ასტროლოგი რამაზ გიგაური მარტის პროგნოზს აქვეყნებს:
„ინგრესია:
* 10 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში
* 12 მარტი > ვენერა თევზების ზოდიაქოში
* 20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში (ასტროლოგიური ახალი წელი)
* 23 მარტი < მარსი თევზების ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები: არ არის.
* ახალმთვარეობა – 10 მარტი (13:00 საათზე)
* სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება – 25 მარტი (11:00 საათზე)
მარტი – ასტროლოგიური მოვლენებით არც თუ დატვირთული თვეა. თუმცა ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე ვერძის პირველ გრადუსში შედის. ეს არის გაზაფხულის ბუნიაობა (დღეღამტოლობა) და ასტროლოგიური ახალი წელი. თბილისის დროით ეს დადგება 20 მარტს, 7:07 საათზე (ამ დღის აღსანიშნავად 10-20 მარტის შუალედში გავაკეთებ Live-ს).
მარტის პირველ დეკადაში შედარებით რთული ემოციური ფონი იქნება. ამაზე მიანიშნებს მზე-სატურნის შეერთება (მართალია სეპარაციული შეერთება, მაგრამ მაინც), რასაც მოჰყვება 10 მარტის ახალმთვარეობა და შემდეგ უკვე მზე-ნეპტუნის შეერთება. ეს შეიძლება შევადაროთ გასაწმენდი სათვალით სიარულს ან სულაც დასვრილი სარკმლიდან ყურებას. რაც სიმბოლურად მიანიშნებს ბუნდოვანებაზე, არამკაფიოობაზე და ილუზიურ გარემოებებზეც კი. ოღონდ ეს ყველაფერი შესაძლოა „შეფერადებული“ იყოს ნეგატიური განცდებითა და მოლოდინებით. გარკვეულწილად ამაშე „დამნაშავე“ თებერვლის დესტრუქციული პერიოდი იყო, როდესაც ბევრი რამ „დაიშალა“, დამუხრუჭდა ან ვერ განვითარდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთელი მარტის პერიოდში სასურველია მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოვლენა, რათა თავიდან იქნას არიდებული ბუნდოვან, ილუზიურ, საეჭვო და უკანონო გარემოებებში მოხვედრა.
მზე-ნეპტუნის შეერთების დადებითი გამოვლენა იქნება შემოქმედებითი უნარების, წარმოსახვისა და ფანტაზიის გაძლიერება, რაც ხელოვნებაში სასიკეთო შედეგების მიღების ალბათობას მკვეთრად გაზრდის. ასე რომ, მარტი შეიძლება ხელოვანებისთვის საკმაოდ პოზიტიურ თვედ მოვიაზროთ. ბევრი ადამიანი თავის შემოქმედებაში შეძლებს ახალი ნაბიჯების გადადგმას, ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებას ან სულაც უკვე დაწყებულის გაგრძელება-განვითარებას. ეს კარგი დროა კრეატიული ადამიანებისთვისაც. ის პიროვნებები, რომლებიც მუშაობენ ახალი კრეატიული იდეების მოფიქრებაზე, ეს თვე მათთვის დადებითი აღმოჩნდება (მითუმეტეს, რომ 12 მარტიდან ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, სადაც ის ეგზალტირებულია და საკმაოდ ძლიერად, ინტენსიურად და დადებითად ვლინდება).
გარდა ამისა, მარტი ასევე საინეტერესო იქნება საკუთარ რწმენა-წარმოდგენებში გარკვევისთვის, ფსიქოლოგიური „გადატვირთვის“ და საკუთარ ფსიქიკაში გარკვევისთვის. აქედან გამომდინარე, ეს თვე დადებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მედიტაციის, რელიგიური პრაქტიკის დაწყებას, ან სულაც ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებას აპირებენ.
დამატებით ასტროლოგიურ ახალ წელზე შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს სასურველია 2024 წლის მიზნების ფორმირება, მომავლის დაგეგმარება, ვიზუალიზაცია, მედიტაცია, აფირმაციების რწმენით წარმოთქმა და მსგავსი პრაქტიკები. 20 მარტი – ეს არის ახალი ასტროლოგიური წელის პირველი დღე და მას იგივე ასტროლოგიური მნიშვნელობით გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იგივე 1 იანვარს. სასურველია, 20 მარტს ადრე გავიღვიძოთ და 6:50 – 7:10 შუალედში (თბილისის დროით) კოსმოსში გავუშვათ ჩვენი დადებითი გზავნილები. მომავალში მათი რეალიზაციის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება.
მარტის პირველ ნახევარში მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს მარსი-ურანის კვადრატი, რომელიც მიანიშნებს დაძაბულობაზე, აგრესიულ ფონზე, სიტუაციის მოულოდნელ და აგრესიულ შემოტრიალებაზე, კონფლიქტურობაზე და დაპირისპირებებაზეც კი. მითუმეტეს, რომ 10 მარტიდან აზროვნების პლანეტა – მერკური ვერძის ზოდიაქოში გადავა და ვერბალურ დონეზე გაზრდის იმპულსურობის ალბათობას (რაც შეიძლება მივიდეს არასასურველ და ნეგატიურ წამოცდენებამდე, რაც ბუნებრივია, შეიძლება გახდეს კონფლიქტის მაპროვოცირებელი).
მარსი-ურანის კვადრატი მიანიშნებს ავარიულობის მაღალ ალბათობაზეც. ამიტომ მარტის პირველ ნახევარში ყველაზე მაქსიმალური წინდახედულება და სიფრთხილე სჭირდება. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვისი საქმიანობაც უკავშირდება სიჩქარეს, ხიფათს, ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობას, ცივ თუ ცეცხლსასროლ იარაღს. ამ პერიოდში ურთიერთობებში რეკომენდებულია მოთმინება და ტაქტიანობის გამოჩენა.
ძალიან საინტერესო იქნება მარტის მეორე ნახევრიდან პლანეტა იუპიტერის შეერთება ურანთან. რაც მიანიშნებს სხვადასხვა ტიპის ზრდაზე, განვითარებაზე, დადებით ცვლილებებზე და სასიკეთო რეფორმებზე (ეს მოხდება როგორც პიროვნულ, ისე გლობალურ დონეზე). ყველა ის დამუხრუჭება, რეგრესი თუ იმედგაცრუება, რომელიც საგრძნობი იყო თებერვალსა და მარტის პირველ ნახევარში, მარტის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა გამოსწორდება და აპრილში კიდევ უფრო აქტიური და ენერგიული ფორმებით გამოვლინდება. ეს იქნება ახალი წამოწყებების და ახალი პროექტების დაწყება-განვითარების პერიოდი. შესაძლოა ყველა დონეზე ვიხილოთ ახალი კავშირების დამყარება და ახალი გაერთიანებები. ეს იქნება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესში და სამხედრო საქმეში. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი ახალი პროექტი შეიქმნას სწავლასთან და თვითგანვითარებასთან დაკავშირებითაც.
მნიშვნელოვანი იქნება 25 მარტის სავსემთვარეობა და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება (რომელიც გამოჩნდება აფრიკიდან და ევროპიდან). ამ სავსემთვარეობის ღერძი მინორულ ნეგატიურ ასპექტებში იქნება ურანთან (45/135 გრადუსებში), რაც მიანიშნებს, ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღების გართულებას (ან შეუძლებლობას) და ამის გამო ცვლილებების სწრაფად და დროულად ვერ დაწყებას.
მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მზე შეუერთდება მთვარის აღმავალ კვანძს, რაც შესაძლოა საკმაოდ პროგრესული პერიოდი აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის და მათ შეძლონ მომავლის სასიკეთოდ ფორმირება.“
კომენტარები