მათთან როდის შევთანხმდებით, იცით? – ხალხის არჩევანის გარეშე თუ მისცემ ხელისუფლებას. სხვანაირად მათთან ვერ შეთანხმდები. ან ლგბტ პროპაგანდას დასაშვებს გახდი ბოლომდე, ვეტინგს დაუშვებ. მათი პატრონების ნებას თუ დაჰყვები, ისე შეთანხმდები, სხვანაირად ვერა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
„სანამ „ნაცმოძრაობას“ არ მისცემ [ძალაუფლების] ბერკეტს, გააკრიტიკებენ ყველაფერს. ვეტინგის თემაც ხომ ეგ არის, ხომ დამტკიცდა. რაღაც არის სწორი, აპრობირებული. ამ სწორი პრაქტიკისგან აცდენილად გვეუბნებიან, რომ ევროპის ქვეყნებში რა არის, იმას დავანებოთ თავი და გავაკეთოთ სხვანაირად, პარლამენტში მივიღოთ 90 ხმითო. პარლამენტში 90 ხმით მიღება რას ნიშნავს – ბერკეტი უნდა მისცე „ნაცმოძრაობას“ და აარჩევინო ანტიკორუფციული [სამსახურის ხელმძღვანელი]. მერე დანიშნავს ვიღაც გიგაურს, ან ხაზარაძეს, ან ჩვენ გარეშე ვერ დანიშნავს და საერთოდ არ დაინიშნება [ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი], ინსტიტუტი ჩამოიშლება და იტყვის, რომ ინსტიტუტი ვერ მუშაობსო, ან დაგაშანტაჟებს, რომ ინსტიტუტი რომ არ ჩამოვშალო, ჩემი ადამიანი აირჩიეო. ჩვენ რაზე უნდა შევთანხმდეთ ხალხო, ამერიკულის პირდაპირ ნათარგმნზე [კანონზე] ამბობდნენ, რუსულიაო და ჩვენ ვამბობდით ამერიკულიაო. მათთან როდის შევთანხმდებით, იცით? – ხალხის არჩევანის გარეშე თუ მისცემ ხელისუფლებას. სხვანაირად მათთან ვერ შეთანხმდები. ან ლგბტ პროპაგანდას დასაშვებს გახდი ბოლომდე, ვეტინგს დაუშვებ. მათი პატრონების ნებას თუ დაჰყვები, ისე შეთანხმდები, სხვანაირად ვერა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები