განათლების მინისტრის განცხადებას, ლექტორი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში ეხმაურება :
,,რამდენ ხნიანი უნდა იყოს სწავლა ბაკალავრსა და მაგისტრატურაზე? – ამ კითხვის საპასუხოდ, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა შედეგებს უნდა ფლობდნენ სტუდენტები სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე, როგორც ზოგადი, ასევე დარგობრივი კომპეტენციებით, აკადემიური განათლების საჭიროებისა და უნარ-ჩვევების საჭიროებების მიხედვით.
დღევანდელ უნივერსიტეტებს ბაკალავრიატის პირველ პერიოდში უწევთ ლამის სკოლის დამამთავრებელი კლასების შეთავსება, რადგანაც, ხშირად, სკოლა უშვებს ახალგაზრდებს, რომლებიც ნაკლებად ფლობენ იმ წინაპირობებს, რაც აკადემიურ სწავლებას სჭირდება, დაწყებული საგნობრივი კომპეტენციებით, გაგრძელებული ზოგადით და დამოკიდებულებებით.
სკოლის პერიოდში სწავლისადმი ერთგვარად აგდებული დამოკიდებულება, რასაც სკოლა უქმნით, ახალგაზრდებს უჩენს ილუზიას, რომ სწავლა არ არის საჭირო და მთავარია მიიღონ კრედიტები, საბოლოოდ დიპლომი და მომავალი აეწყობა თავისით.
იცვლება თაობები, ყოველი ახალი ნაკადი ბევრად უფრო ნიჭიერი, უნარიანი, ჯანსაღი, მაგრამ მოუმზადებელი მოდის, წლები გადის, მაგრამ არ იცვლება პოსტსაბჭოური მიდგომა – “იქნება რამე”.
სტუდენტები კვირაში ორიოდე საათს თუ უთმობენ სწავლას, აქტიურად არის შემორჩენილი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროინდელი მანკიერი მიდგომა შესაფასებელი დავალების, პრეზენტაციის, შუალედურის, გამოცდის წინ უცბად წამეცადინება და მის ხარჯზე საგნის ნომინალურად ჩაბარება.
დღევანდელ უნივერსიტეტებს უხდებათ სკოლიდან გამოყოლილ მანკიერებებთან ბრძოლა, რომ სტუდენტებმა სწავლაც, პროფესიაც და საკუთარი მომავალიც აღიქვან საკმარისი სერიოზულობით და ასევე სერიოზულად მოემზადონ მომავალი მძიმე კონკურენციისათვის.
ამ ბრძოლაში, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტი იმ დონეზეა წარმოდგენილი, რაც წესით სკოლის დასრულებისას უნდა ჰქონდეს და არა უნივერსიტეტის დასრულებისას, მაგისტრატურა კი ხშირად დე ფაქტო ბაკალავრის ფუნქციას ასრულებს.
შესაბამისად, თვალწინ გვაქვს კონკურენციისადმი მზაობა კი არა, ჩამორჩენა, 12 კლასის დასრულებისას პირობითად 9 კლასის შედეგი, ბაკალავრის დასრულებისას 12 სასკოლო წლის შედეგი ან მაქსიმუმ საკოლეჯო ეტაპი, მაგისტრატურის დასრულებისას კი პრაქტიკულად – ბაკალავრის შედეგი.
ამ ფონზე, მე ვეჭვობ, სწავლის შემცირების ხარჯზე კიდევ უფრო ოპტიმიზდეს სტუდენტებში სამომავლო კონკურენციისადმი საკმარისი მზაობა.
მსგავსი გადაწყვეტილებების წინ საერთო სურათი და შედეგები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები უნდა იყოს გათვალისწინებული, ქვეყნის საკუთარი და არა მხოლოდ სხვების გამოცდილება.”
კომენტარები