„ალია“ ესაუბრება, „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს:
– დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ პრემიერის დავალებით მუშაობს ახალ გეგმაზე, ტურიზმის განვითარებისთვის და რომ ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც გახსნის ე.წ. უსაფრთხო დერეფანს ტურისტებისთვის. რას გულისხმობთ, როგორ ფიქრობთ – უსაფრთხო დერეფანში?
– კატეგორიულად არ ვეთანხმები, წლის ბოლომდე აღგვითქვა, რომ ჩაკეტილები ვიქნებით და მეორე მხრივ, ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველები ვიქნებით.
დერეფანი, როგორც ჩანს, ნიშნავს, საქართველოში უცხოელი ადამიანების შემოსვლის დაშვებას. დღეს როცა ევროპული ქვეყნები საუბრობენ, საზღვრების გახსნაზე, საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, რომ წლის ბოლომდე უნდა ვიყოთ გამოკეტილნი და მერე გახსნის. არანაირი ალგორითმი არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზედაპირული განცხადება გააკეთა, ყველაზე მაგრები ვიქნებით, ოღონდ წლის ბოლოსო. როგორ ვიქნებით, რას გააკეთებს – არ უთქვამს.
– პირველი როგორ ვიქნებით, ჩინეთმა მასპინძლობს უკვე ტურისტებს, საბერძნეთი იწყებს მალე ტურისტების მიღებას, მზადაა პრაღა და ა.შ….
– პირველი კი არა, თუ წლის ბოლოს აპირებენ გახსნას, ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბოლო მსოფლიოში, ამის გარანტიას გაძლევთ.
მათი პოლიტიკური ინტერესია, არ შემოუშვას ტურისტი, ხალხს შემოსავალი არ ჰქონდს, დაიმშეს და ამ პირობებში იაფად იყიდონ არჩევნები. მთავარია, არჩევნები მოიგონ და ჭირსაც წაუღია ყველა მშიერი ადამიანიო, როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ. ეს არის ეს არის მათი პრეზენტაციის გზავნილი.
იგივე გზავნილი იყო გახარიას პრეზენტაციაც, აი, ის 6 პუნქტიანი გეგმა, 2 კვირიანი შუალედით რომელ შეზღუდვებს მოხსნიან – რომელი გეგმაც ესპანურიდან დააკოპირეს, სიტყვებიც კი გადმოწერილია ოღონდ, იქ 4 ორკვირიანი იყო და ამათ თავისი ნოუჰაუ დაუმატეს.
– ესპანურ გეგმაში, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა შეტანილი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა, რადგან იქ, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, არც იყო აკრძალული – ამიტომ ვერ მოხვდა ქართულ გეგმაშიც ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნა?
– რასაკვირველია, ეს ხომ არ გამოუკვლევიათ, გადმოაკოპირეს და რადგან არ იყო ესპანურ დოკუმენტში მუნიციპალური ტრანსპორტი ნახსენები, ამათაც თქვეს, მოდი, ამას მერე მოვიფიქრებთ, ახლა ასე დავტოვოთო.
– სააკაშვილზეც უნდა გკითხოთ, თუ დაინიშნება თანამდებობაზე უკრაინაში – რა პლუსი და მინუსი შეიძლება ამ ფაქტს ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის?
– არანაირი მინუსი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ პლუსს ვხედავ, საქართველოს გულშემატკივარი ადამიანი, მაღალ პოზიციაზე იქნება და რა არის ამაში ცუდი?
– საუბრობენ, რომ მას ექნება უფლება, ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც უკრაინის წარმომადგენელი, რაც გამოიწვევს არეულობას.
– ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ იქ თანამდებობაზე დანიშვნა, საქართველოში იმუნიტეტს არ ნიშნავს. საქართველოშია გამოყენებული ზომები ჩვეულებრივად ძალაში რჩება, არაფერი იცვლება.
– ანუ, ბლეფია მის ჩამოსვლაზე საუბარი? ვგულისხმობ, უკრაინელი ჩინოვნიკის სახით ჩამოსვლას…
– რა თქმა უნდა. მეტი რა უნდა მოიგონოს ქოცის ტვინმა? ეგენი ხომ კანონს არ კითხულობენ? როგორც ის არ წაიკითხეს, რატომ არ დაწერა ესპანეთმა მუნიციპალური ტრანასპორტი, ისე, არ კითხულობენ კანონს, მაგრამ აქვთ სამაგიეროდ, ბოტების ქარხანა, რომელმაც, აი, რაღაცა მოიგონა.
„ალია“
კომენტარები