“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარში დახარჯული ფული არის არამიზნობრივად დახარჯული, რადგან სისტემამ არცერთხელ არ გაამართლა.
“სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში დახარჯული ფული არის არამიზნობრივად დახარჯული, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ეფექტი მიღებული იმ გასროლებიდან თუნდაც, რომელსაც ახორციელებენ, თუმცა იყო წლები, როდესაც ფაქტობრივად გასროლებსაც არ ახორციელებდნენ და არ ჰქონდათ საერთოდ ის ჭურვები, რომლებიც უნდა გაესროლათ.
ამიტომ ვამბობთ ყოველთვის, რომ ეს არის წყალში გადაყრილი ფული, ეს არის ჩინოვნიკების ჯიბეებში დალექილი ფული და ეს არის ჰაერში გასროლილი ფული. ახლა ხელისუფლებამ რა რაოდენობის ზარალზეც გინდა ილაპარაკოს, ფაქტია ის, რომ მოსავალი განაგურდა. ეს ადამიანები, რომელთა ვენახებიც დაზარალდა, დარჩენილი არიან შემოსავლის გარეშე და ფაქტიურად განწირულია შიმშილისთვის.
დღევანდელ ხელისუფლებას გლეხი, ფერმერი ახსენდება მხოლოდ არჩევნების დროს და არ აინტერესებს რით სულდგმულობენ ეს ადამიანები. ეს 20 მილიონი, რომელიც დაიხარჯა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის ჰაერში გასროლილი და ძალიან ბევრი ჩინოვნიკის ჯიბეში ჩალექილი ფული”
სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ნახევარსაათიანმა უამინდობამ ვენახები, ალუჩის ბაღები და ბოსტნეულის ნარგავები გაანადგურა.
კომენტარები