„ქართული ოცნების“ სკანდალური მაღალჩინოსანი, რომლის სახელიც პანკისის სისხლიან სპეცოპერაციას უკავშირდება, დეპუტატობისთვის ემზადება. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გოგაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით „ოცნების“ ბოსებთან კონსულტაციებს გადის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოსთან საუბარში არც დაადასტურა და არც უარყო.
“დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და არსებული კრიზისის პირობებში, რაიმე სახის პოლიტიკურ ნაბიჯებზე ჩემი მხრიდან საუბარი ნამდვილად ნაადრევია. ზოგადად, კი შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც ჩემი ქვეყნისთვის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტური იქნება ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების გამოყენება, ანუ საქართველოს სამსახურში”, – განუცხადა „2020NEWS“-ს სოსო გოგაშვილმა.
რომელ მაორიტარულ ოლქში აპირებს კენჭისყრას ან რამდენად იქნება გოგაშვილი გათვალისწინებული „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიაში გამსვლელ პოზიციაზე, ამ ეტაპზე უცნობია. დიდი ალბათობით, „ძირძველი ოცნებელი“ ბედს კახეთის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ცდის.
ინფორმაციისთვის, იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. 2018 წლის აგვისტოში მან თანამდებობა პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
“ალია” – მართალია, თვეების წინ, როცა ვთქვით, რომ სოსო გოგაშვილი დეპუტატობისთვის ემზადებოდა, მაშინ ბატონმა სოსომ “ალიასთან” უარჰყო პოლიტიკური გეგმები, მაგრამ როცა 7 აპრილს მედია დაპატიჟა თავის ადგილ-მამულში, კიდევ უფრო გაგვიმყარდა ეჭვი, რომ გოგაშვილი რაღაცისთვის ემზადებოდა და ეს რაღაც იყო პოლიტიკური პლატფორმა.
სოსო გოგაშვილი, 7 აპრილი:
“საჯარო მოსაწვევი
ჩემო მაგარო მეგობრებო და მტრებოც
ეს ყველაფერი ცუდი, ძალიან მალე გადაივლის და გადავალთ ისევ ცხოვრების ნორმალურ ეტაპზე. თუ ნორმალური ჰქვია,
გამიგებთ და ვგულისხმობ კორონამდელ ეტაპს. ხოდა ვინც იცით (ვინც არა;) ჩემი სახლი ქიზიყში ყველას გეპატიჟებით, ვისაც გეკუთვნით. მეგობრებო, ეხლა არ გინდათ მე არ დამპატიჟა პირადად ვერ ჩამოვალო… მე მეკუთვნის, თუ არაო. ე ბიჯო ვინც მიცნობთ პირადად და ვინც არა ყველას ვგულისხმობ, არ მაშინებს რაოდენობა, რატომ იცით? არ დამძრახავთ, ვიცი რაც მექნება იმაზე…. რქაწითელი და საფერავი
ვენახი იმხელა მაქვს და “იმფერი” ღვინო, რომ ყველას გაგიმასპიძლდებით,ამიტომ მე დამატებით თარიღს კიდევ გაცნობებთ აქ და გელით.
განსაკუთრებულად ვიწვევ ჟურნალისტებს- ბეჭდური, ტვ, რადიო, სოციალური ქსელი…. ყველას, მინდა, რომ გამიცნოთ ახლოდან და გაიგოთ მართლა ბავშვიჭამია ვარ თუ არა.
ვიცი ყველას გაინტერესებთ, ამიტომ გეპატიჟებით და დამატებით დროს გაცნობებთ
მტერიც სტუმრად მოსული მოყვარეა და მოვიდეს…. მოვარჯულებთ…”
გოგაშვილს თარიღი ჯერ არ უცნობებია, თუმცა, “ალიამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ გოგაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩავა იმის გასაგენად, არის თუ არა ბავშვიჭამია – ღვინოსთან ერთად მწვადსაც დაახვედრებს.
ვნახოთ, რამდენად მოასწრებს გოგაშვილი მედიის დაპატიჟებას – ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემდეგაც კრძალავს ხალხმრავლობებს და მხოლოდ ზოგი წინასაარჩევნო შეხვედრა იქნება აკრძალული თუ ყველა – გამოჩნდება.
კომენტარები