ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაჰყავთ.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, ერთსაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომ ინფიცირებულები გადაყვანილი იქნებიან კლინიკებში.
„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე. ამას დაერთო ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ადგილობრივი საზოგადოებისა იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მათმა პროტესტმა მიიღო მძაფრი ხასიათი, რაც გამოიხატა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში. თუმცა არც ერთი დაზარალებული პირი არ გვყავს, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არავისთვის.
დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სამართალდამცველებთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახებს ავუხსენით დეტალური ვითარება. ისინი დაგვთანხმდნენ სამკურნალოდ მათ გადაყვანაზე. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, ამ ადამიანების ყველა კონტაქტი უკვე ცნობილი და გამოკვლეულია, ტესტირებები ამ სოფლებში გაგრძელდება“, – აცხადებს გოგი მეშველიანი.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დიდმა ნაწილმაც უკვე დატოვა სოფელ მუშევანის შესასვლელი, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდნენ.
კომენტარები