ჟურნალისტი თეონა გეგელია ,,გახარიას კვირასთან” დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს:
,,რა ტიპის თანამშრომლობა მაკავშირებს გიორგი გახარიასთან (დაინტერესებული პირებისთვის)
რამდენიმე თვის წინ, დამიკავშირდა გიორგი გახარია, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორჯერ იყო ჩემი რესპონდენტი ტელევიზიაში.
მითხრა, რომ მისი პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებისთვის მუშაობდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებაზე სოცქსელში და უნდოდა არხის გაკეთება იუთუბზე. დახმარება მთხოვა კონტენტის შექმნაში. დავთანხმდი, რამდენიმე მიზეზის გამო:
– მე თავად მაქვს არხი იუთუბზე @NamdviliIstoriebi და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ვიდეოებს ამ ეტაპზე ვერ ვაქვეყნებ, ვაპირებ მომავალში ამ საქმის გაგრძელებას, რადგან იუთუბი მიმაჩნია ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმად ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის, მიუხედავად ობიექტური სირთულეებისა, რაც საქართველოსნაირ პატარა ბაზარს ახლავს.
– გახარიას პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზია, როგორც ეს თითქმის ყველა ცნობილ პარტიას აქვს საქართველოში. რაც კარგია, რადგან ქართული პარტიები ამ ინსტრუმენტს მაყურებლის გასაშტერებლად იყენებენ და არა მისი ინფორმირებისთვის, მაგრამ ეს მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა პარტიებთან. საინტერესოა, სოცქსელებით როგორ და რა დოზით ამოივსება ეს უთანაბრობა.
– გიორგი გახარია მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ერთადერთ იმ ქართველ პოლიტიკოსად თავის ახალგაზრდა გუნდთან ერთად, რომელსაც დღეს აქვს რესურსი რეალურად შეცვალოს ის მახინჯი სტატუს-ქვო, რომელიც არსებობს ქვეყანაში.
რაც შეეხება ყოველკვირეულ გადაცემას „გახარიას კვირა“, ამ ფორმატის (პოლიტიკოსი/ ჟურნალისტი) იდეა გაჩნდა არხის კონტენტზე ფიქრისას და ის ჩემთვის საინტერესოა პროფესიული კუთხით. პირველი ეპიზოდი გავიდა გუშინ. ვნახოთ, რა გამოვა. https://is.gd/mG6t3K
აქვე ვწერ, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრი არ ვარ. ზოგადად, არ ვაპირებ, რომელიმე პარტიის წევრობას მომავალშიც.
2019 წლის ბოლოდან მედიასაშუალებებს არ წარმოვადგენ. ამ ხნის განმავლობაში არცერთი მედიაკომპანიისგან არ მიმიღია არანაირი შემოთავაზება რიგითი რედაქტორის პოზიციაზეც კი (ვიცოდი რატომაც, ამიტომ არც მე მომიკლავს თავი მათთან დაკავშირებაზე).
ამ წლების განმავლობაში ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო და არის – თარგმანები. გადაცემაში „გახარიას კვირა“ ანაზღაურებას არ ვიღებ, ჩემი ინტერესი პროექტის მიმართ ზემოთ დავწერე.”
გიორგი გახარიამ საკუთარ Youtube-არხზე დაიწყო ახალი გადაცემა, რომელიც თეონა გეგელიას მიჰყავს
კომენტარები