ჩვენ აქ ძალიან კატეგორიულები ვართ. მუქარას არ ვაპირებთ, ნამდვილად. ჩვენ შესაბამისი ტონი გვაქვს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის საელჩოსადმი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა:
„ერთი მხრივ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს, მეორე მხრივ, ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ქართველი მოსამართლეების უსაფუძვლო სანქცირება წარმოშობს სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს. მათ შორის სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას.
მაგალითად, 1 ყოფილი და 3 მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. თავად თქვა ამ ადამიანმა, ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ ადამიანი, მოსამართლე ხარ, კეთილსინდისიერად ასრულებ შენს მოვალეობას და ისეთი ბულინგია შიგნით თუ გარეთ დაფინანსებული, „დაბუსტული“, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად. ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში და უნდა დავიცვათ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ამიტომ, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს ცრუ აგრესიას, მათ შორის მოქალაქეებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა აშშ-ის წინა ელჩის, კელი დეგნანის პირობებში ვერ შესრულდებოდა.
„მგონია რომ ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ქალბატონი დეგნანის პირობებში ეს არ შესრულდებოდა, იმიტომ, რომ ქალბატონ დეგნანს, როგორც ჩანს, სხვა მოტივაციები ჰქონდა – პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, რაც ნამდვილად არ ჩანს ქალბატონი დანიგანის პირობებში. დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ თქვენ წინაშე წინა ელჩს და ასევე აღვნიშნავ ძალიან გულწრფელად, რომ მოქმედ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ მსგავსი კითხვები ნამდვილად არ გვაქვს, რადგან მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული. ვინც გასაკრიტიკებელია, იმას გავაკრიტიკებთ, ვისი დამოკიდებულებაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი და შესაბამისი მეგობრობასთან და შესატყვისი პარტნიორობასთან, ამას შევნიშნავთ, დავუფასებთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ჩვენი წარმოდგენები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“
კომენტარები