მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პაპუაშვილის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.
პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალზე და 7 იანვარს შობის აღნიშვნის შესახებაც და აცხადებს, რომ ეს ორი საკითხი “რადიკალებმა” გამოიყენეს, რათა თავს დასხმოდნენ კათოლიკოს-პატრიარქს.
პაუაშვილის თქმით, ამ კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები პატრიარქის, ეკლესიის და ხელისუფლების რუსეთთან დაეკავშირებას ცდილობდნენ.
„რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს.
ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამ სტატიის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მსგავსი მტრული შეტევები ეკლესიაზე არა გულწრფელად გზააბნეული ადამიანებისგან მომდინარეობს, არამედ შეთანხმებული, ბოროტგანზრახული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დამცირება, რომელთა გარშემოც ისტორიულად ერთიანდებოდნენ ქართველები. ამ ადამიანების მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია.
რადიკალური ოპოზიციის, მათ კერძო სარგებლობაში არსებული პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და სატელიტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების“ მიერ ეკლესიაზე მიტანილი ბოლო იერიში, კერძოდ კი შერჩეული დრო, განსაკუთრებულად ცინიკური აღმოჩნდა. შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჩანაწერი არა „სტალინის ხატს“, არამედ წმინდა მატრონას ხატის მცირე ჩანართს აჩვენებდა, რომელზეც ამ უკანასკნელის სტალინთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სავარაუდო შეხვედრა იყო ასახული. ეკლესიამ გადაწყვიტა შეეცვალა ჩანართი, არა იმიტომ, რომ ხატზე ტირანის გამოსახვა არაკანონიკური იყო, არამედ იმიტომ, რომ ზემოთ აღწერილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავდა. ამასობაში, ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მომდევნო დღეებში მეორე პოლიტიკურმა აქტივისტმა ხატს საღებავი შეასხა, რითაც საზოგადოება აღაშფოთა.
ხატებზე ტირანების გამოსახვა ქრისტიანობაში დაშვებულია. უბისის ტაძარში ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მდევნელი, იმპერატორი დიოკლეტიანე სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, რომელიც წმინდა გიორგის ესაუბრება. დასავლეთ ევროპის ტაძრების ფრესკები მოწმობს, რომ ამგვარი პასაჟები არც დასავლური ქრისტიანობისთვისაა უცხო. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვაჩვენოთ ოპონენტების ნამდვილი განზრახვა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ მედიაში ატეხილი ხმაურიანი კამპანია ხატის ფრაგმენტს ქრისტიანულ ხატწერაში მიღებული ჩანართის ნაცვლად, „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა და ამით უფრო ამწვავებდა დეზინფორმაციის მათთვის სასურველ ეფექტს.
ეკლესიაზე იერიშის პარალელური ხაზი შობის 7 იანვარს აღნიშვნას შეეხებოდა (რომელიც 25 დეკემბერია იულიანური კალენდრით, რომელსაც ქართული ეკლესია აღიარებს). ოპოზიციამ ეს საეკლესიო კანონიკური საკითხი იარაღად გამოიყენა და შობის აღნიშვნას „რუსული შობა“ უწოდა. სინამდვილე კი ისაა, რომ შობის იულიანური კალენდრით აღნიშვნა ქართული ტრადიციაა, რომელსაც არც რუსეთთან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეკლესიასთან. ეს ტრადიცია არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი გაქრისტიანდებოდა. საინტერესოა, რომ დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომასაც სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული აქტივისტები, ამას, რატომღაც, არ აპროტესტებენ.
ეს ორი საკითხი რადიკალებმა გამოიყენეს, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს. ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქი, ეკლესია და ხელისუფლება რუსეთთან დაეკავშირებინა.
გარე დამკვირვებლისათვის ამ შეთანხმებულმა კამპანიამ მართლაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი, ხელისუფლებასთან ერთად, რუსული პროპაგანდის გამტარებელია, რომელიც თაყვანს სცემს სტალინს და რუსეთის კულტურულ გავლენას ავრცელებს. ვნახოთ, რამდენად უძლებს ეს ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდება ფაქტების უბრალო გადამოწმებას.
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი ქართულ საზოგადოებაში ისტორიულ რეტროსპექტივას საჭიროებს. ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა მსოფლიოში, საქართველო კი მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ ოფიციალურად ქრისტიანული ქვეყანაა. თავისი არსებობის დიდი ნაწილის განმავლობაში საქართველო ქრისტიანობის ერთადერთ ფორპოსტს წარმოადგენდა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სომხური სამეფოსა და ბიზანტიის იმპერიის განადგურების შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა, საქართველო უკვე საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქრისტიანული რწმენის დასაცავად.
გადარჩენის სასიცოცხლო საჭიროებამ ქართული სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთსასარგებლო არსებობამდე მიიყვანა, რაც ძალიან განსხვავდება დასავლური ქრისტიანული სამყაროს ისტორიული შიდა წინააღმდეგობებისაგან საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. ქართულმა მონარქიამ და ეკლესიამ გააცნობიერეს, რომ მათგან რომელიმეს დასუსტება მეორეს განადგურებას გამოიწვევდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენს საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში.
არაა გასაკვირი, რომ ამ ისტორიულმა ურთიერთობამ მყარად გაიდგა ფეხი და დღემდე მოგვყვება. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის ერთგულება სახელმწიფოს მიმართ არ უნდა აგვერიოს ეკლესიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ერთგულებაში, იქნება ეს „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა. მეტიც, ქართული ეკლესია ტრადიციულად შემწყნარებლობის დამცველი იყო. ამასთან, ეკლესია გმირულად ეწინააღმდეგებოდა ჯერ ბოლშევიკური და, შემდეგ, კომუნისტური ტოტალიტარიზმის შემოტევებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის არაადამიანურ მეთოდებში ვლინდებოდა. დღესაც კი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ის ეროვნული ინსტიტუტია, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ პოლარიზაციაში ჩართვაზე. ეკლესია ყოველთვის ხალხს უსმენს.
ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა. უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები