ანი დვალიშვილი
რას უნდა ველოდოთ ახალს „ახალი“-სგან? არც არაფერს, რადგან, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს პარტია ზუსტად ისევე წაართმევს ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც „ხალხის ძალა“ დაჯდება „ქართული ოცნების“ ხმებზე. წლებია, არაერთი ექსპერტი თუ რიგითი ადამიანი ამბობს, „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთ თამაშს თამაშობენ და ერთნაირად იქცევიანო და აგერ, ფაქტია – ორივემ შემქნა ისეთი პარტია, რომელსაც იძულებული იქნება, არჩევნებზე ხმები გაუყოს. რას მოიგებს ამით ან ერთი, ან მეორე, ან მოიგებს თუ არა რამეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ „ოცნება“ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადებოდეს და ეს მთავრობა სწორედ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან ერთად გააკეთოს, მაგალითად, კვლავ მინისტრად ვიხილოთ სოზარ სუბარი. რეალურად, ყველა ხვდება, რომ ლამის სრულად ელექტრონული არჩევნების შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია და ეს იმის მიუხედავად, რომ არის პატარ-პატარა ეშმაკობები, რომლითაც ელექტრონული არჩევნების გაყალბებაც კი იქნება შესაძლებელი, ოღონდ არა იმ მასშტაბებით, როგორიც აქამდე ჩატარებული არჩევნების დროს იყო.
არჩევნები არჩევნებად და, ისინი, ვინც ხვდება,რომ ირაკლი კობახიძის ხელში თანამდებობაზე ყოფნის დიდი დრო არ უწერია, ან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ვერც ამ და ვერც მომავალ საარჩევნო წელს ვერაფერს დაიწერენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვა-გლეჯვაზე არიან გადასული და ცდილობენ, იმდენი იშოვონ, კარგა ხანს ხელის განძრევა რომ არ დასჭირდეთ. როგორც გვეუბნეებიან, ამ თემაზე, ჩვენს გარდა, სამართალდამცავებიც აქტიურად მუშაობენ და მალე, დაჭერების სერიაც დაიწყება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არ იყოს მსხვილფეხობა, მაგრამ მუნიციპალიტეტებში სამსახურების უფროსები და რეგიონებში გუბერნიის თანამშრომლები, პატარა რგოლი მაინც არ არის.
მიმდინარე კვირა სასესიოა და დეპუტატები კვლავ გაილაღებენ. უფრო ზუსტად, ოპოზიცია ტონს გაამკაცრებს, უმრავლესობა – არაფერს დაუთმობს და ახლა პარლამენტარებს უმკაცრესი მითითება აქვთ, ახლადარჩეული პრემიერი აუგად არ უნდა ახსენონ. საქმე ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღლა და გარკვევით თქვა, კორუფციულ გარიგებებში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ვერ დავინახე, ვერც ვერავინ დაინახა (ალბათ, სუს-ს გულისხმობდა) და პრემიერადაც იმიტომ დავნიშნე, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქმე აკეთოს და არა თავის სამეგობრო-საძმაკაცოს კეთილდღეობაზე იფიქროსო. ივანიშვილს ეს შემთხვევით არ უთქვამს, კობახიძეს დავალება აქვს, საარჩევნოდ სწორედ მისი წინამორბედის გარემოცვა „გააკულაკოს“ და საარჩევნო ფულით პარტიული ხაზინა სწორედ ღარიბაშვილის სანათესაო-სამეგობრომ უნდა შეავსოს. რეალურად, ისინი ამის წინააღმდეგი არ არიან, მთავარია, ციხეს გადაურჩნენ, მაგრამ ესეც ყველასთვის არ გამოვა და ივანიშვილის მითითებით, თუ საჭიროა, არა ერთ და ორ ადამიანს, სამაგალითოდ დასჯიან. ჩვენი ინფორმაციით, კობახიძემ იმ დახურული ბრძანებების შესწავლა დაიწყო, რომელიც ღარიბაშვილმა გამოსცა და რომელიც საჯარო არ არის. ეჭვი გვაქვს, ყველა ბრძანებაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ივანიშვილი და შემდეგ, სწორედ ის გადაწყვეტს, როგორი რეაგირება უნდა იყოს ამ ყველაფერზე. ისე, თუ ატყობთ, ბოლო დროს, საერთოდ აღარ ახსენებენ ირაკლი შოთაძეს, კაცს, რომელიც კონკრეტულად ივანიშვილის უერთგულეს კადრად ითვლება და საჭირო დროს, მის მითითებას უსიტყვოდ შეასრულებს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ ემზადება მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადასაყვანად. ვივა მედის კლინიკა პრაქტიკულად მის ოფისად იქცა და იქ ვიზიტორების რიცხვიც გამრავლდა. თანაც, მიდმივი ბადრაგირება სახელმწიფოს იაფი ნამდვილად არ უჯდება და ბადრაგის გარდა, იქვე, ახლოს, სპეც-დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრიც მორიგეობს, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ მიშას მხარდამჭერებს მოულოდნელად კლინიკის შტურმის იდეა გაუჩნდებათ, ის სპეცრაზმელები დამხმარე ძალის მოსვლამდე, ხალხის შეჩერებას მოახერხებენ.
ქართული მცირე ბიზნესი კი, ტირილთან ერთად ნელ-ნელა სულს ღაფავს. ვაღიაროთ – საქართველოში ჩამოსული რუსების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი, აქ დარჩა და ისინი არსად წავლას არ აპირებენ. საუბარია, დაახლოებით 7-10 ათას ოჯახზე, რომლებმაც საქართველოში ბინებიც იყიდეს და თუ საკუთარი ბიზნესი არ გახსნეს, ადგილობრივებისგან იქირავეს და იმას ამუშავებენ. შედეგად, რესტორნების და სასტუმროების ის ნაწილი, რომელიც რუსების ხელში გადავიდა, მთლიანად რუსულ სეგმენტზე მუშაობს და რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ლამის 90%-ს სწორედ ისინი ემსახურებიან. იგივე მოხდა ავტოდილერების შემთხვევაშიც, რუსებმა რუსთავში ფართები იქირავეს და პრაქტიკულად, ავტობაზრობაზე ცხოვრობენ. ახლა, დილერები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ავტომობილების ჩამოყვანაზე ლიცენზიები შემოიღოს (ადრე, ამის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ) და რაც მთავარია, ლიცენზიები მხოლდო საქართველოს მოქალაქეებზე გაიცეს. ერთი შეხედვით, ეს გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთის მოქალაქეები ლიცენზიას ადგილობრივ მოქალაქეზე აიღებენ, თვეში 200-300 დოლარს გადაუხდიან და მშვიდად გააგრძელებენ მუშაობას. ეს დაახლოებით ის ვარიანტია, თეთრი ავტომობილების მფლობელები ტაქსის ლიცენზიას რომ იღებდენ, „ბასლაინზე“ უპრობლემოდ რომ ევლოთ…
საქსტატის ცნობით, გასულ წელს, საქართველოში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და წელს ეს ციფრი თუ არ გაორმაგდება, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასაც ძალიან გაუჭირდება. მთელი იმედები, ანაკლიის პორტზეა დამყარებული, მაგრამ ეჭვი გვაქვს, სწორედ ანაკლიის პორტი იქნება ის თემა, რომელზეც ოპოზიციის გარდა, ამერიკელი პარტნიორებიც აყვირდებიან. საქმე ის გახლავთ, რომ კულუარულად (როგორც გვეუბნებიან) უკვე გადაწყვეტილია, რომ ტენდერს ჩინური კომპანია მოიგებს, ამერიკელებს კი, საკუთარი ინტერესები აქვთ და მარცხს მარტივად არ გაატარებენ. ოპოზიცია ამის გამოყენებას საარჩევნოდ შეეცდება, მაგრამ რომელ არჩევნებზეა საუბაარი, როცასაქმე რამდენიმე მილიარდს და სტრატეგიულ ობიექტს ეხება. ამერიკელებმა კარგად იციან, რომ ჩინელები უფრო რუსებს გაუგორებენ კოჭს და რაც მთავარია, ქვეკონტრაქტორად მათ სწორედ რუსული კომპანიის შემოყვანა სურთ, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება თვალს დახუჭავს, აქაოდა, ჩვენ რა უფლება გვაქვს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მითითებები მივცეთ, როგორ იმუშაოსო. აი, რუსები ჩინელების სახელით თუ ააშენებენ ანაკლიის პორტს, ეს ამერიკისთვის სერიოზული მარცხი იქნება. ზოგადად, დასავლეთი კარგად ხედავს, რომ არამარტო საქართველოს, არამედ რეგიონში ვყელა სახელმწიფოს კარგავს და ამიტომაც არის, იანს სტოლტენბერგი სასწრაფო წესით რომ ჩამოვიდა სამივე რესპუბლიკაში და სამივეგან შეეცდება ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ნატოს კარი ღიაა. ნატოს საიმედოობასა და მუდმივად გაღებულ კარში უკვე ყველას სერიოზული ეჭვი შეაქვს და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინელებს გასაგებად უთხრეს, რომ ისინი ნატოსთვის ჯერ მზად არ არიან და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ალიანსის წევრობაზე არც უნდა იფიქრონ.
კომენტარები