ასტროლოგი რამაზ გიგაური:
„2024 წლის ასტროლოგიური დახასიათება
/© რამაზ გიგაური/
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2024 წელი ხის (მწვანე) დრაკონის წელი იქნება. ის 2024 წლის 10 თებერვალს (თბილისის დროით 2:59 საათზე) დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
დრაკონის წლის ზოგადი დახასიათება
(ენერგიულობა, შეუპოვრობა, სიჯიუტე)
დრაკონის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების აქტიური განვითარება. ის ენერგიული და ბობოქარი ნიშანია. ბუნებით ლიდერი და თავდაჯერებულია. აქედან გამომდინარე, ამ წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ინიციატივას და სამყაროს წყალობას არ ელოდებიან. დრაკონი სამყაროს როგორც საკუთარ საბრძანებელს, ისე „აღიქვამს“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის წინ მხოლოდ სხვების შრომის ხარჯზე მიდის. პირიქით, გაბედულად იკისრებს პასუხისმგებლობას და ცდილობს მუდამ შეტევის წინა ხაზზე იყოს. სწორედ ეს იქნება ამ წლისთვის დამახასიათებელი: ადამიანებმა საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე უნდა დაიკისრონ სრული პასუხისმგებლობა და დასახულ მიზნებს აქტიურად შეუტიონ. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი თვისებების გამოვლენა: გამბედაობა, აქტიურობა, ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, ამბიციურობა, ინიციატივიანობა, ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა.
რას უნდა ველოდოთ 2024 ხის (მწვანე) დრაკონის წელს
2024 წელი – აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით დრაკონის წელს შეესაბამება. ასევე დრაკონის წელი იყო: 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 წლები. დამდეგი წლის სტიქია – ხეა და მწვანე ფერთან ასოცირდება.
ეს წელი ვლინდება „იან“, ანუ მამრული ენერგიით და ხის სტიქიის სინთეზის შემთხვევაში ეს არის დიდი ხეები, მსხვილი ვარჯით, რომელიც მიუთითებს მოუქნელ, ხისტ, არატაქტიან და არადიპლომატიურ მოქმედებებზე (განსხვავებით „ინ“ ენერგიის შემთხვევაში, რომელიც ბუჩქები და ბალახია, რომელიც უფრო პასიურად და მოქნილად ვლინდება ხოლმე). ასე რომ, ამ წლისთვის დამახასიათებელი იქნება პირდაპირი გადაწყვეტილებები, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მოქმედებები, ხშირ შემთხვევაში რაიმეზე ჯიუტი „ჩაციკვლით“. თუმცა გრიგალის დროს ძირს ეცემიან არა ბუჩქები და ბალახი, არამედ სწორედ დიდი ხეები, ამიტომ ამ წელს ის ძლიერი, მაგრამ ჯიუტი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების დროს მოქნილებასა და დიპლომატიურობას ვერ გამოიჩენენ, შესაძლოა სერიოზულ წინაღობებს წააწყდნენ და ეს ყველაფერი მათთვის არც სასიამოვნოდ განვითარდეს.
დრაკონი აღმოსავლური ზოდიაქოს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. მას ჩინურ ასტროლოგიაში ზეციური ენერგიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. გარდა ამისა, სწორედ ეს ნიშანი მართავს ადამიანებზე კოსმიური კანონების გავლენას. დრაკონი – აღმოსავლურ ზოდიაქოში ერთადერთი ნიშანია, რომელიც ე. წ. „შინაურ ცხოველებს“ არ მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, თუ სხვა ნიშნების სიმბოლოები ცნობიერებისთვის სრულიად გასაგები, ხოლო ხასიათი და ჩვევები იოლი შესაცნობია, დრაკონის შემთხვევაში საქმე სრულიად სხვაგვარადაა. ის ძალიან ძლიერი და ამასთანავე, დიდებული ნიშანია, თუმცა უხილავი პერსონაჟია. ის ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ მისი აღწერაც შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის დრაკონის წელი ძნელად პროგნოზირებადია. ზემოთ ნათქვამი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ისეთივე ნეგატიურ და საშიშ ვიბრაციებს ატარებს, როგორც მაგალითად, ვირთხის ან თუნდაც ვეფხვის წელი, მაგრამ დრაკონის წელს ყოველთვის ახასიათებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. ეს წელი ბევრი ადამიანის, ორგანიზაციის თუ ქვეყნის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება დიდი ცვლილებების საწყისი პერიოდი.
დრაკონი ძალაუფლების, სიძლიერის და სიბრძნის სიმბოლოა. ის ისტორიულად იმპერატორს განასახიერებდა. თანამედროვე ცხოვრებაში კი ეს არის ის ადამიანი, ვისაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენა შეუძლია (მაგალითად, პოლიტიკოსი). ამიტომ ეს წელი აქტიური იქნება პოლიტიკური ბრძოლის თუ ბიზნესში დიდი ცვლილებების დაწყების თვალსაზრისით.
ეს ცვლილებების წელი, ამიტომ ძველ ფორმებზე მიჯაჭვა გარკვეულ პრობლემებს შექმნის. ამ დროს ცხოვრება მრავალწახნაგოვანი, მრავალფეროვანი და დინამიკური ხდება. ბევრი სფერო ასე ვთქვათ, ივსება განსხვავებული „ფერებით“, მოვლენებითა თუ სიტუაციებით. რაც ადამიანებში აძლიერებს მომავლის რწმენას და მათ აქტიურ მოქმედებების დაწყებაში ეხმარება. დრაკონის ცეცხლოვანი ენერგია ადამიანებს უბიძგებს ახალი ამოცანების დასახვისკენ და რისკიანი მოქმედებებისკენ, მითუმეტეს, რომ დრაკონი მფარველობს იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებების და განახლების უნარი გააჩნია.
მიუხედავად, ამ წლის ბობოქარი ხასიათისა, დრაკონის წელს ხშირად მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. ეს ხშირად შესამჩნევი ხდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ბიზნესში. სადაც ძველი „სახეებს“ ანაცვლებენ ახალი, პროგრესული პიროვნებები. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რომ დრაკონის წელი პასიურ, უინტერესო და დუნე წლად მოვიაზროთ. პირიქით, ბოლო ორ წელში განვითარებულ მოვლენებს დრაკონი ახალ სიმაღლეებს აიყვანს და ახალი ძალით გამოავლენს.
ერთი რამ, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. დრაკონს გაბრაზება და უფრო მეტიც, განრისხებაც „შეუძლია“. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი ეტყობა, დრაკონი წყენას გულში ინახავს. თუმცა ამას კარგი მანერების მეშვეობით ნიღბავს და საჭირო დროს ელოდება, რათა ეს შენახული წყენა შურისძიებად გამოავლინოს. აქედან გამომდინარე, ამ წელში შეიძლება ვიხილოთ ბევრი დამახსოვრებული წყენის გამოვლენა და შურისძიების აქტებიც.
მსგავსი ტენდენციები ბუნებრივია, ხელისშემშლელი იქნება და ეს დაამუხრუჭებს არა მხოლოდ განვითარებასა და წინსვლას, არამედ შექმნის გარკვეულ საფრთხეებსაც. ამიტომ საჭირო იქნება მოთმინება, თავშეკავება, ხოლო დაძაბულ სიტუაციებში წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა. ამ კუთხით დადებით ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ ერთი ტენდენცია, რომელიც ასევე ახასიათებს მომავალ წელს. ის ადამიანებს ეხმარება წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებაში, რაც საშუალებას იძლევა აწმყო უფრო მეტად გაცნობიერდეს, დაფასდეს და ამასთანავე, მომავალიც უფრო მეტად საინტერესოდ და რაც მთავარია, პრაქტიკულად დაიგეგმოს. თუმცა ცუდად მომზადებული გეგმები რთულად ან საერთოდ ვერ განხორციელდება. დრაკონის წელი „ითხოვს“ ყველა მიზნის საფუძვლიან ანალიზს და მის კარგად დაგეგმვას. მიზნის მიღწევისას არ არის საჭირო აჩქარება და იმპულსური მოქმედებები. გაცილებით სასიკეთო იქნება ნელი, მაგრამ ორგანიზებული და თავდაჯერებული მოქმედებები.
ემოციური სამყარო და აქედან გამომდინარე, პირადი ცხოვრება მერყევი და არასტაბილური იქნება. საჭირო იქნება კომპრომისებზე წასვლა და რიგ საკითხებში დათმობა, რათა არ მოხდეს ისედაც დაძაბული მდგომარეობის გაუარესება. დადებითი იქნება პარტნიორების რჩევების და რიგ შემთხვევებში, კრიტიკის მოსმენაც.
ამ წელს წარმატებას უპირველესად, ე. წ. „მამრული“ ნიშნები მიაღწევენ: ვირთხის, ვეფხვის, ცხენის, მაიმუნის, ძაღლის და რაღა თქმა უნდა, დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები.
ასე რომ, 2024 წელში კურდღლის (კატის) მოქნილებას, გაწონასწორებას, მოთმინებას, სიმშვიდეს, ტაქტიანობას, დიპლომატიურობას და სიტუაციის სწორად შეფასების უნარს – დრაკონის გამბედაობა, აქტიურობა, ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, ამბიციურობა, ინიციატივიანობა, ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შეცვლის. 2024 წლის პირველ ნახევარში საერთო სტაბილურობა მოჩვენებითი და მყიფე იქნება. წლის მეორე ნახევარში დინამიკა შესამჩნევად მოიმატებს და ბევრი მიმართულებით უფრო აქტიური მოძრაობა და კომუნიკაცია დაიწყება. დიდი ცვლილებებიც სწორედ ამ დროს განხორციელდება.“
კომენტარები