ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბსადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ბატონო კონრად, საქართველო 15 დეკემბერს, ევროკომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთს და რუსეთის მართულ საქართველოს ხელისუფლებას, შეეძლოთ ჩაეშალათ ეს პროცესი, საქმე იქამდე მიეყვანათ, რომ ევროკომისიას უარყოფითი დასკვნა დაეწერა, თუმცა, ასე არ მოხდა. ამ ხალხის აზრით, ეს იმიტომ არ მოხდა, რომ რუსეთს ამ ეტაპზე აწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, რადგან რუსეთი საქართველოს გამოიყენებს სატრანზიტო ქვეყნად ევროკავშირის ქვეყნებთან, იქიდან სანქცირებული საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ტვირთების რუსეთში შესატანად. ასევე, რუსები მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით „შენგენის“ ქვეყნებში, რისი საშუალება ამჟამადაც გვაქვს და მომავალში ყველა იმ სიკეთითაც, რასაც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. აქვე ჩაგეკითხებით–რამდენად შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ სცადა ევროკომისიის დასკვნის წინ, ანტიევროპული კამპანიის გაჩაღება, ამ და სხვა მეთოდებით არ სცადა ევროკომისიის განწყობის შეცვლა და თავად, დამოუკიდებლად წამოიწყო ორმაგი თამაში? კი, რუსეთის ერთგულია ცალსახად, მაგრამ ხომ არ იტოვებს ხიდებს ევროპაში იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება და პუტინის რეჟიმი შეიცვლება?
– თქვენს კითხვაზე ნათელი და მკაფიო პასუხი, რომელიც მკითხველისთვის სასარგებლო იქნება სიტუაციის ადეკვატურად აღსაქმელად, შეუძლებელია ჩამოყალიბდეს იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.
მე საქმის ფაქტობრივ მხარეს შევეხები, ანუ ინსაიდერულ ინფორმაციას, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არავინ იტყვის: ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფეესბესთან აკავშირებდა ცხოვრების ბოლომდე კონტრაქტი (იგი ე.წ. კანტრაქტნიკია). ეს კონტრაქტი გულისხმობს რუსეთის ფეესბეს ფინანსური ფონდების განკარგვას ე.წ. მილიარდერის სტატუსით (ფორბსის სიაში ყოფნით). ამდაგვარი კონტრაქტით არის დაკავშირებული ფეესბესთან ყველა რუსი მილიარდერი ოლიგარქი. ანუ, მკითხველს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ არანაირი რუსი მილიარდერები არ არსებობენ, ეს ფეესბეს მიერ შექმნილი თოჯინები არიან, ფული ფეესბესია, ხოლო სახელად კონკრეტულ ოლიგარქთან ასოცირდება გარეშე თვალისათვის და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებისთვის, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო შეფარვით ახორციელებს ბიზნესის ქოლგის ქვეშ. ბიძინა მოხერხებული კაცია, რადგან ამდაგვარი სტატუსის მიღებას მოხერხება ჭირდება, თუმცა გასაგები უნდა იყოს, რომ ამდაგვარი კონტრაქტით ფეესბესთან დაკავშირებული ტიპაჟი თავისუფალი ვერასოდეს ვერ იქნება და ის მითითებები უნდა შეასრულოს, რასაც დაავალებენ ლუბიანკიდან. ასე იცხოვრა ბიძინამ, ასე განახორციელა საკუთარი ქველმოქმედება (რაც რეალურად იყო ფეესბეს მიერ მისი ხელისუფლებაში მოყვანისათვის გაღებული ხარჯი, რაც ანაზღაურდა კიდეც მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა 2012 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი.)
აქვე უნდა ითქვას მიხეილ სააკაშვილზე, რადგან სადაც ბიძინაა, იქაც მიშა, ეს ერთი მონეტის ორი მხარეა და ეს მონეტები ლუბიანკაზეა მოჭრილი, რუსეთის ფეესბეს მიერ. მიხეილ სააკაშვილი სხვა სტატუსით იყო დაკავშირებული რუსეთის ფეესბესთან საკუთარი ბიძის, თემურ ალასანიას მეშვეობით. სააკაშვილი კარიერისტია და მან პოლიტიკური მოხერხებულობა იმით გამოავლინა, რომ ორმაგი თამაშით მოახერხა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა 2003 წელს (იგორ ივანოვის ხელდასხმით, როგორც ალბათ ყველას უნდა ახსოვდეს) შემდეგაც რუსეთის ფეესბესგან მოახდინა ამერიკელებთან გადახტომა რამდენიმე წლით, რაც დამთავრდა იმით, რომ ამერიკელებმა სააკაშვილის მიმართ ინტერესი დაკარგეს და ამის გამო იყო, რომ სააკაშვილი 2018 წლამდე მისი მცდელობების მიუხედავად, იყო ამერიკელებისგან სრულებით უარყოფილი, ხოლო 2018 წლიდან იგი დაუბრუნდა მშობლიურ ლუბიანკას, რისი გამოხატულებაც იყო“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ფეესბეს აკადემიის კურსდამთავრებული ნიკანორ მელიას დანიშვნა, რომელიც რუსებმა „ჩაუსვეს“ თავმჯდომარედ სააკაშვილს, რადგან მას აღარ ენდობოდნენ ამერიკელებთან იმ გადახტომის გამო, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა 2005 წლიდან, რამდენიმე წლით. ამის ცოდნა ნათელს მოჰფენს იმ ბრძოლას, რომელიც ახლა მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“ მელიასთან მიმართებით. რუსებმა გადააგდეს სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში შემოიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთიდან (არანაირი კონტეინერით არ ჩამოსულა მიშა საქართველოში,რუსებმა აფხაზეთიდან შემოიყვანეს) და შეპირდნენ ხელისუფლებაში მოყვანას, მაგრამ გადაგდეს და მიაგდეს. ახლა მიშამ გაუშვა რუსეთის ფეესბეს „სტავლენიკი“ ნიკანორ მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან, რადგან რუსების მიერ სააკაშვილისთვის მიცემული პირობა არ შესრულდა … მანამდე მიშამ გამოაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკიდან მიდის და ერთადერთი რაც უნდა, ციხიდან გათავისუფლებაა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გამოდგა შედეგის მოტანი, რადგან „ქართულ ოცნებას“ მიშას პოლიტიკაში მობრუნება ჰაერივით ჭირდება, რათა კვლავ განახორციელოს საარჩევნო სტრატეგია – „მიშა მოდის“, რომლითაც 2016 წლიდან ეფექტურად სარგებლობს.
დავუბრუნდეთ ბიძინას, რომელმაც 2018 წლიდან დაიწყო რუსებისგან ამერიკელებთან გადაბარგება (ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აქაც ბიძინას მოტივი უკავშირდებოდა დიდი ფულის მიღების იმედს, რომელიც გაუცრუვდა), რაც დამთავრდა 2021 წლის 11 იანვარს, ბიძინას პოლიტიკიდან წასვლით, რაც ბოლომდე ვერ განხორციელდა იმის გამო რომ 2021 წლის 18 თებერვალს, გადადგა პრემიერი გიორგი გახარია და რუსეთის ფეესბემ პარტია „ქართული ოცნება“ გადმოიბარა, როგორც საკუთარი აქტივი, ისე როგორც ყველა ქონება, რომელიც ბიძინამ ფონდ „ქართუს“ (ფეესბეს ფონდს საქართველოში) დაუბრუნა ტაბელური იარაღივით, მას შემდეგ რაც რუსებისგან წასვლა გადაწყვიტა. გახარიას გადადგომამ (ისევ რუსეთის ფეესბეს ოპერაცია იყო, ნიკანორ მელიას მონაწილეობით) ბიძინა აიძულა დაბრუნებულიყო საქართველოში 2021 წლის აპრილის დასაწყისში, რის შემდეგაც მან „ქართულ ოცნებაში“ ასე დაალაგა სიტუაცია:
- ჩამოსვლის შემდეგ არ შეხვდა ღარიბაშვილს (ეს ის მომენტია, როდესაც ღარიბაშვილმა გამოაცხადა რომ კოვიდი შეეყარა და ორი კვირით გადავიდა
იზოლაციაში)
2. კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა გაამგზავრა ამერიკაში, საიდანაც დაბრუნებული კახა კუჭავა გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ამერიკიდან უკანა გზაზე
წამოსულებმა შეიარეს ბრიუსელში და დანიელსონის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. - სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული ღარიბაშვილი, ხლებოდა ბიძინას და მოელაპარაკებინათ ურთიერთობის მომდევნო წესებზე, რაც დამთავრდა ბიძინა
ივანიშვილის ღია წერილით, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 7 ივნისს.
ყოველივე ამის შემდეგ, ბიძინა ამაოდ ელოდებოდა ამერიკელებისგან სათანადო დაფასებას, როგორც საქართველოში მშვიდობის გარანტისა, რაც არ მოხდა, რამაც ბიძინა გააბრაზა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მან ხელახალი თამაში რუსებთან. ამ თამაშის შინაარსი ასეთია ბიძინას პირით თუ გამოვთქვამთ: „მე თქვენგან წავედი, რითაც გაგაბრაზეთ და განაჩენიც კი გამომიტანეთ მე და ჩემს ოჯახს (ოჯახი სამხრეთ კორეაში გადავიდა, რადგან რუსებისგან უსაფრთხო ადგილი სწორედ ასე შეირჩა ბიძინას ოჯახისთვის), მაგრამ ჩემზე უკეთესი თქვენ მაინც არავინ გეყოლებათ საქართველოში, რაც გამოიხატება იმით, რომ თქვენ ინტერესებს დავიცავ – ანაკლიის აშენებას გადავწელავ, აშშ სამხედრო ბაზების გახსნას საქართველოში არ დავუშვებ, ღარიბაშვილს ხელს არ ვახლებ…“ პარალელურად ბიძინამ შექმნა „ხალხის ძალა“ და დაიწყო ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც რუსებს სავსებით აწყობდათ, ხოლო ბიძინა თავისი ჭკუით, ამით აშანტაჟებდა ამერიკელებს, რათა თავისი ინტერესები განეხორციელებინა, რაც დავიდა შვეიცარული ბანკის „სვის კრედიტიდან“ მისაღები თანხების თემამდე.
შექმნილ ვითარებაში, რუსები დასჯერდნენ ბიძინას ამ შეთავაზებას იმ გათვლით, რომ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მალევე შემოვიდოდნენ საქართველოში… (უკრაინაში, რუსების გენერალ –გუბერნატორი იანუკოვიჩი უნდა გამხდარიყო, საქართველოში კი – ნინო ბურჯანაძე). ასე არ მოხდა, შესაბამისად ღარიბაშვილი შემორჩა თანამდებობას, ხოლო ბიძინამ დაიწყო ლოდინი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგებისა. ეს ლოდინი გაიწელა და დღემდე გრძელდება. ბიძინას სათამაშო ბერკეტი არის ამერიკასა და რუსეთს შორის ლავირება, რაც რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში დამთავრდება და ბიძინას სათამაშოდ აღარაფერი დარჩება ხელში.
დღეს ბიძინა არის აბსოლუტურად სათავისოდ დატოვებული და იგი ცდილობს ამერიკასა და რუსეთს შორის თამაშით გაიტანოს თავი, რაც აქამდე გამოსდის კიდეც, მაგრამ ახლოვდება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები, ამიტომაც ბიძინამ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები, თუ არ უნდა რომ ოფსაიდში დარჩეს…
ივანიშვილს აწყობს ვადამდელი არჩევნების ჩატარება საქართველოში (ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ 30 მაჟორიტარი იქნება). ამისათვის მას უნდა გადაეყენებინა ღარიბაშვილი და თავად გამხდარიყო პრემიერი, რათა ხელისუფლების სადავე ქონოდა ხელში, 30 მაჟორიტარი გაეყვანა და პროპორციულითაც აეღო მაქსიმალური ხმები და სულ მინიმუმ პირველი ოპოზიციური პარტის ლიდერი გამხდარიყო, მაქსიმუმ კი მმართველი სახელისუფლებო კოალიციის წევრი. ეს გეგმა უკავშირდებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის არმიცემას, რასაც უნდა მოყოლოდა ღარიბაშვილის გადაყენება და ბიძინას დაბრუნება პრემიერად, როგორც შექმნილ ვითარებაში საქართველოს დასავლური ვექტორის გადამრჩენელის… ასე არ მოხდა, შესაბამისად ივანიშვილი საგონებელშია, თუ რამე არ მოიმოქმედა,იგი ბოლომდე რჩება ღარიბაშვილის ხელში 2024 წლის ოქტომბრის თვალსაზრისით… ხოლო ეს ბიძინასთვის დასარულს ნიშნავს იმ კაცისგან, რომელზეც თქვა:”რაც გინდათ ის დაუძახეთო“…
ახლა საკითხი ასე დგას – გამოიჩენს ღარიბაშვილი პოლიტიკურ მოქნილობას და გადმოხტება თუ არა ისიც (როგორც თავის დროზე სააკაშვილი, მერე რაღაც მომენტში ივანიშვილი) დასავლურ ვექტორზე, თუ ბოლომდე ჩაყვება რუსებს, რომელთაგან ფინანსურად ხეირობს…
აი ესაა მთელი პოლიტიკური პროცესის ინსაიდი, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენამ არ იცის. მოსახლეობას კვებავენ იმ ნარატივით, რომელიც პოლიტიკური სერიალის სახით გადის პარტიულ (ნაცქოცურ) ტელევიზიებში და მოსახლეობა ამ პოლიტიკურ სერიალს ყოველ დღე უმზერს. შესაბამისად, ძირითადი სადარდებელი ისაა, ხაბეიშვილი დარჩება თავმჯდომარედ თუ მელია დაბრუნდება…
კომენტარები