ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს სახელად „ახალი“. გვარამია „ნაცმოძრაობის“ გენპროკურორის მოადგილე, იუსტიციისა და განათლების მინისტრი იყო, ბოლოს „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტი ტელევიზიის შეფი, ნიკა მელია კი მთლად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. რა არის იმ პარტიაში ახალი, რა უნდა გააკეთონ ისეთი, საკუთარი წარსული, „ნაცმოძრაობის“ დამღა მოიშორონ და მართლა რაღაც ახალი შესთავაზონ ამომრჩეველს?
– ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა, პარადოქსია, რასაც გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე იყო – მელიას ნაკლებად აქვს ეს პრობლემა, ვიდრე ნიკა გვარამიას. კი, მელია ასოცირებულია „ნაცმოძრაობასთან“, ამ პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, წინა რამდენიმე არჩევნებზე სერიოზული ბრძოლა გაუმართა „ქართულ ოცნებას“. მელია არ ყოფილა წინა ხელისუფლების ისეთ თანამდებობაზე, სადაც ძალადობაში ყოფილიყო გარეული, ნაკლებად იკრავს „ნაციონალების“ კომპრომატებს, რის დისტრიბუციასაც მუდმივად ახდენს ხელისუფლება. გვარამიას უფრო აქვს ეს პრობლემა. მის ორგზის მინისტრობას თავი რომ დავანებოთ, პროკურატურაში მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც პროკურატურა, ფაქტობრივად, სადამსჯელო ინსტრუმენტი იყო იმ ხელისუფლების ხელში. დღეს უკვე როგორი ვითარებაა იცით? იმ ამომრჩეველზე, რომელთანაც უნდა იმუშაოს ამ ახალმა პარტიამ, რაც შეუძლია, მუშობს. ცხადია, მათ ყველა ხმას არ მისცემს, ბევრი ადამიანია, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, ორივე ლიდერის წარსულს დღემდე კომპრომატად აღიარებს, მათი მხარდამჭერი ეს ხალხი ვერ გახდება, მაგრამ არიან ადამიანები, მათ შორის „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული ელექტორატი, რომელიც ახალ პარტიას ხმას მისცემენ. გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლებათ გადაუწყვეტელ ამომრჩეველშიც. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებენ, როგორ პროპაგანდისტულ ხაზს ააწყობენ და რამდენად დაარწმუნებენ ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, რომ მართლა რაღაც სიახლის მოტანა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში.
– ჩემი აზრით, უფრო „ნაცმოძრაობას“ წაართმევენ ხმებს, ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიღებენ.
– არა, მაგას დაბეჯითებით ნუ იტყვით. ნიკა გვარამიაზე არ ვისაუბრებ, გამიჭირდება რამის თქმა. ჯერჯერობით, მას პოლიტიკოსადაც ვერ აღვიქვამ. ელექტორალური თვალსაზრისით, მის პოტენციალს ვერ ვხედავ. ნიკა მელია კი ქართულ პოლიტიკაში ერთგვრად უნიკალური მოვლენაა, ასეც შეიძლება ითქვას. აგიხსნით, რატომ. იმიტომ, დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ არ შეუძლიათ ამომრჩეველთან მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ძირითადად მონოლოგის რეჟიმში ესაუბრება ხალხს და ვერანაირი ინტერაქტივი ვერ შედგა ხალხთან. მელია არის ადამიანი, რომელსაც ეს უნარები აქვს და ხალხთან ურთიერთობა, მათი დარწმუნება დისკრიდიტირებული „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციიდანაც კი მოუხერხებია. შესაბამისად, თუ მელია ამ დინამიკას აკრეფს, მას შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მოიზიდოს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მელია დინამიურია, ხალხში კეთილგანწყობას იწვევს, შეუძლია ბევრი შეხვედრა ჩაატაროს და აქვს ხალხში კეთილგანწყობის მოპოვების უნარი. ეს ენერგეტიკა მას აქვს და ამან შეიძლება თავისი ეფექტი გამოიღოს. ნიკა მელიას რესურსით მოპოვებული ხმები, ცხადია, პარტიულ ყულაბაში წავა.
– თქვენ უშვებთ იმ ვარიანტს, რომ არჩევნების წინ პრეზიდენტი გადადგეს, ან საკუთარი პარტია შექნას ან რომელიმე პარტიას ჩაუდგეს სათავეში?
– არა, ამის გაკეთება არც არის აუცილებელი. როდესაც პრეზიდენტის როლზე ვლაპარაკობ, მას შეუძლია ინსტიტუციონალური როლი ითამაშის ამ ყველაფერში. არაპირდაპირი გზავნილებით შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური კონიუქტურის გახსნას. ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს, შეუძლია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. საკუთარი არჩევანის იდენტიფიცირება კი არ უნდა მოახდინოს, არამედ მოახდინოს ამ „ნაც–ქოცებს“ მიღმა არსებული რეალური ოპოზიციის პოპულარიზაცია ისე, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებსა და პარტიებზე არ ისაუბროს. გარდა ამისა, გარკვეულწილად კონკურენტული სივრცის გახსნისთვისაც, მას შეუძლია სერიოზული ნაბიჯები გადადგას. ამასთანავე, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკური პროცესის ლოგიკამ პრეზიდენტი მიიყვანოს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უშუალოდ, კონკრეტულად ჩაერთოს თამაშში.
– ცოტა ხნის წინ, ახალი პრორუსული პარტია „ქართველების ერთობა“ დაფუძნდა, რომელსაც მერაბ ჭიქაშვილი ჩაუდგა სათავეში. ეს პარტია კავშირშია ეფესბეს აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან. პარტიის საერთაშორისო მდივანი კი მამუკა ფიფიაა, რომელიც ჩვენში სკანდალურად ცნობილ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მეგობარია. რა შანსი აქვთ?
– ნებისმიერი რუსული ძალა არის ხელისუფლების პარტნიორი. თუ ეს პარტია შევა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მოკავშირე იქნება. „ქართული ოცნება“ რუსულ მოდელზე მოქმედი პარტიაა. პრორუსულ ფლანგზე ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისაა და მასზე კარგს ვის მოიყვანს რუსეთი? ვერც ვერავის, რადგან რასაც რუსეთი ეუბნება, ყველაფერს უსიტყვოდ უსურვებს.
– ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდა გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც უკრაინის პროკურატურის წარმომადგენელი. ამაზე დიდი ამბავი ატეხა ხელისუფლებამ, რა უნდოდა ბუნდესტაგში მსჯავრდებულ ადეიშვილსო და გერმანიისა და ბელგიის მთავრობებს მისი ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ადეიშვილი ციხეში უნდა იჯდეს, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მუდამ უკრაინასთან კონტექსტში რატომ ახსენდებათ და სხვა ძებნილების გადმოცემას რატომ არ ითხოვენ, თუნდაც დათა ახალაიას და ამირან მესხელისას?
– რა ვიცი, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მრჩეველი როცა იყო, მაშინ არ მოუთხოვნიათ უნგრეთისთვის მისი ექსტრადირება. სამართლიანობის აღდგენა არ აიტერესებს ჩვენს ხელისუფლებას, შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. ისევ ვიღაცის, რაღაცის დემონიზაცია ხდება. თან ევროსკეპტიციზმის დანერგა ხდება, ევროპელები მამაძაღლები არიან, ჩვენს ძებნილებს მაღალ ტრიბუნას აძლევენ. ეს არის რუსული თამაშის ნაწილი. იმ გერმანიაში ადეიშვილი ჩასული იყო, როგორც უკრაინის წარმომადგენელი, რუსეთ–უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ახლა, ამის პასუხად რაღაც უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას, რუსეთი რომ ესიამოვნებინა და ეს მოიფიქრეს, სხვა ვერაფერი.
კომენტარები