დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება თბილისსა და რუსთავს, გიორგი გახარიას თქმით, ის დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები რუსთავსა და თბილისში, რაც პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომიჯნავე რაიონებში. თუმცა უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ეს საკითხი დადებითად თბილისსა და რუსთავშიც გადაწყდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქუთაისში ჯერჯერობით რჩება ბლოკ-საგუშაოები, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, ასევე დღეიდან ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება, რომელიც პანდემიის გამო ამ დრომდე შეჩერებული იყო. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები გაუწევს მონიტორინგს.
კომენტარები