ანი დვალიშვილი
ახალი პრემიერი, ძველი მინისტრთა კაბინეტი და მზადება არჩევნებისთვის. ეს არის ის, რითაც ირაკლი კობახიძე კარიერის ახალ ეტაპს იწყებს. ჰო, სწორედ რომ კობახიძე და არა სხვა ვინმე, რადგან პარტიაში, თითქოს არსაიდან მოსული ბიჭი პოლიტიკური ველის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა და იქ დარჩენას დიდ ხანს აპირებს. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ მისი გაშვება ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება და ნუ იტყვით, რომ მას ეს მალე არ მოუნდება – „შეუცნობელია გზანი ბიძინასანი“. მმართველი გუნდისთვის, პრემიერის ცვლილებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან, ძალიან ბევრს, ღარიბაშვილთან ურთიერთობა დალაგებული ჰქონდა, პარლამენტარის სავარძელიც კიდევ ოთხი წლით ჰქონდა მორგებული, ახლა კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გადახედეთ „ოცნების“ დეპუტატების გვერდებს სოციალურ ქსელში – მამლის ყივილამდე უღალატეს ერთ ირაკლის და მეორე ირაკლის ქება-დიდება დაიწყეს, პრემიერობა მიულოცეს და მისთვის ხელის ჩამოსართმევად რიგიც დადგა. ერთი ეგაა, ყველა ამთავითვე ხვდება, რომ კობახიძეს კადრების შერჩევის დროს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა არ ექნება, რადგან პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში ასაფრენად გამზადებული მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბექა დავითულიანი, ივანიშვილმა ჰაერშივე ჩამოსხნა და მხოლოდ ერთის, თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა მისცა. ესეც იმიტომ, რომ ერთი კაცი მაინც რომ არ შეეცვალა ახლა პრემიერს, მაინცდამაინც ლამაზი არ იქნებოდა.
მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, რომ მინისტრების ჩანაცვლება ეტაპობრივად მაინც მოხდება და მათ პარალელურად, შეიცვლებიან გუბერნატორებიც. ამასთან ერთად, შესათანხმებელია საპარლამენტო სიაც, რომელსაც ხელი სწორედ ივანიშვილმა უნდა მოაწეროს და კობახიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში საკუთარი გუნდი უმრავლესობის უმრავლესობაში ჰყავდეს და მთავრობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოც აკონტროლოს. ეს კარგად იცის ივანიშვილმაც და რაც მთავარია, კარგად იცის კალაძემ, რომელიც რეალურად, კობახიძის ერთადერთი კონკურენტი გახდა, თორემ ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაბალ ეშელონებში უკვე რომ დაიწყო, ყველა აღიარებს. მეტიც, ღარიბაშვილს, პარტიის თავმჯდომარის პოსტის მიუხედავად, არანაირი რესურსი და შესაძლებლობა აღარ ექნება იმისა, რომ პარლამენტში ერთი კაცი მაინც გაიყვანოს და ყველაზე დიდი, რისი უფლებაც შეიძლება მისცენ, 2025 წელს, დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატად თავისი კადრი დაასახელოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ღარიბაშვილი არ გამოაცხადებს, რომ სასწავლებლად მიდის და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, რომელსაც უდიდესი ალბათობით, სწორედ კალაძე გადაიბარებს.
კომენტარები