ჩემი პირველი კომპიუტერი, ჯერ კიდევ 2000 წელს, მუშაობდა Windows 98-ზე და კარგად მახსოვს, რამდენიმე თვეში, როგორ გაჩნდა ხარვეზები, თუმცა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა, რას მთხოვდა, და როცა ეკრანი მთლიანად გალურჯდა, მეგონა, რომ მორჩა, ეს ჩემი კომპიუტერის სიკვდილის ნიშანია, გულგახეთქილმა დავიწყე სპეციალისტის ძებნა. მინდა გითხრათ, მაშინ საკმაოდ ჭირდა სპეციალისტის პოვნა, კარგის და ცუდის კი არა, ზოგადად, სპეციალისტის პოვნა და არც ასეთი ხელმისაწვდომი იყო ფინანსურად. როგორც იქნა, ვიპოვე და მახსოვს, რომ მიუჯდა კომპიუტერს, თავზე ვადექი, ჩემ „მომაკვდავ“ ახალ მეგობარს უცხო ადამიანთან მარტოს არ ვტოვებდი.
ეს ის დროა, ყველას, ვინც კომპიუტერთან მუშაობდა, პატივისცემით რომ უყურებდნენ, ის დროა, მეზობლის ქალს, რომელმაც პირველი კომპიუტერი იყიდა, ვორდის ფაილის „დასეივებას“ მთელი ორი თვე რომ ვასწავლიდი – ნახევარი საათი ვორდის ახალი ფაილის გახსნისთვის გვჭირდებოდა, (გულით უნდოდა თავად ეპოვა), ნახევარი საათი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით რამდენიმე სიტყვის ასაკრეფად და მომდევნო ნახევარი საათი, ფაილის შესანახად. თუ ძალიან არ მშიოდა, 15 წუთსაც ვატარებდით ძებნაში იმ ბრძანების, რომლითაც უნდა გამორთო კომპიუტერი, თუ ძალიან მშიოდა – პირდაპირ ღილაკიდან გამორთვის უფლებას ვაძლევდი. მერე ვისადილებდი, ყავას დავლევდი და მოვდიოდი. ცოტათი კი მრცხვენია, რომ მახსენდება რამდენჯერ დამიხუჭავს თვალი კომპიუტერის ღილაკიდან გამორთვაზე, მაგრამ ახლა სამაგიეროდ, საჯაროდ ვიტყვი – ეს არ გააკეთოთ, გარდა გამოუვალი სიტუაციებისა.
რა იწვევს პრობლემას?
ვინც მუშაობს, შეცდომებიც მას მოსდის, ვინც მუშაობს, ის იღლება, ვინც მუშაობს, ის ცვთდება. ცოტათი Microsoft-ის პროგრამისტები სცოდავენ, ამას ემატება პროგრამული უზრუნველყოფისას არასტაბილურობა, ტექნიკის დრაივერები, საეჭვო წარმოშობის, დავირუსებული პირატული თამაშები, ფილმები და ერთიანობაში მივიღებთ პროგრამულ კოქტეილს, რომელიც რობოტსაც კი „ათრობს“ და აბრუებს, ჯერ ერთი ფეხი აერევა, მერე ერთხელაც, სწორ ხაზზე ვეღარ გაივლის, ერთხელაც, ხმას ვეღარ ამოიღებს და ვერც ბრძანებებს გაიგონებს. ჩემი აზრით კი, ეს პრობლემა კი არა, შესაძლებლობაა, წარმოიდგინე, ვინდოუსს პრობლემების გარეშე, უწყვეტად რომ ემუშავა, ამდენჯერ და ასე სწრაფი ტემპით ხომ არ განაახლებდნენ? წარმოიდგინე, ახლა, 2024 წელს, ის ვინდოუსი რომ მქონდეს, რომელიც 2000 წელს და რომ არც კი ვიცოდე, ახალ ვერსიებზე? – არ მოგეწონა, ხომ?
რა შემთხვევებშია საჭიროა Windows გადაყენება?
კომპიუტერი ირთვება, მაგრამ Windows არ იტვირთება და ეკრანზე, შავ ან ლურჯ ფონზე სხვადასხვა წარწერები გამოდის;
კომპიუტერი ჩართულია, Windows ჩატვირთული, მაგრამ ბლოკირების სისტემა ითხოვს SMS- ის გაგზავნას;
კომპიუტერი ირთვება, მაგრამ უსასრულოდ სჭირდება ლოდინი Windows–ის ჩატვირთვას და ზოგჯერ, სრულად მაინც არ იტვირთება;
კომპიუტერი ჩართულია, Windows–ი ჩამოტვირთული და შენგან დამოუკიდებლად, მაუსსა და კლავიატურაზე ხელმიუკარებლად იხსნება სხვადასხვა უცნობი ფანჯრები, მოგდის შეტყობინება თანხის გადახდაზე, უცნობ ნომერთან დაკავშირებაზე – და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ეს ნიშანია იმისიც, რომ შენ მონაცემებს და პირადი ინფორმაციის დაცულობას საფრთხე ემუქრება;
როცა კომპიუტერის მუშაობა ნელდება, „იყინება“, შეშდება“, გვიან რეაგირებს ბრძანებებზე, ცხელდება და გამაგრილებლებს მაღალი, ხშირად, ხმაურიანი დატვირთვით იყენებს – ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ შენ ვინდოუსს უკვე ფეხი დაუცდა და საცაა წაიქცევა.
პატარ–პატარა „ავარიები“ თამაშისას, უსიამოვნო „გაშეშება“, ხმის, RAM-ის, შენახვის ან ვიდეო ბარათის პრობლემები.
ყველაზე სწრაფი გზა იმის გასაგებად, პრობლემა აპარატურაშია თუ პროგრამულ უზრუნველყოფაში, Windows-ის ხელახლა ინსტალაციაა. როგორც ხედავ, განსხვავებული, სხვადასხვა მიზეზები არსებობენ, რომელიც ვინდოუსის ინსტალაციისკენ მიგითითებს, ამიტომ არ არის საჭირო უამრავი დრო დახარჯო პრობლემის გადასაჭრელად, როცა დღეს ასე ხელმისაწვდომ ფასად, სწრაფად და მარტივად შეგიძლია Windows–ის გადაყენება.
რა უნდა გაითვალისწინო ვინდოუსის ინსტალაციამდე?
სანამ Windows–ის გადაყენებას გადაწყვეტ, დარწმუნდი, რომ შეინახეთ ყველა მონაცემი და თუ თავად ვერ მოახერხებ ამის გაკეთება, სთხოვე სპეციალისტს. მე პირადად, იმდენ პროგრამას ვიყენებ და იმდენი სხვადასხვა ვერსიით, პროგრამებსა და მათ ვერსიებსაც ვინიშნავ.
შეაფასებინე წინასწარ სპეციალისტს კომპიუტერის ტექნიკური მონაცემები, პროცესორი, მყარი მეხსიერებები, დროებითი მეხსიერებების მოდულები, ვიდეობარათები, მთავარი სქემა, რათა, ამ მონაცემების მიხედვით, ოპტიმალურად დაიგეგმოს Windows–ის რომელი ვერსია უნდა დაინსტალირდეს, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს.
რომელი Windows–ის ინსტალაცია სჯობს?
ამაზე მოკლედ გიპასუხებთ, ის, რომელიც კომპიუტერის ტექნიკურ მაჩვენებლებს შეესაბამება. უკეთესი მზა რეცეპტი ამის დასაგეგმად, არ არსებობს.
როდის შეგიძლია Windows–ის ინსტალაცია?
არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ვინდოუსის ინსტალაციაა არაა საჩქარო და სასწრაფო საქმე და მოიცდის, მაგრამ ვიღაცისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ იმ ღამით ითამაშოს მეგობრებთან ერთად, ვიღაცას არქიტექტორული ნახაზი აქვს დასასრულებელი, ვიღაცამ, სადღეღამისო კომპანიის კომპიუტერი თუ არ მოაწესრიგა, ვერ მოგემსახურება, ვერ იმუშავებს. ამიტომ, დიახ, ზოგჯერ, ვინდოუსის დროულ ინსტალაციაზე ბევრია დამოკიდებული და დაგვიანებულ ინსტალაციას კი, დიდი დისკომფორტის, ან ზარალის მოტანა შეუძლია.
დრო ფულიცაა, და კომფორტიც, ამიტომ servisebi.ge-ზე სპეციალისტების ნაწილი, მომხმარებელს კვირაში შვიდდღიან და დღეში 24–საათიან მომსახურებას სთავაზობს. რაკი ერთიანი, დიდი ბაზაა საიტზე წარმოდგენილი სპეციალისტების, კიდევ ერთი კომფორტი, რასაც მომხმარებელი იღებს ისაა, რომ ნებისმიერ ქალაქში შეუძლია ხელოსნის გამოძახება.
დამალაგე, გამწმინდე
ყველას გინახავთ, ალბათ, მტვრით სავსე, გაურეცხავ მანქანაზე, თითით დაწერილი სიტყვა – გამრეცხე, ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ნეტავი, თუ იცის ამის დამწერმა, რა ოდენობის მტვერი იყრის თავს კომპიუტერში? ერთხელაც მაინც თუ უნახავს?
დაალაგე ხოლმე შენი კომპიუტერი, ნუ დაყრი ფაილებს მხოლოდ ერთ ადგილას, გაანაწილე ფაილები მეხსიერების ბარათებზე, ნუ შეინახავ უვარგის ფაილებს და ნუ გადაყრი იმას, რაც არ იცი რა არის და იქნებ, გჭირდება? დაახარისხე ფაილები, წლების, საჭიროების, თემების მიხედვით. ასე შენც გაგიადვილდება მუშაობა და კომპიუტერსაც. თუ თავად ვერ ახერხებ კომპიუტერის გახსნას და გაწმენდას და დამიჯერე, მასში იმდენი მტვერი გროვდება, თითით – გამრეცხეს, – ვერც დაწერ, გამოიძახე სპეციალისტი და გააწმენდინე. თუ გსურს დიდხანს იმუშაოს, გაწმენდა აუცილებელია და თუ არ გსურთ დიდხანს იმუშაოს, მაშინ, იყოს, დატოვე მტვერში, მაინც არ ჩანს ეს მტვერი გარედან, მაინც შენ ჯდები ამ კომპიუტერთან და შენ სუნთქავ მასში ჩაბუდებულ მტვრის ნაწილაკებს, შენი კომპიუტერი ფუჭდება, ჩემი ხომ არა. კლავიატურის და თაგუნიას გაწმენდაც არ დაგავიწყდეს და ნუ ეცდები, ის ყავისფერი, თუ კიდევ უფრო მუქი ფერის ლაქები, „ჭორფლებად“ გაასაღო, ყველა ვცნობთ ტალახადქცეულ მტვერს და უბრალოდ, სახეში არ გახლით ხოლმე.
ვინდოუსის ინსტალაცია კომპიუტერის გაწმენდა არ ითვალისწინებს, ეს ცალკე მომსახურებაა და თუ მისი დამატებაც გსურს, ეს მეტ დროს საჭიროებს, ამიტომ წინასწარ შეუთანხმდი სპეციალისტს, რომ გაითვალისწინოს.
ფასი?
სადაც ათობით სპეციალისტია, იქ ხარისხის და ფასის კონკურენციაცაა. რომელი ვინდოუსი გინდა და რა ფასად, ამასაც თავად არჩევ. არ დაგავიწყდეს კომენტარების წაკითხვა, ყველა განცხადებაზე შეუძლია მომხმარებელს კომენტარის დატოვება და სასიამოვნო, თუ უსიამოვნო გამოცდილების გაზიარება. თუ შენც დატოვებ კომენტარს, სხვებს დაეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში.
შეჯამება:
დაეწყო კომპიუტერს პრობლემები? ვეღარ იღებ ასე ნაცნობ სიამოვნებას თამაშიდან? ფილმის ნახვიდან, მუსიკის მოსმენიდან? ვეღარ ახერხებ სწრაფად მუშაობას? – ნუ დაიღლი თავს მიზეზების ძიებაში, პირველი ნაბიჯი მაინც უმეტესად Windows–ის ხელახალი დაინსტალირებაა, როგორც ვეძახით ხოლმე, გადაყენება და რაც მალე – უკეთესი, რადგან, თუ პრობლემა, რის გამოც ვინდოუსს ინსტალაცის სჭირდება, – სერიოზულია, შესაძლოა, ბევრად მეტი დრო და ფინანსები დაგჭირდეთ შემდგომში, თქვენი „რობოტი მეგობრის“ გამოსაჯანმრთელებლად.
კომენტარები