ნანა სულავა
ინტერვიუ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ლევან ხაჭაპურიძესთან, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა აიძულა, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაეტოვებინა საქართველო. ის წარმოშობით დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ ქურთადანაა. სულ ახლახან ლევან ხაჭაპურიძე ოცწლიანი ოკუპაციისგან განთავისუფლებული ავღანეთიდან დაბრუნდა თბილისში და, როგორც თავად განაცხადა, მას ჟურნალისტებთან 2015 წლიდან ურთიერთობა არ ჰქონია. მანამდე მას ლევან ლომისელით იცნობდნენ. ბატონი ლევანი „ალიას“ დაუკავშირდა და გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს (ინტერვიუს ციკლი გაზეთ „ალიაში“ სრულად იბეჭდება)
– ახლა პირველად ვამბობ ისეთ რამეს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში არსად თქმულა და არავის დაუწერია.
პროფესიით ვარ ეკონომისტი. 1995 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსების და კრედიტების განხრით. სტუდენტობიდანვე აქტიურად ვიყავი ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. ბატონმა ზვიადმა რომ გაიგო, რომ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მირჩია, მესამე კურსზე, როცა გაგვანაწილენდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტი ამერჩია და ისიც განმიმარტა, რატომ უნდა გამეკეთებინა ეს.
ეს საიდუმლო ვიცით მე და კიდევ ოთხმა ადამიანმა ზვიად გამსახურდიას გარემოცვიდან. რასაც ახლა გეტყვით, ეს საბჭოთა სისტემის ერთ-ერთ უბოროტეს საქმეს ეხება. ეს იყო ყოველწლიური გეგმიური ოპერაცია, როცა 1-ელ დეკემბრამდე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხაზინებიდან საბიუჯეტო თანხის 90 პროცენტი ნაღდი ფულის გატანა ხდებოდა საჰაერო თუ სარკინიგზო გზებით საკავშირო ხაზინაში, მოსკოვთან ახლოს. ერთი სიტყვით, დეკემბრის თვე ამ ოპერაციის შესრულებას უნდებოდა და მერე ეს თანხა უკან, ყოფილ რესპუბლიკებში ბრუნდებოდა.
-ბატონო ლევან, თუ უკან ბრუნდებოდა, მაშინ რატომ იგზავნებოდა საკავშირო ხაზინაში?
-იმიტომ, რომ ყველა კუპიურა მოწმდებოდა, ყალბი რომ არ აღმოჩენილიყო. 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკურმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“. იმ დროს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ოფიციალური განაცხადი 1991 წლის 21 დეკემბერს გაკეთდა. მივყვეთ ქრონოლოგიას: 1-ელი დეკემბრის დადგომისთანავე გეგმიურად გავიდა სარკინიგზო გზით საქართველოს ბიუჯეტის 90 პროცენტი საკავშირო ხაზინაში, რაც მაშინ შეადგენდა 4 მილიარდ 700 მილიონ რუბლს, ანუ მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, 4 მილიარდ 700 მილიონი რუბლი გავიდა საქართველოდან საკავშირო ხაზინაში. საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 5 მილიარდ რუბლს. ყველა რესპუბლიკის ბიუჯეტში დაბრუნდა საკავშირო ხაზინაში გატანილი თანხა, მაგრამ საქართველოში ეს ფული უკან არ დაბრუნებულა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ არჩევნებში ეროვნულმა ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ გაიმარჯვა და ზვიად გამსახურდიას მთავრობა დატოვეს ბიუჯეტის გარეშე. მაშინ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი, არსებობდა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, საბანკო აქტივები, შეტყობინება, ტელექსი, ანუ მოდიოდა თამასუქები, პროდუქცია. ფსევდოკომუნისტების დროს ქართველი მოსახლეობა ფულად სახსრებს სახლში ინახავდა, რადგან ბანკებს არ ენდობოდა. ეროვნული პარლამენტის მოსვლის შემდეგ ხალხმა გამოაჩინა თანხები და საბანკო საფინანსო აქტივებმა შევსება დაიწყო. ახალ ფეხადგმულ სახელმწიფოს გაჭირვება დიდად არ შეუმჩნევია. გავიხსენოთ, იმ პერიოდში, 1991 წელს, აპრილის თვეში, მოხდა მიწისძვრა რაჭაში, იმერეთში და სამაჩაბლოში. საკავშირო ხაზინა იძულებული გახდა, საქართველოს დაპატიმრებული ბიუჯეტის 4 მილიარდ 700 მილიონი რუბლიდან გადმოერიცხა 1 მილიარდ 300 მილიონი რუბლი, ხოლო დარჩენილი თანხა – 3 მილიარდ 400 მილიონი რუბლი მოსკოვში მყოფმა შევარდნაძემ სამართავად გადასცა ბიძინა ივანიშვილს და კახა ბენდუქიძეს. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ხელთ მაქვს. ბენდუქიძე გარდაცვლილია, ივანიშვილს კი, თუ მართალი არ ვარ, შეუძლია სასამართლოში მიჩივლოს. ამ ვაჟბატონებმა მაშინ ამ ფულით განახორციელეს დიდი მეტალურგიული ქარხნების შესყიდვა ციმბირში, კერძოდ, ურალში. შეიძინეს ალუმინის კომბინატები, ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ივანიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმა არ მიუცია, როცა მოსკოვში მცხოვრები ქართველების რიგი იდგა არჩევნების დღეს. ის შევარდნაძის გვერდით იდგა და საქართველოს დამოუკიდებლობას ხმას როგორ მისცემდა? ბატონ ზვიად გამსახურდიას განმარტებით, ბოროტების იმპერიაში ყველაზე დახვეწილი არამზადა და მოღალატე იყო შევარდნაძე, რომელმაც საქართველო ანაცვალა თავის ამბიციურ კარიერას. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი გაიყიდა: სამხედრო ტექნიკა, გემები, ფაბრიკები, ქარხნები ჯართად გაიყიდა. 1991 წლის სექტემბრიდან ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო კიდევ მეორე მოღალატემ გიორგი ჭანტურიამ ირინა სარიშვილთან ერთად, მათ მართავდა შევარდნაძე. მოსკოვში, შევარდნაძესთან მიმავალი გიორგი ჭანტურია გზიდან მოაბრუნა ზვიად გამსახურდიამ და დააპატიმრა.
-ბატონო ლევან, იმ თანხიდან, როგორც თქვენ ამბობთ, რაც შევარდნაძემ გადასცა ივანიშვილსა და ბენდუქიძეს, დანარჩენი სად წავიდა?
-კაგებეს მითითებით, ამ ფულის ნაწილი მოხმარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობას. არსებობს საიდუმლოებათა წიგნაკი, სადაც კარგად წერია, რამდენი თანხა გაიცა გადატრიალების წინა დღეებში იმ მოღალატე ქართველებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობაში.
-ბატონო ლევან, ბარემ ესეც თქვით!
-ეს საიდუმლო წიგნაკი სანდოდ არის შენახული. ძალიან მალე უნდა დადგეს დრო, როცა მეორე ნიურნბერგის პროცესი გაიმართება საქართველოში და მათი მხილება მოხდება. მანამდე კი მე ვამხელ „ალიადან“. სააკაშვილმა, კი ბატონო, დიდი ბოროტებები აკეთა საქართველოში და ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანას, ისიც პუტჩისტი იყო, პუტჩისტების გვერდით იდგა, მაგრამ „ოცნების“ გამოშტერებული დეპუტატები მარტო სააკაშვილისკენ რომ იშვერენ ხელს, იმას რატომ არ ამბობენ, შევარდნაძემ რომ შემოიყვანა რუსეთის შეიარაღებული ძალები ცხინვალსა და აფხაზეთის რეგიონში? 1992 წლის 24 ივნისს, შევარდნაძისა და ელცინის პრეზიდენტობის დროს, „დაგომისის შეთანხმება“ შედგა, რომლის მიხედვით შევარდნაძემ რუსეთის ჯარს სამშვიდობო სტატუსი მისცა. 2002 წელს ამ ჯარების გაყვანის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება სააკაშვილის ხელისუფლებამ არ შეასრულა, „ქართული ოცნება“ კი ყოველთვის უხსნის შევარდნაძეს პოლიტიკურ დანაშაულს.
-ბატონო ლევან, მაინც რატომ ზოგავენ შევარდნაძეს?
-რატომ და ისინი, ფრიდონ ინჯიები და მათი მსგავსი დეპუტატები, შევარდნაძის რეჟიმისგან დავალებულები არიან. რატომ არ ცდილობს ოცნების რეჟიმი შევარდნაძის მიერ შემოყვანილი ჯარის გაყვანას? მას შემდეგ 21 წელი გავიდა. „ქართული ოცნება“ შევარდნაძის პოლიტიკის გამგრძელებელია, რადგან ბევრი მათგანი მისი ტირანიის დროს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა.
-ბატონო ლევან, დავუბრუნდეთ თემას. იმ ცოდვიან ფულთან სააკაშვილიც თუ იყო კავშირში?
-როგორ არ იყო! იმ სიაში იყო თედო პაატაშვილი. ჰოდა, მიშა მაშინ მისი მოადგილე იყო „ქარტია 91-ში“. აბა, საიდან შეიძინა თედო პაატაშვილმა რუსთაველის მეტროსთან ის ცნობილი კაფე, რომელიც შემდეგ დაუნგრიეს?
-ბატონო ლევან, ყველაზე დიდი ფული ვინ აიღო ქვეყნის ღალატში?
-სიაში პირველია ბესიკ ქუთათელაძე. ის სამშობლოს ღალატისთვის 2 მილიონით დაასაჩუქრეს. შემდეგ მოდის თენგიზ კიტოვანი, რომელსაც 1 მილიონ 800 ათასი რუბლი ერგო. სიმართლე უნდა ითქვას, ჯაბა იოსელიანმა ბევრი ცუდი საქმე აკეთა სამეგრელოში, მაგრამ იმ ცოდვიანი ფულიდან ერთი კაპიკისთვის ხელი არ უხლია, ასევე არც ჩემს პუტჩისტ ბიძას ვაჟა ხაჭაპურიძეს. სიის მიხედვით, მილიონ 700 ათასი რუბლი დევი ჭანკოტაძემ აიღო. მილიონ 700 ათასი – თამაზ დუმბაძემ, მილიონ 700 ათასი – ჯემალ ჭუმბურიძემ, ამდენივე – მამუკა ჯაჯანიძემ და აკია ბარბაქაძემ. ეს ცოდვიანი ფული აიღო დავით თევზაძემაც, ასევე პაატა დაუშვილმა, გელა გიორგაძემ, გია გულუამ, კახა გველესიანმა, ზურაბ ნაირაშვილმა. ავღანეთის კავშირის სიით – ნოდარ გიორგაძემ და გია უჩავამ. ეს ორი უკანასკნელი ნაძირალა შემოგზავნილიიყო გამსახურდიასთან ბუნკერში.
ახლაკი ვამხილოთ ე.წ. ფულის მოყვარული წითელი ინტელიგენცია. მილიონ-ნახევარზე ცოტა ნაკლები აიღო ჭაბუა ამირეჯიბმა, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, ძმებმა შენგელაიებმა, ძმებმა ხაინდრავებმა. ეს საიდუმლო წიგნაკი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და, როცა სამართალი აღდგება, მაშინ ნახავს ყველა. ამ ადამიანებს დიდი ზიანი აქვთ მიყენებული ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. არცერთი პუტჩისტი იდეოლოგიურად არ მოქმედებდა. მათი მიზანი ვიწრო მერკანტილური იყო. ტირანმა შევარდნაძემ 1995 წელს იმედის პარლამენტში სწორედ ეს ფულზე გაყიდული ინტელიგენცია შეიყვანა. დღევანდელ პარლამენტსაც გადახედეთ – ბებრებიც და ახალგაზრდებიც სულ მაგათი ნარჩენებია. აბა, 30 წლის განმავლობაში თუ უგრძვნია რომელიმე პუტჩისტს მატერიალური სიდუხჭირე? მათ ყველას დაუფასდა სამშობლოს ღალატი.
-ბატონო ლევან, აქ ერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რატომ დაჩქარდა სახელმწიფო გადატრიალდება? 1991 წლის 21 დეკემბერს ხომ საბჭოთა კავშირის დაშლა უნდა გამოცხადებულიყო. 5 დღით ადრე რატომ დაიწყო მზადება პუტჩმა?
-სწორედ იმიტომ დაიწყო პუტჩი, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმა-ათაში, შეხვედრაზე, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და შეიქმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ ჩასული ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნემო ბურჭულაძე. ელცინმა მათ უთხრა: თუ თქვენი პრეზიდენტი გამსახურდია ხვალ, 22 დეკემბრის 8 საათამდე, ხელს არ მოაწერს დსთ-ს წევრობაზე, მაშინ თქვენს თავს დააბრალეთო. ჰოდა, 1991 წლის 22 დეკემბერს, 8 საათამდე გვარდიელმა ტარიელ კაპანაძემ გამოჰკრა ხელი დევი ჭანკოტაძის ზარბაზანს ყარყარაშვილის დავალებით და გადატრიალება დაიწყო კონსტიტუციური ხელისუფლების დასამხობად. სულელი კიტოვანი მესამე დღეს შეუერთდა ამ კრიმინალებს და განდევნეს კანონიერი პრეზიდენტიც და მთავრობაც. ამ თემაზე დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია და არ განვმეორდები. რაც არ არის ცნობილი, მე იმაზე გიამბობთ. ხელისუფლების დამხობის შემდეგ, 7 მარტს, ამ დიდი ბოროტების – სახელმწიფო გადატრიალების დირიჟორი და სულის ჩამდგმელი შევარდნაძე ჩამოიყვანა ფულის მოყვარულმა მოღალატე ინტელიგენციამ. იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, საქართველო კი – პუტჩისტებისგან განადგურებული, შევარდნაძემ ახალი ფანდი მოიგონა. ქართველ ხალხს მოუწოდა, ბანკებში ფული შეიტანეთ და გაგიორმაგდებათო. ამის პარალელურად შევარდნაძემ რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, ივანიშვილს შეაქმნევინა ბანკი „რასიისკი კრედიტი“. ყველა დოკუმენტი გამაჩნია ამის დასამტკიცებლად. საქართველოში უსწრაფესად შეიქმნა 87 კომერციული ბანკი. ყველა ბანკი იყო ერთი კაცის ხელში. მერე მოხდა რუბლის სპეციალური გაუფასურება და გადაცვლა კუპონებში. მილიონობით გამოტანილი რუბლი კონვერტირებულ ვალუტაში იფარებოდა, ერთი პურის საყიდი კუპონით, ისე დაეცა კუპონი, ხოლო მისი შემქნელი, მაშინდელი ვიცეპრემიერი, „კუპონა“ გოცირიძე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდის დღესაც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. ხომ ვამბობდი, ყველანი ესენი, დეპუტატები, შევარდნაძის შვილები და შვილიშვილები და ყოფილი პუტჩისტები არიან-მეთქი. მათ პასუხი უნდა ეგოთ დანაშაულისთვის, მაგრამ დღესაც პარლამენტში სხედან.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, თუ რა რეაქცია მოჰყვა შევარდნაძის განცხადებას. მის მიერ მოტყუებულმა და გაბრიყვებულმა ხალხმა შეიტანა ფული ბანკებში გაორმაგების იმედით და ეს ფული დასაწყობდა ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე, შემდეგ კი ვაგონებით მოსკოვში გაიგზავნა და შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილს ჩააბარა. ესეც არ იკმარა შევარდნაძემ და ხელოვნურად დაიწყო კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. მე და ჩემმა სამაჩაბლოელმა ბიჭებმა ბევრი ვიომეთ, რომ მხედრიონი არ შეგვეშვა სამაჩაბლოში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯერ შევარდნაძემ ჩააბარა აფხაზეთი, შემდეგ სააკაშვილმა – სამაჩაბლო და ცხინვალის რეგიონი დაარქვა. მე კი ქვეყანა 2008 წლის ომამდე დამატოვებინა. ალბათ, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ როცა აფხაზეთში სეპარატისტებთან ომი მიმდინარეობდა, შეიქმნა ოქროს ფონდი.ოღონდ აფხაზეთი არ დაგვეკარგა და ბევრმა ჯვარნაწერი ბეჭედიც კი გაიტანა სახლიდან და უკანასკნელი ოქროს ნივთიც ჩააბარა ამ ფონდში. ამ ოქროს ფონდის ხელმძღვანელი იყო დავით თარხან-მოურავი, მოადგილე კი დიდი ბიზნესმენი – ლევან ვასაძე. არსებობდა მეორე ფონდიც, რომლის თავმჯდომარე იყო დიდი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მოადგილე კი – ბუბა კიკაბიძე.
ჰოდა, ქალბატონო ნანა, ამ კრიმინალური ჯგუფებისგან შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი, ნაცმოძრაობა, ოცნება და მათი სატელიტები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ საქართველოს ძარცვა-გლეჯას. აი, რატომ არ გადაეცა კუთვნილი საბიუჯეტო თანხა კონსტიტუციურ ხელისუფლებას. უბრალოდ, მარტივად შევხედოთ სინამდვილეს: 87 ბანკის დიდი ნაწილი კოტრდებოდა. ეს ხომ თავისი თვალით ნახა ქართველმა ხალხმა, ის, რაც საკუთარ თავზე იწვნია! იბადება კითხვა, რატომ ფარავდა ივანიშვილი მოსკოვიდან მეანაბრეთა ან მეპაიეთა თანხებს? იმიტომ, რომ შევარდნაძე უკვეთავდა – ასე ქენიო!
-ბატონო ლევან, რა გამოდის, ვინ იყო ივანიშვილი?
-ვინ იყო და – შევარდნაძის ბუღალტერი. რატომ აძლევდა და აძლევს დღესაც ივანიშვილი იმ გაყიდულ მოღალატე ინტელიგენციას 3 ათასებს და 5 ათასებს? იმიტომ, რომ ეს ფული მისი არ არის. ამ უბინძურესი ბუღალტერიის საქმის წარმოების უფროსი იყო შევარდნაძე და მისი ოჯახი. ჩვენ ყველამ ისიც კარგად დავინახეთ, რომ შევარდნაძისგნ დაქცეული ქვეყნის ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მოსვლისთანავე მალევე გამოჩნდა ხაზინაში მილიარდები. ეს ფული ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკებიდან შევიდა. ეს თანხები აკუმულირებული იყო. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ყველა მინისტრი ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს „ქართუ ჯგუფში“იღებს. ეს სამი ბოროტი ძალა ერთია და უნდა დაინგრეს ეს სისტემა…
ინტერვიუში ხსენებულ პირებს კომენტარის გაკეთების სურვილი თუ გაუჩნდებათ, „ალია“ მათ მონათხრობსაც უცვლელად შემოგთავაზებთ. დაგვიკავშირდით – 599070189
კომენტარები