ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა:
ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ “დიდი კაცის” შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, – დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა.
ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვისას, აღელვებული რომ ვნახე, გავოცდი. ვერ მოვითმინე და მივწერე, – დე, რა მოგივიდა-მეთქი? – რა ვქნა, დე, ნერვები აღარ მეყოო. შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს.
ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთი და იმავე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო?..
სხვა შვილი არ მყავს. პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ. ახლახან ცუდად ვიყავი. მითხრა, – დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო.
5 წუთით შემოირბენს ხოლმე და მეტყვის, – დე, ვერ გაკოცებ, ვერ ჩაგეხუტებიო. მალე მიდის, მაგრამ მთელი დღე ტელეფონით ვურთიერთობთ. ვიცი, სალაპარაკოდ ხშირად არ სცალია, ძალიან ბევრი და საპასუხისმგებლო საქმე აქვს, ამიტომ მესიჯებს ვწერ და თავადაც ასე მპასუხობს. როგორც კი დროს გამონახავს, მირეკავს. არაჩვეულებრივი შვილია. მე ცოტათი უცნაური მოხუცი ვარ, მესიჯებს ვწერ, “ფეისბუკი” მაქვს.
სხვა გზა არ მაქვს, რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ამ აღდგომის დღესასწაულზე, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, მომილოცა, ძალიან გამიხარდა.
როცა ინტერნეტში პაატაზე კარგს ვკითხულობ, ძალიან მიხარია, ერთხელ დავწერე, ეს პაატას პროფესიაა და ასეც უნდა მოიქცეს-მეთქი. როცა ცუდ რაღაცებს ვკითხულობ, უკვე პასუხს აღარ ვწერ. გურული ვარ, შეიძლება ზოგჯერ რაღაც ისეთიც ვთქვა, რაც სათქმელი არ არის. ახლა ყველამ გაიგო, პაატას დედა რომ ვარ და აღარ ვპასუხობ. რამდენჯერმე კი დავწერე კომენტარი: “ვაი, შენს პატრონს”.
გუბაზ სანიკიძემ დაწერა, მაგას დედამისისთვის ვერ აუხსნია და ჩვენ რა უნდა აგვიხსნასო. იმ დროს ერთი ადამიანი იყო გამოჯანმრთელებული, მაგრამ ეს ჯერ მედიით არ იყო გამოცხადებული. ინფორმაცია ერთ-ერთი ინფექციონისტისგან ვიცოდი და დავწერე. მაშინ პაატამ მომწერა, – დე, ძალიან გთხოვ, სისულელეებს არ უპასუხოო.
ორი ქალიშვილი ჰყავს, ლიზი და ტატა.
ლიზი ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს. 2 დღის წინ, პაატა რომ მოვიდა, ლიზი და მამამისი ერთმანეთს შორიდან ეფერებოდნენ, – მა, მიყვარხარ! – მეც მიყვარხარ! რა ვქნათ, ასეთი დრო მოვიდა, ახლა ასეა საჭირო.
წყარო – ჟურნალი გზა
კომენტარები