დინამიკურად, სწორი მოქმედებით ჩვენ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ათეულში აღმოვჩნდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც პრემიერისგან პირველ სხდომაზე იყო წარმოთქმული, ალბათ მარტივად გასაგები იყო. ეს იყო გზავნილი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. როდესაც ჩვენ გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის ძალიან კარგი შედეგები და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებულები, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე, დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, რაღაც სახლებში შევარდნებით და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენილი. პირიქით, დინამიკურად, სწორი მოქმედებით ჩვენ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში, მსოფლიო ათეულში აღმოვჩნდეთ, როგორც მომავალმა პრემიერმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა და როგორც უკვე არჩეულმა პრემიერმა დღეს თქვა და შემთხვევითი არ იყო ამასთან დაკავშირებული გზავნილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები