გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
ექთნები, მუდამ, ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მაშინაც კი, როცა მშვიდობაა.
ისინი, თავიანთ საქმეს, უხმაუროდ და აფიშირების გარეშე აკეთებენ.ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მათ ვერავინ ამჩნევს, თუმცა, ყველა პროფესიონალმა დასტაქარმა იცის, გვერდით მოწყალების და რომ არ ჰყავდეს, ვერაფერს გახდება!
დიახ, ყველა, ვინც მედიცინაში ოდნავ მაინც ერკვევა, აღიარებს, რომ პროფესიონალი სამედიცინო მანიპულაციების წარმატების გარანტიად ექთნები ითვლებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისინი ყველა ხელისუფლებას ავიწყდება!აი, მაგალითად, ავიღოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონულ საავადმყოფოში, 70-80-იან წლებში, 960 მედპერსონალი მუშაობდა, აქედან, 500 ექთანი იყო. 1997-2000 წლამდე კი 500 ექთნიდან 200 ექთანი შემორჩა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკებს.
დღეს კი, როგორც კვლევები ადასტურებს, ექთნები, ან საერთოდ არ არიან და თუ არიან ისიც თითო ოროლა.
წალენჯიხის ოთხსართულიან საავადმყოფოში, რომელიც 3 ჰექტარზეა გაშენებული და სხვათა შორის, უკვე „ევექსის“ საკუთრებაა, გინეკოლოგიური კაბინეტი არ არსებობს! ქირურგი კი კვირაში ორჯერ მოდის და ეს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები, თუ ექთნები სხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულნი!
ამასაც თავი რომ დავანებოთ, წალენჯიხას რეანომობილიც არ ჰყავს. მართალია, ამ თემაზე წალენჯიხის მერის მოადგილემ და ადგილობრივებმა პეტიცია შეადგინეს და თბილისში, შესაბამის უწყებაში, ანუ ჯანდაცვის სამინისტროშიც გაგზავნეს, მაგრამ რად გინდათ, ხალხის ხმა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. არადა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის რომ გეკითხათ, საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა კარგად კიარა, ძალიან კარგად მიმდინარეობდა. აი, ეს „ძალიან კარგად“, მისი აზრით, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ წალენჯიხას ცოფის ვაქცინაც კი არ აქვს (ამ საკითხზე „თაიმერი“ ჯერ კიდევ, გასულ წელს წერდა).
ჰოდა, თუ ადამიანი ავად გახდება, იძულებულია, ზუგდიდში წავიდეს, ან სულაც, მეზობელი ექიმისა, თუ ექთნის იმედად იყოს.
ექთნები, უფრო სწორად, ღვაწლმოსილი ექთნები კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაერთია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ექვსი ექთანი 100 წელსაა მიტანებული, 112 პენსიონერია, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში კი სულ 25 სასწრაფოს მედდაა.
ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ოდესმე დადგება დრო, როცა ექთნებს სახელმწიფო სათანადოდ დააფასებს. მანამდე კი, სანამ ცენტრალური ხელისუფლება ამ პროფესიის ადამიანებს გაიხსენებს, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა ზემოხსენებული მედდა 8 მარტს საჩუქარს მიიღებს.დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ცხადია, 100 ლარი არაფერია, მაგრამ წალენჯიხის მერია, ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ასეთი მცირედი საჩუქრით გაულამაზებს. საერთოდ, მთავარი თანხის რაოდენობა კი არა, დაფასებაა, ანუ ჩვენს ღვაწლმოსილ ექთნებს გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი ახსოვთ, რომ მათ შრომას პატივს სცემენ და აფასებენ!
ასე რომ, ძვირფასო ქალბატონო ექთნებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! იყავით მუდამ ასეთი მოტივირებულები და ბრძოლისუნარიანები, გქონდეთ შემართება, რადგან ავადობასა და სიკვდილზე გამარჯვება, თქვენს გარეშე – წარმოუდგენელია!
კომენტარები