vestikavkaza-ს ინფორმაციით, აფხაზეთში დელფინების და იხვების მასობრივად დახოცვის ფაქტები დაფიქსირდა.
ზღვამ ხუთი დაღუპული დელფინი ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას წყლებში გამორიყა სანაპიროზე, ხოლო მკვდარი იხვები, ასევე ოჩამჩირის სანაპიროსა და სოხუმის ყურეში დააფიქსირეს.
საოკუპაციო რეჟიმის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარის, საველი ჭითანავას განცხადებით, დელფინები სათევზაო ბადეში გახვევის შედეგად დაიხოცნენ, რასაც მათი კუდის, მუცლისა და ზურგის ფარფლების თვალსაჩინო დაზიანება მოწმობს. სათევზაო ხელსაწყოების აღმოსაჩენად და მათი მფლობელების იდენტიფიცირებისთვის გამოძიება მიმდინარეობს.
რაც შეეხება იხვების მასობრივ დაღუპვას, უწყების განცხადებით, მიზეზი გრიპის უაღრესად მაღალპათოგენური H5 ქვეტიპის, ანუ ფრინველის გრიპის რიბონუკლეინის მჟავაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ ფრინველის მასობრივი დახოცვის ფაქტი თებერვლის ბოლოს, აფხაზეთის გარდა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, ანაპასა და გელენჯიკში დაფიქსირდა, თუმცა რუსი ექსპერტები მაშინ ფრინველის გრიპის არსებობას გამორიცხავდნენ.
კომენტარები