გუშინ, 10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. საქართველოს სასამართლო სისტემაში დარღვევები არ არის ახალი ამბავი გინდ ამ და გინდ წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ თარჯიმნის გარეშე, ენის არმცოდნე პირი გაესამართლებიოთ, ეს მართლაც პირველი შემთხვევაა. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილა ისე, რომ ენის არმცოდნე პირს, თარჯიმანი არ დაუნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ თარჯიმანზე არც პროკურატურას და შსს–ს უზრუნია, ყველა მტკიცებულება, კანონდარღვევით შედგენილი გამოდის. რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო, ეს მალე გამოჩნდება, თუმცა, ეს არ ცვლის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის თუ შსს–ს მიერ კანონის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
აღნიშნულ ფაქტზე, ალიას ესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც მუდმივად იბრძოდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, იგი თანაავტორი იყო კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში უვადოდ გამწესება.
ლევან გოგიჩაიშვილი:
ბრალდებულისთვის სასამართლო წარმოების ენაზე ბრალის წარდგენა, როდესაც ბრალდებული არ ფლობს სასამართლო წარმოების ენას, თარჯიმნის გარეშე, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს ავტომატურად იწვევს ბრალდების შეწყვეტას.
ამ შემთხვევაში, ის, რომ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა – არის ძალიან სერიოზული დარღვევა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასმართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას – ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება!
ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილების დროს, იმ ქვეყანაში სადაც იუსტიციის საბჭო თავის ადგილზეა და სადისციპლინო კომისია მუშაობს, ეს საკითხი გადაიხედებოდა და თუ ეს არ გახდებოდა საფუძველი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, მიეცემოდა ძალიან მკაცრი გაფრთხილება.
ეს არის სამწუხარო რელობა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით და საქმის კურსში ვაყენებდით საზოგადოებას, როდესაც ქართული ოცნება იფორმებდა სააკაშვილის მემკვიდრეობას. ეს მოსამართლეები არიან სააკაშვილის მემკვიდრეები, ადეიშვილის მოსამართლეები. სააკაშვილის დროს ისეთი უკანონო გადაწყვეტილებები გვხდებოდა, სადაც არსებითად ირღვეოდა ძირითადი საპროცესო მუხლები და მოსამართლეები იღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილების მიღებასაც მათ სთხოვდა პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ზუსტად ის რეალობა დადგა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით – ფუნდამენტურად დარღვეულია საროცესო კანონმდებლობა, პრინციპები, განსაკუთრებით ბრალის წარდგენის საკითხში, როცა მოსამართლე ამას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ არანაირი სასამართლო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, ეს ისეთი უხეში დარღვევაა, რომელზედაც, ძალიან რომ გინდოდეს, წესით, არ უნდა დახუჭოს თვალი არც იუსტიციის საბჭომ და არც სადისციპლინო კომისიამ.
სასამართლო სისტემაში ისევ ადეიშვილის მოსამართლეები არიან, პრინციპი არ შეცვლილა, პროკურატურას, როგორც ჩანს, ისევ აქვს გავლენა სასამართლოზე და ეს რეალობა ამიტომ მივიღეთ.
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ივანიშვილმა გადმოიბარა სააკაშვილის სასამართლო, ამის ძალინ ცხადი დემონსტრირებაა ეს ქეისი.
სასამართლო თუ არ გახდა დამოუკიდებელი, ეს გააჩენს უნდობლობას სასამართლოს მიმართ და ეს არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანები სასამართლოს უნდა ენდობოდნენ, თავისუფალი სასამართლო, ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. მიუხედავად არსებული რეალობისა, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ, ყველამ და მედიის ამოცანაც არის ის, რომ ეს საკითხი უნდა იქნას გარკვეული და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.
კომენტარები