დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივანე ბურდული:
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება (ცესკო) პასუხისმგებლობას იხსნის და ამ პროცესს პროცედურებს, ვადებს და კანონმდებლობას უკავშირებს.
პრობლემაში ასევე ადანაშაულებენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და მიმართვიანობას იმიზეზებენ.
ყველა და ყველაფერია დამნაშავე, გარდა ცესკოსი, მაგალითად აღმოჩნდა რომ ინფორმაციას, თურმე, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო იძლევა დროულად და ზუსტად.
რეალურად რატომ არ უნდა ქართულ ოცნებას (ცესკოს)
უბნების დამატება საზღვარგარეთ?
1. არსებობს მოლდოვის მაგალითი, სადაც 100 საარჩევნო უბანი დაამატეს და სწორედ საზღვარგარეთ მყოფებმა გადაწყვიტეს სახელმწიფოს ბედი, ოპოზიციის სასარგებლოდ;
2. ქართული ოცნება (ცესკო) დარწმუნებულია იმაში, რომ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა ოპოზიციურია;
3. ცესკო – იგივე ქართული ოცნებაა.
დავუბრუნდეთ მოლდოვის მაგალითს, სადაც საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობა 50-დან 146-მდე გაიზარდა, სამთავრობო პარტიამ პირველობა დათმო და ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიბარა.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოზე ნაკლებია (მოლდოვა 3,200,000 – საქართველო 3,500,000) საზღვარგარეთ არსებული უბნების რაოდენობა ჩვენზე დაახლოებით 100-ით მეტია.
ეს ნათლად ადასტურებს, თუ რამდენად არასაკმარისია ჩვენთან ეს უბნები და რამდენი ემიგრანტი ამომრჩეველი რჩება ხმის მიცემის გარეშე.
პროცედურულად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის შესაქმნელად საჭიროა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა (საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ონლაინ) და კონკრეტულ ტერიტორიაზე მყოფი მინუმუმ 50 ამომრჩევლის არსებობა. ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული, რადგან ხშირ შემთხვევაში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა პრობლემურია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადახვეწილი ადამიანებისთვის და სწორედ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პრობლემით იმართლებს თავს ცესკო.
მას შემდგეგ, რაც უბანი შეიქმნება, შესაძლებელია უკვე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის გარეშე, საარჩევნო უბანზე მისვლით (არა ონლაინ) გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია.
რას ნიშნავს ეს? ამომრჩეველს ფაქტობრივად ვაიძულებთ, რომ საკონსულო აღრიცხვა გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბანი არ იქმნება.
თუმცა კანონმდებლობის თანახმად, უკვე შექმნილ საარჩევნო უბანში, საკონსულო აღრიცხვის გავლის გარეშე ვაძლევთ ამომრჩეველს საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლებლობას.
საარჩევნო რეგისტრაციაც უცნაურადაა მოწყობილი, ამომრჩეველს ვაიძულებთ რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკურად მივიდეს. ანუ, უნდა მოწყდეს თავის საქმეს, გაიაროს ასობით კილომეტრი საარჩევნო რეგისტრაციისთვის რათა მოხვდეს სიაში, და ამის შემდგომ კიდევ მეორედ უწევს არჩევნების დღეს იგივე ტერიტორიის გავლა და ხმის მიცემა.მოკლედ, პროცედურები იმდენად ბარიერული და დამაბნეველია, რომ შედეგად ვიღებთ საზღვარგარეთ მყოფთა მხოლოდ 1-2%-იან აქტივობას. სწორედ ესაა ქართული ოცნების (ცესკოს) მიზანიც.
რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ (ცესკომ) ამ პრობლემის მოსაგვარებლად? რათქმაუნდა არაფერი! მათი განმარტებით, პრობლემა ხან პროცედურებშია, ხან კი ვადებში, შედეგი კი ერთია – ჩვენი თანამემამულეების კონსტიტუციური უფლების განხორციელების გარეშე დატოვება.
გადავხედოთ ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდს, ფეისბუქ ნიუსებს, რა საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ, ან რა აქტივობებს ახორციელებენ იმისათვის, უფრო მეტმა ადამიანმა მისცეს ხმა საზღვარგარეთ, რომ შეუმსუბუქდეს ტვირთი ჩვენს თანამემამულეებს და არ მოუწუით ხმის მიცემის გამო ათასობით კილომეტრის გავლა, რომ მათაც სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი? – სამწუხაროდ, ცესკოს ამგვარ აქტივობებს ვერსად შეხვდებით.
პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება,
გამოსავალი რამდენიმეა:
1. საარჩევნო რეგისტრაციის გავლა ცესკოს ვებ.გვერდზე. შედეგად ეს არ იქნება იძულებითი საკონსულო აღრიცხვა და ცესკოსაც მარტივად შეეძლება განსაზღვროს რომელ ქვეყანასა და ქალაქში რამდენი საარჩევნო უბანი უნდა გახსნას.
2. დისტანციური არჩევნები საზღვარგარეთ მყოფთათვის.
კომენტარები