საინიციატივო ჯგუფი, “ბახმაროს გადასარჩენად” პრემიერს მიმართავს:
საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით შევიტყვეთ კომპანია „ორბი ბახმაროს“ მიერ გიგანტური მშენებლობის შესახებ დაბა ბახმაროში. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული და არავითარი კონსულტაცია/საჯარო განხილვა არ გამართულა, ჩვენ შევისწავლეთ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია (ნაწილობრივ ხელმისაწვდომი) და დარგის პროფესიონალებთან ერთად გაგვიჩნდა არაერთი მწვავე შეკითხვა (დეტალურად გთხოვთ იხილოთ დანართი #1).
ჩვენი აზრით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი შეცვლის ბახმაროს ავთენტურ ლანდშაფტს და სრულად დაუკარგავს კურორტს უნიკალურობას, ასევე შექმნის სხვა მრავალ გარემოსდაცვით თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემას. აქვე გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის არარსებობის მიუხედავად კომპანია „ორბი ბახმარომ“ უკვე გააჩაღა აქტიური სარეკლამო კამპანია და ყიდის ჯერ კიდევ უნებართვო პროექტის/შენობის ფართებს. კომპანია „ორბი ბახმარო“ საჯარო განცხადებებში ხშირად ცვლის პოზიციებს, ასახელებს სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ რიცხვებს, მალავს ჩატარებულ კვლევებს, მხოლოდ საკუთარი ინტერესის შესაბამისად აკეთებს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმის ინტერეპრეტაციას. პროექტის მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კომპანია გაურბის ნებისმიერ დიალოგს და შესაბამისად გამორიცხავს კონსენსუსის შესაძლებლობას.ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ წევრები, თვალს ვადევნებდით რა თქვენს ჩართულობას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტის შემდგომ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, ახლაც პირადად ჩაერთოთ ადგილობრივ მოსახლეობას, მისი ინტერესების დამცველ ექსპერტებსა და აქტივისტებს და კომპანია “ორბი ბახმაროს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მედიაციის პროცესში. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა და არაერთი საჯარო თუ წერილობითი მიმართვისა, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ უწყებებთან და კომპანიასთან კომუნიკაცია. პროცესს ართულებს ისიც, რომ აღნიშნული სახელმწიფო უწყებები არღვევენ კანონს და არ გვაწვდიან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას. ასევე გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროექტის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურების მართლზომიერების საკითხი.
ბატონო ირაკლი! იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებთ ჩვენს არგუმენტირებულ თხოვნას და ფართო საზოგადოების ინტერესს, რასაც ადასტურებს პეტიციაზე 5000 მოქალაქის ხელმოწერა და არ დაუშვებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, უზრუნველყოფთ საჯაროობის, გამჭვირვალობის და რაც მთავარია საზოგადოებისა და ქვეყნის საერთო ეროვნული მასშტაბის ინტერესის დაცვას – ბახმაროს უნიკალურობის გადარჩენა-შენარჩუნებასა და მის სწორ, შესაბამის განვითარებას.
კომენტარები