რუსთავი2–ის ცნობით, სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა.
მედიის ცნობით, ალბანეთში კეზერაშვილის ბიძაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. გერმანული გამოძიების ინფორმაციით, ამ კონსპირაციული დაწესებულებებიდან ევროკავშირის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო მიხეილ ბინიამინმა ალბანეთი დატოვა, თუმცა ის საერთაშორისო ორდერით, ერევანში დააპატიმრეს. “კურიერი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ბინიამინის მეუღლეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემაზე საუბარი არ ისურვა.
რუსთავი2–ის ცნობით, ჩინური ელექტრო ავტომობილების ცენტრი თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მის მფლობელად საჯარო რეესტრში, ბინიამინის ცოლის ძმა, ასევე ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე მორდეხაი მიხაელიაა მითითებული. ადგილზე “რუსთავი 2-ს” უთხრეს, რომ კომპანიის მფლობელი საზღვარგარეთ პირად საქმეებზე გაემგზავრა, კეზერაშვილის ახლო ნათესავის დაკავების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ.
დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს. “მილიარდიანი თაღლითობა” – ამ სახელწოდებით ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოძიება აპრილში გამოაქვეყნა. თავად კეზერაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ბრიტანულ მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მედიის ცნობით, მიხეილ ბინიამინი გამოძიების ობიექტი გახდა ისრაელშიც. საქმე ეხება დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტიდან იარაღის შესაძენად გადარიცხულ 11 მილიონ დოლარზე მეტ თანხას, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ისრაელის საგადასახადო სამსახურებს დაუმალეს.
კომენტარები