ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე:
პოლიტიკური სეზონის დასასრულის მთავარი ინტრიგა მაინც ნიკა მელიას გადაწყვეტილებას და გიორგი გახარიას დიდი დოზით გამოჩენას უკავშირდება. ვერ ვიტყვით, რომ რამე მოულოდნელი ვიხილეთ და მოვისმინეთ, ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი ძვრები შეიძლება გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკური პროცესის დამკვირვებლისთვის, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. ამიტომაც მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ იმ მთავარ სტრატეგიულ შეცდომებზე, რომელსაც შეიძლება უკვე უშვებდეს ორივე პოლიტიკური ლიდერი.
დავიწყოთ ოცნების ყოფილი პრემიერით – გიორგი გახარიათი, რომელიც პოლიტიკური პოლუსების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. არა მგონია, რომ მის ამოცანას ტრადიციული ოპოზიციის ნიშაში თავის დამკვიდრება უნდა წარმოადგენდეს, ამ ნიშის მთავარი მახასიათებელი ოცნებასთან და ივანიშვილთან დაპირისპირების ხანგრძლივობა და სიმწვავეა, რაშიც გახარიას – ნაცმოძრაობისთვის, თუ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება.
მეორეს მხრივ, ყოფილი პრემიერი არც ივანიშვილსა და ღარიბაშვილის უნდა გაეჯიბროს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის აბსოლუტურ მიუღებლობასა და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ – სიძულვილში. იმისთვის, რომ გახარიამ მოსახლეობა დაარწმუნოს – ოცნებაზე უკეთ შეძლებს მიშას ხელისუფლებაში არმოშვებას, მან ნაცმოძრაობის მიმართ რადიკალიზმში ივანიშვილს უნდა გაასწროს, რომელსაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული და პერიოდულად რეპრესიების უზარმაზარ ტალღებს აგორებს ნაცმოძრაობის ლიდერებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ. მიშას მოძულეებს გახარია ამაზე მეტს რაღას უნდა შეჰპირდეს, თუ მის დახვრეტას არა… თანაც, კარგად გვახსოვს – არც 2012 წელს უნახავს ვინმეს გახარია და მისი თანაგუნდელები ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში და კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, არც 2007 წელს, ნაცმოძრაობასთან დაპირისპირების ყველაზე მწვავე პერიოდში, ოპოზიციის ან მათი მხარდამჭერების რიგებში. მეტიც, იმ ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ვინც დღეს გახარიას გუნდშია, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ჩინოვნიკები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობასაც იკავებდნენ და მათი კრიტიკული განცხადება, ან პროტესტის ნიშნად გადადგმული ნაბიჯი არავის ახსოვს. ამის ფონზე, გახარიას მხრიდან იმის მტკიცება, რომ ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის მიმართ გაცილებით ხანგრძლივი და ღრმად ფესვგადგმული მიუღებლობა აქვს, ვიდრე ქართული ოცნების დღევანდელ, ან ძველ შემადგენლობას, არა მარტო ყალბია, არამედ კონტრპროდუქტიულიც და საერთოდ, ოცნების მტრობასა თუ ნაცმოძრაობის მოძულეობაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან გაჯიბრებაზე სტრატეგიის აგებამ ვეჭვობ მის პარტიას შედეგი მოუტანოს.
ჩემი აზრით, გახარიას ელექტორალური სამიზნე ის ხალხია, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს გულშემატკივრობს, უფრო მეტად საჯარო მოხელეები, რომელთაც ცვლილებები სურთ, მაგრამ არა რადიკალური, არც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება სურთ და ამავე დროს ქართული ოცნების ბოლო წლების კორუფციული პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუება და უკმაყოფილება დაუგროვდათ. ოცნების ექსპრემიერმა, ამ მხრივ საკუთარი უპირატესობა უნდა გამოიყენოს და პოტენციურ ამომრჩეველს თავი “უკეთეს ოცნებად” წარუდგინოს. ამისთვის, გახარიას დაჭირდება როგორც ნაცმოძრაობისგან, ასევე ოცნებისგან გარკვეული დისტანცირება, თან ისე რომ ორივეს პოზიტიურ მემკვიდრეობას მიწა არ მიაყაროს. ამავე დროს მისმა გუნდმა უნდა აჩვენოს რომ ევროპული განვითარების ხაზი, დემოკრატიული თანამშრომლობის რესურსი, სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის კვალიფიკაცია და არაკორუმპირებულობა, მათი მთავარი მახასიათებელია.
ორივე პოლიტიკური მოთამაშის სწორი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხებაში და ძნელია მათ წარმატება არ უსურვო. თუმცა, ეს რეალობაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე ვერ მოხდება. რეალობა კი ისაა, რომ სწორი ნაბიჯების შემთხვევაში გახარიას პოლიტიკური ნიშა ნაცმოძრაობის მოძულე და ოცნებით გულაცრუებულ ამომრჩეველში გაცილებით ადვილად მოსაპოვებელია, ვიდრე ქართული პოლიტიკის შუა ფლანგზე ნიკა მელიას პერსპექტივა და მომავალი. დედა პარტიებიდან განდგომილების სტრატეგიაში, გახარიას როგორც ნაცმოძრაობისგან ისე ოცნებისგან სრული დისტანცირება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ისევე როგორც შუა შესაკრებ ოპოზიციურ ნიშაში ადგილის დასაკავებლად მელიას ნაცმოძრაობისგან გამიჯვნაა აუცილებელი და პრინციპში შემდგარი ფაქტი, თუმცა სრულიად არასაკმარისი თუ ის სააკაშვილისგან ბოლომდე და მკაფიოდ არ დისტანცირდა.
“უკეთესი “გრეჩიხა” – “ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს” – გიორგი თარგამაძე
კომენტარები