პედაგოგი, მაკა სახურია:
ერთი უსაყვარლესი მეექვსე კლასი მყავს. საცელქეთია. კლასი რომ მართო და ნაყოფიერი გაკვეთილი ჩაატარო, 50 ათასი მეგაბაიტი ენერგია უნდა დახარჯო. სულ წესებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ონავრებთან ყველა კანონი თოვლზე თითით დაწერილი სიბრძნეა. დღეს მეხუთე გაკვეთილი გვქონდა. პარასკევია. ბავშვებიც და მასწებიც გაძლებაზე ვართ და ვიქენდის ნეტარებები გველანდება, ზარი ხსნაა.
მე ვდგავარ და ხალხურ ბალადა “ჯარჯის” ვხსნი გაქაფული. ხვითქი გადამდის. ვყვები, რას ნიშნავდა ძველი ეპოქის ფშაველისთვის ნადირობა. ჯიხვზე ნადირობა რა სახიფათო იყო. კლდიდან კლდეზე როგორ დაფრინავდნენ ეს გადარეული რქოსნები და ფეხწრიაპიანი ჯარჯიც როგორ მისდევდა, მათი სილამაზის ექსტაზითა და შინ ხორცის მიტანის ვნებით ატანილი. ჩემი ცელქები, როგორც იქნა, მოვინადირე და გასუსულები მისმენენ.
მე რომ ძაან როლში ვარ და ჯარჯისთან ერთად კლდეზე მივფრინავ, ამ დროს შხუილით იღება კი არადა, შემოინგრევა საკლასო ოთახის კარი და უცნობი მოსწავლე ისე შემოვარდება, როგორც შამპანურის ბოთლის საცობი შეასკდება ხოლმე ჭერს ზოგჯერ. შემოვარდნილიც გაოცებულია და კლასიც გაოგნებული შეჰყურებს. წამით ყველა გაიყინა.
– ეს უეჭველი ჯიხვებს მისდევდა არხალოს ჭალაში! – ვამბობ. ბავშვები ჰომერულად ხარხარებენ. ჯიხვებზე მონადირე უხერხული ღიმილით ტოვებს საკლასო ოთახს.
კომენტარები