ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, რატომ უშვებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გენშტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის პოსტიდან? თუ მართლა გაუშვებს, რა შეიცვლება რუსეთს–უკრაინის ფრონტზე?
– რაც მთავარია, ჩვენ არ ვიცით ნიუანსები მათი დაპირისპირებისა, ზელენსკის ამ მოსალოდნელი გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, ძნელია იმსჯელო იმ მიზეზებზე, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ კონფლიქტს თუ გაუგებრობას. ვიდრე ძირითად საკითხზე გადავალ, ერთს ვიტყვი. ეს არის ორი ლიდერი, ერთი პოლიტიკური და მეორე სამხედრო, რომელთა მადლობელი უნდა იყოს დასავლეთი და ზოგადად, კაცობრიობა, რადგან მათ თავიანთი პიროვნული სიმტკიცით, კომპეტენტურობითა და ვაჟკაცობით მოახერხეს მოეგოთ რუსეთ–უკრაინის ომის პირველი ფაზა, როდესაც რუსეთი კიევის მისადგომებთან იდგა და ყველა თვლიდა, რომ უკრაინის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო. თან ეს მოახერხეს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. მაშინ არც იარაღს აწვდიდა დასავლეთი უკრაინას და არც იარაღის შესაძენ ფულს, მხოლოდ მორალურად უჭერდა მხარს. ამისთვის მათ ეკუთვნით დიდი მადლობა და დაფასება. თუმცა, ზოგადად, პოლიტიკის, ისტორიის, ომის ესა თუ ის მონაკვეთი, ძალიან მკაცრად ფასდება. არა იმის მიხედვით, რა მოხდა გუშინ, არამედ რა მოხდება ხვალ და საბოლოო შედეგი რა იქნება. ძალიან სამწუხროა, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ვეღარ გააგრძელებენ ერთად საქმიანობას და მათი გზები იყოფა. ადამიანური გადასახედიდან, რომელიც მათ მიმართ ჩვენში მადლიერების გრძნობას სტოვებს, ძალიან საწყენია. აღარ შევუდგები იმაზე ლაპარაკს, უკრაინა რომ დაცემულიყო, რა დღეში ჩავარდებოდა მსოფლიო და პირველ რიგში ევროპა. ჩამოიშლებოდა ერთიანი უსაფრთხოების სისტემა, რომლის გარანტებიც ამერიკა– ევროპის ტანდემი არიან და კაცმა არ იცის, მერე რომელი ქვეყანაში შეიჭრებოდა უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი, რომელი ქვეყნები გახდებოდნენ მისი სამხედრო მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები. შესაძლოა, მიგვეღო დიდი ომი და არა მხოლოდ ევროპისა და რუსეთის ჩართულობით. ბოლოს ვინ გაიმარჯვებდა, ესეც საკითხავია და ეს ძალიან დიდ სისხლიან კვალს დატოვებდა ისტორიაში. ახლა, რასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების, ომისა და სამხედრო საქმის მცოდნე, ამ საკითხით დაინტერესებული ვარ, ჩემთვის ამ ორ ფიგურას შორის უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტი ზელენსკი. ნებისმიერ ომში პრიმატი ეს არის პოლიტიკა და არა სამხედრო საქმე, სამხედრო ლიდერი. რა თქმა უნდა, ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგალითად ნაპოლეონი, თუმცა, ეს იშვიათი გამონაკლისებია. ნებისმიერ წარმატებულ ომში საჭიროა მყარი პოლიტიკური საფუძველი. აქედან გამომდინარე, ამ დაპირისპირებაში, იურიდიული, მორალური თვალსაზრისით, ზელენსკი არის მთავარი, რადგან ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, ზალუჟნი კი – მთავარსარდლის სამხედრო ინსტრუმენტი. თუ უმაღლესი მთავარსარდალი თვლის, რომ სჭირდება სამხედრო ხელმძღვანელობის განახლება, ეს მისი რისკია. რამდენად გონივრულია ეს რისკი, მომავალში გამოჩნდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვურჩიოთ ზელენსკის, რომ ზალუჟნი დამსახურებული გენერალია, პოპულარულია და დატოვოს პოსტზე. გადაწყვეტილებას იღებს ზელენსკი და ის არის პასუხისმგებელი შედეგებზეც. შესაძლოა, დასავლეთელმა პარტნიორებმა ურჩიეს ზელენკის, რომ არ გადადგას ეს ნაბიჯი, მაგრამ მის საქმეებში არავინ ჩარეულა. თუ მოხსნა ზალუჟნი, არც დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება ზელესკის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი დიდად აფასებს ზალუჟნის და იმას, რაც მან გააკეთა. თუმცა, დასავლეთმა ისიც კარგად იცის, რომ რაც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ზალუჟნის, მთავარი პასუხისმგებელი პირი უკრაინაში ზელენსკია.
– რა გავლენას მოახდენს ზალუჟნის შეცვლა ამ ომზე?
–გარკვეულწილად და სავარაუდოდ, მოახდენს გავლენას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ურჩევდა ზელენსკის, ეს დაპირისპირება არ მიეყვანა აქამდე. თუმცა, ზელენსკიმ მათ არ დაუჯერა. მოკლევადიან გავლენას მოახდენს, ბევრი უკრაინელი სამხედრო იმედგაცრუებული იქნება. უკრაინა, ჩვენი არ იყოს, პოსტაბჭოთა ქვეყანაა, ჯერ მაინც ძველი კლიშეებით ცხოვრობს და იქაც ბევრს მიაჩნია, რომ ვიღაც კეთილი, ძლიერი მხედართმთავარი გადაარჩენს ქვეყანას. სამხედრო ხელოვნება ამას არ სცნობს. სადაც ლაპარაკია მშრალ სამხედრო ხელოვნებაზე, იქ ყველამ იცის, რომ შეუცვლელი სამხედრო არ არსებობს. ყველაზე წარმატებული მხედართმთავარის კარიერაშიც კი, წაგებულ და მოგებულ ბრძოლების რაოდენობას შორის, არც ისეთი დიდი სხვაობაა. ეს არ არის ჩემპიონატი ჩოგბურთში, სადაც ჩემპიონი ყველა თამაშს იგებს. სამხედრო საქმე ეს არის დაგეგმარება, ეს არის შტაბი, სამსახურები, მთელი მართვის ვერტიკალი და ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული. ნებისმიერი ომის და ბრძოლის მართვა ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და არა ის, რომ ვიღაც გენიალური მხედართმთავარი, ერთი შეხედვით ეშმაკური კომბინაციებით იგებს ომს.
– ზალუჟნის ხომ არ გაჰყვება ჯარის ნაწილი? გენერალიტეტის ნაწილი მაინც?
– შესაძლოა, ასეც მოხდეს და რომ გაჰყვნენ, მერე რა? აგერ, უამრავი რუსი გენერალი დაიღუპა, ბევრი მოხსნეს და ამას გავლენა არ მოუხდენია რუსეთის სამხედრო მმართველობაზე. გენერლები ზალუჟნის სამსახურში არ არიან, ისინი უკრაინას ემსახურებიან და ზალუჟნის თუ გაჰყვნენ, არ იქნება მათგან სწორი საქციელი. თუ გაჰყნენ, ეს არც დაასუსტებს და არც ჩამოშლის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკის სურს, ცვლილებები მენეჯმენტში, ეს მან განაცხდა, სურს ახალი სული შთაბეროს მოქმედებებს. არჩეული პრეზიდენტია და მას ეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს. არც ერთ სამხედროს არ აქვს უფლება, წინ აღუდგეს პოლიტიკურ ნებას, მით უმეტეს, სამხედრო მოქმედებების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნი ჩემს სიმპათიას იმსახურებს, მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომლებიც არ უნდა დაეშვა. პოლიტიკური ელფერის ინტერვიუებს იძლეოდა და ერთ–ერთ ინტერვიუში შეეცადა, თავი ემართლებიანა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე შეტევა რატომ არ განახორციელა. ეს არასწორი მიდგომაა სამხედროს მიერ, რომელიც თავს იმართლებს, რომ პრაგმატული მიდგომა მქონდა, რაღაც დავინახე და ამიტომ შეტევა არ დავიწყეო. პროფესიული თვალსაზრისით, ყველა ოფიცერს ყურში ცუდად მოხვდა, თითქოს პოლიტიკური მიდგომა ჰქონდა და ზალუჟნი სხვაზე უკეთ ხედავს ომს. არა, სამხედრო ვერ ხედავს ომს, სამხედრო ბრძოლებს ხედავს. ზალუჟნის საქმე იყო, რომ მას შარშან, გაზაფხულზე შეტევა უნდა დაეწყო.
– რეალური მიზეზი ზალუჟნის და ზელენსკის დაპირისპირებისა ეგ ხომ არ იყო, რომ უკრაინამ, შარშან, გაზაფხულზე შეტევა არ წამოიწყო?
– შესაძლოა ეს არის ერთ–ერთი მიზეზი. უკრაინას 2023 წელს ჰქონდა შანსი, სწრაფად დაემთავრებინა ომი და ეს შანსი მას აღარ ექნება, ეს უკვე გამორიცხულია. უკრაინის არმია კი არ იყო მაშინ განსაკუთრებით ძლიერი, არამედ არმიაში იყო რეზერვი, რომელიც შეტევაში უნდა გამოეყენებინათ, ჰქონდათ ახლადგადაცემული ჯავშანტექნიკა, რომელიც იმ ეტაპისთვის საკმარისი იყო, გამოეყენებინათ ღრმა შეტევითი ოპერაციისთვის. მაშინ რუსული არმია განიცდიდა კრიზისს ყველა შეფასებით–მისი სამეთაურო რგოლი მოშლილი იყო, ამას დაემთხვა პრიგოჟინის დაპირისპირება შოიგუსთან და გერასიმოვთან. ეს დრო, ეს მომენტი უნდა გამოეყენებინა უკრაინის არმიას. ამ შანსმა ჩაიარა, ახლა დარჩა რუტინა. შარშან, გაზაფხულზე უკრაინა ვერ მოახერხებს წარმატებული შეტევის განხორციელებას. არ გვაქვს ინდიკატორები, რომ 3 თვეში, გაზაფხულისთვის უკრაინა დააგროვებს ისეთ ძალას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის არმიის უპირობო განადგურებისთვის. ახლა პიკური მდგომარეობაა რუსეთის არმიისთვის. მას არ შესწევს უნარი, გადავიდეს აქტიურ მოქმედებაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგუროს, მაგრამ არც უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს აქვთ ისეთი უპირატესობა, რომ რუსეთის არმიია გატეხოს, თუ ის შეტევას დაიწყებს. ახლა პარიტეტია ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის. ნელ–ნელა რუსეთის არმიას ეტყობა გადაღლა–გამოფიტვა და თუ მას პირველი მობილიზაციის პერიოდში შეეძლო 200–250 ათასი სამხედროს მობილიზაცია, ახლა სულ უფრო და უფრო რთული ხდება მისთვის პერსონალის შევსება. რუსეთის რესურსი იკლებს, შეიარაღების მწყობრში ჩაყენების, ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის გამოშვების კუთხით აქვს პრობლემები. რეგრესი რუსეთის არმიაში დაწყებულია, მაგრამ არც უკრაინის არმიას შეუძლია სწრაფად მოახერხოს ახალი ძალების ჩამოყალიბება. დასავლური მხარდჭერა ისევ აქვს უკრაინას, ახლახან 50 მილირდი გამოუყო იარაღის შესაძენად ევროკავშირმა და პირველ ტრანშს უკრაინა მარტში მიიღებს, მაგრამ პროცესები ნელ–ნელა გააქტიურდება, გაზაფხულზე შეტევის დაწყებას ვერ მოხერხებს უკრაინა. უკეთეს შემთხვევაში, საამისოდ უკრაინის არმია მზად შეიძლება იყოს 6–8 თვეში, შეიძლება 1 წელიწადში. ამ ვადაში შეიძლება მიაღწიოს მზადების იმ დონეს, რომელიც შარშან გაზაფხულზე ჰქონდა. ასევე, კი, გადასცემს ამერიკა F-16–ებს უკრაინას, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, როდის იქნებიან მზად ამ ბომბდამშენების გამოყენებისთვის უკრაინელი პოლოტები და მათი დამხმარე პერსონალი. ეს როცა მოხდება, რუსეთი დაკარგავს ჰაერში ბატონობას და კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება იმისა, რომ უკრაინა მზად არის ღრმა შეტევითი ოპერაციისთვის. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ზალუჟნის ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. კი, მისი წასვლა გარკვეულ განწყობას შესცვლის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ეს დროებით. ნორმალური, გამოცდილი სამხედრო დაიკავებს მის ადგილს და უკრაინის არმია ისევ იქნება ბრძოლისუნარიანი. არ მგონია, გენშტაბის უფროსად სამხედრო დაზვერვის უფროსი, კირილ ბუდანოვი დანიშნონ, არის მასზე ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ სამხედრო დაზვერვა სხვა სპეციფიკაა და არმიის სარდლობა სულ სხვა. უკრაინაში, უკრაინის არმიაში გაზრდილი და ავტორიტეტული სამხედრო პირი უნდა გახდეს გენშტაბის უფროსი, ეს საუკეთესი ვარიანტად მიმაჩნია. ამბობენ, რომ არც სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალ ოლექსანდრ სირსკის აქვს ასეთი ავტორიტეტიო, რომელიც ასევე გენშტაბის უფროსობის კანდიდატად ითვლება.თუმცა, მას არა ერთი წარმატებული სახმელეთო ოპერაცია აქვს განხორციელებული. ვნახოთ, რა მოხდება, როდის გადააყენებს ზელენსკი ზალუჟნის და ვის დანიშნავს მის ნაცვლად. გამოცდილი გენერლების ნაკლებობა მართლა არ აქვს უკრაინას.
კომენტარები