი არ მისცემია. დღეს ბიუჯეტი უფინანსებს ბიზნესებს ჩვენი ჩინოვნიკების და დეპუტატების ოჯახის წევრებს, „საპარტნიორო ფონდი“, სხვა სხელმწიფო ფონდებიც შექმნეს საამისოდ. უპროცენტო ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, იწყებენ ბიზნესს და ბევრი უკან აღარც აბრუნებს. სახელმწიფო პროგრამებს და ათას რაღაცას არქმევენ ბიუჯეტის ძარცვის ამ ახალ მოდელს.
– კი, ხალხის ძარცვის ხარჯზე აკეთებენ ბიზნესს, იმ ფულს, ბიუჯეტიდან ბიზნესის დასაწყებად რომ იღებენ, ხშირად ჯიბეში იდებენ, არანაირ ბიზნესს არ იწყებენ. თუ ამ ბიზნესმა არ გაამართლა, არც ეს არის პრობლემა, იმ ფულს ჩამოაჭრიან, არ მოსთხოვს უკან ბიუჯეტი. მარტო ფულს არ აძლევენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ მათი ოჯახის წევრებს, ბიზნესის დასაწყებად აძლევენ უძრავ ქონებასაც. უფრო ხშირად მიწას და ზოგჯერ მიწას და მასზე არსებულ შენობა–ნაგებობებსაც. ფაქტიურად, ბიუჯეტი მთლიანად უფინანსებს სხვა და სხვა დონის მყვლეფავებს ბიზნესებს. არის შემთხვევები, სახელმწიფო სიმბოლურ ფასად მიწას აძლევს მასთან დაახლოებულ პირებს, მერე ამ მიწას ბანკში დებენ, იპოთეკური სესხი გამოაქვთ და იწყებენ ბიზნესს, ძირითადად სამშენებლო ბიზნესს. სხვა და სხვა სქემა აქვთ მოფიქრებული, რომ ისევ თვითონ და თავისიანებმა იშოვნონ ფული. ეს არის კორუფციული ბატონყმობა. რამდენიმე ასეული ადამიანის ხელშია გადასული მთელი ქვეყნის ქონება. ტყეები, მიწები, შენობები და სხვა უძრავი ქონება უკვე გადაიფორმეს და რაც დარჩა, იმ მცირედის გადაფორმების პროცესი მიდის ახლა. ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სხვები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ საქმეში. ჩვენ ხელს ვუშლით და ცდილობენ, გაგვაგდონ ქვეყნიდან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხს გაუსაძლისი პირობები შეუქმნან და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა. „საქართველო ქართველების გარეშე“– ეს არის ამათი გეგმა. არც რუსები, ჩინელები და სხვა უცხოტომელები ეხატებათ გულზე, მაგრამ ფიქრობენ, რომ ვიდრე ისინი გაშინაურდებიან, ამბიციები გაუჩნდებათ და რაღაცებს მოსთხოვენ, მანამდე იგრიალებენ. სხვისთვის კაპიკები ენანებათ, ერთჯერად სოცდახმარებას აყვედრიან ადამიანებს, 100 და 200 ლარს, მერიებისა და გამგეობების მესვეურნი, ამ დახმარებებსაც ხშირად საკუთარ ახლობლებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს აძლევენ და ხშირად ისეთებს, რომელთაც ნამდვილად არ უჭირთ, ვისაც უჭირს, მართლა ჰაერივით სჭირდება ეს მცირედი თანხა, ბევრს უარს ეუბნებიან. ამ უბედურების შეჩერებას სჭირდება ბრძოლა და არა პარლამენტარობანას თამაში, რაც დღეს ჩვენს პარლამენტში ხდება.
კომენტარები